მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

რამდენად ემთხვევა გორის ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯები მოსახლეობის მოთხოვნებს - კვლევის შედეგები

„ხალხს ისეთი შთაბეჭდილება აქვს, რომ გორს ბიუჯეტი არ აქვს, იმიტომ არ აქვს, რომ არაფერი არ მუშაობს, ჩვენ გვაფინანსებენ თბილისიდან, ნუ, აი, რა უნდა მოვთხოვოთ, მე არ ვიცი“, - ეს იმ ფოკუს ჯგუფის მონაწილის კომენტარია, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის საინფორმაციო ცენტრმა“ კვლევაში მიიღო მონაწილეობა.
"სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები თანხმდებიან, რომ თვითმმართველობას არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რათა მოსახლეობის საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად უპასუხოს", - ამბობენ კვლევის ავტორები.
მოსახლეობის უმრავლესობამ (39.6%) არ იცის ამ კუთხით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, მესამედი (34.2%) ფიქრობს, რომ თვითმმართველობას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, ხოლო 18.4%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი ამ საკითხზე.
კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ გარკვეული შეუსაბამობაა გორის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ ხარჯებსა და მოსახლეობის საჭიროებებს შორის. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (56.6%) ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტი სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური დახმარება უნდა იყოს, 43.8% პრიორიტეტად სოციალურ დახმარებებს ასახელებს და მხოლოდ მესამედზე ნაკლები (30%) მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი შიდა გზების მოწესრიგებაა.
„მოსახლეობის ნახევარზე მეტის მიერ სამედიცინო მომსახურების და სოციალური დახმარების მთავარ პრიორიტეტად დასახელება რეგიონში არსებული რთული სოციალური მდგომარეობის, ასევე ზოგადად ქვეყანაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის მაჩვენებელია. შესაბამისად, მათი თქმით, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა ხელისუფლებამ არა მხოლოდ სოციალური/ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზარდოს, არამედ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე იმუშაოს და იზრუნოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად“, - ამბობენ კვლევის ავტორები.
პრიორიტეტული მიმართულებებიდან მოსახლეობა ყველაზე მეტად ისურვებდა წყალარინების (14.6%) და სასმელი წყლის (14.2%) სისტემის გაუმჯობესებას. საჭიროებებიდან გამომდინარე, განსხვავებული პრიორიტეტები აქვს სოფლის და ქალაქის მოსახლეობას. მაგალითად, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება ქალაქთან (10.1%) შედარებით სოფლის(33.5%) მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანია.
მსგავსი დამოკიდებულებაა შიდა გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებითაც. ეს საკითხი სოფლად 40.2%-ს აწუხებს, ქალაქში კი მხოლოდ 15.4%-ს. საპირისპირო მდგომარეობაა მიუსაფარი ცხოველების მოვლასთან და საცხოვრებელი გარემოს მოწესრიგებასთან დაკავშირებით.
დაზოგვასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვს ქალაქის და სოფლის მოსახლეობას. ქალაქის მოსახლეობა თანხების დაზოგვას უფრო სამხედრო სამსახურში გაწვევის (ქალაქში – 12.6%, სოფლად – 2.6%), კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის (ქალაქში – 8.3%, სოფლად – 1.4%), და სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის (ქალაქში – 8.3%, სოფლად – 2.0%) შემცირების ხარჯზე ფიქრობენ.
სოფლად მცხოვრებნი კი საჯარო რეესტრის და სხვა იურიდიული მომსახურების (სოფლად – 11.8%, ქალაქში – 6.5%), მუზეუმების (სოფლად – 13.8%, ქალაქში – 3.0%) და ბიბლიოთეკების (სოფლად – 13.1%, ქალაქში – 2.8%) დაფინანსების შემცირებას ემხრობიან.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 538 times

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი