მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე მოსწავლეებისთვის შეღავათების დაწესებას ითხოვენ

გორსა და გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები სკოლის მოსწავლეებისთვის, სამოქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადზე შეღავათის დაწესებას ითხოვენ. როგორც მოსწავლეები რადიო “მოზაიკასთან“ საუბარში ამბობენ, ხშირად ხდება, რომ მოსწავლეებს მგზავრობის ფული არ აქვთ და ამის გამო, მძღოლისგან შეურაცხყოფას იღებენ.

ეს საკითხი ერთ-ერთმა მოსწავლემ რადიო "მოზაიკას" რუბრიკაში "ხალხის" ხმა წამოჭრა. ნანი მაისურაძემ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თბილისის მერიას უნდა მიბაძოს და მოსწავლეებს საქალაქო ტრანსპორტზე შეღავათები დაუწესოს.
"ყველაზე აქტუალური პრობლემა სკოლის მოსწავლეებისთვის არის მგზავრობის ღირებულების გადასახადი. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ ვსარგებლობთ სკოლის ტრანსპორტით, ყოველდღიურად, გვიწევს სამოქალაქო ტრანსპორტით სარგებლობა და ჩვენთვის მგზავრობის საფასურის გადახდა სავალდებულოა. აქ მებადება კითხვა: იმ ადამიანებს, რომლებსაც საარსებო მინიმუმიც კი არ გაგვაჩნია და რომლებიც მთლიანად მშობელზე ვართ დამოკიდებულნი, რატომ უნდა გადავიხადოთ მგზავრობის საფასური ისე, როგორც იხდიან ზრდასრული შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი შემოსავალი აქვთ. სამწუხაროა, რომ ამ დიდი უსამართლობის მომსწრენი ვართ ყოველდღიურად, თუმცა ესეც არ კმარა. ის ბავშვი, რომელსაც ტრანსპორტის გადასახადი არ აქვს ხშირად მძღოლისგან დიდ შეურაცხყოფას იღებს", - თქვა ნანი მაისურაძემ.
მის მოთხოვნას მშბლებიც იზიარებენ. თამარ მჭედლიშვილის თქმით,კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის საფუძველზეც ქალაქს ექნება მუნიციპალური ტრანპორტის მართვის უფლება და შესაბამისად, გარკვეული ჯგუფებისთვის შეღავათების დაწესების შესაძლებლობაც.
“მშობლისთვის რთულია ყოველდღიურად ბავშვის მგზავრობისთვის ფულის გაღება. ქალაქის მასშტაბით კიდევ ცოტაა გადასახადი, მაგრამ სოფლად ვისაც უწევს მგზავრობა, ისინიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ?! იქნებ მოზარდებმა მგზავრობის ნახევარი მაინც გადაიხადონ. გორს მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის უფლება არ აქვს. ვიცი, რომ კანონში ცვლილება უნდა შევიდე, ვფიქრობ ეს ცვლილება უნდა დააჩქარონ“, - თქვა თამარ მჭედლიშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ვიდრე კანონში ცვლილება არ შევა, მათ კერძო კომპანიების საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვთ.
“მუნიციპალიტეტს აქ აქვს ტრანსპორტის რეგულირების უფლება, ესენი არიან კერძო კომპანიები და ამ საკითხში ჩარევის უფლება არ აქვს მერიას. ველოდებით კანონში ცვლილებას“, - განმარტეს მერიაში.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტს, როგორც არათვითმართველ ქალაქს, არ აქვს მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის უფლება. როგორც ერთ - ერთ საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივა წარდგენილი აქვს პარლამენტში, მართვის უფლების მიღებასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულაციებს, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.
 
 
პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.
Read 566 times Last modified on ოქტომბერი 03 2019

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი