Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი 2019 13:01

აუდიტის დასკვნის შესახებ მოქალაქეები გორის მერისგან განმარტებებს ითხოვენ

სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გორის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის შესახებ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათი აზრით, აღნიშნულ დასკვნაში მერიის მუშაობის შესახებ არაერთი დარღვევა იკვეთება, რის გამოც კონკრეტული  პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

ბაჩანა ხუციშვილი  


“სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნაში გორის მუნიციპალიტეტში იოსებ მაკრახიძის კომპანიების შესყიდვებში ყველა იმ პრობლემაზე მიუთითებს, რაზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სექტემბერში გამოქვეყნებულ კვლევაში საუბრობდა და აუდიტთან ერთად, საკითხის შესწავლისკენ სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურსაც მოუწოდებდა, თუმცა აქამდე რაიმე სახის რეაგირება ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან ჯერ არ გვინახავს. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული დარღვევები ამჯერად მაინც გახდება სამართალდამცავი სტრუქტურების ინტერესის საგანი“ , - ამბობს ბაჩანა ხუციშვილი.

________________________________________________________________________

 ლექსო მერებაშვილი 

“აუდიტის დასკვნაში ასახულია ყველა ის შენიშვნა და პრობლემა რაზეც არაერთგზის მივუთითებდით, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები. იკვეთება აშკარა კორუფციული ნიშნები. პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად აუცილებელია სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, შესაბამისი და განსაკუთრებით კი ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისათვის. საქმით უნდა დაინტერესდეს, როგორც პროკურატურის ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო. გახსოვთ, ალბათ "მოზაიკას" მიერ გავრცელებულ პირველად დასკვნაზე, გორის მერმა მოკვლევა დაიწყო, თუ ვინ გაავრცელა. გვაინტერესებს, დადებულ დასკვნასთან დაკავშირებითაც ხომ არ დაუწყია მოკვლევა და ვის წინააღმდეგ?!“, - თქვა ლექსო მერებაშვილმა.

________________________________________________________________________

ლადო ბიჭაშვილი 

"სახელწიფო აუდიტის დასკვნა, ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხიმგებლობის ნაწილად. მაგალითად, ერთი ეპიზოდი, რაც პოლონური გრანტის აუთვისებლობას ეხება, მასზე პასუხიმგებლობა მინიმუმ პოლიტიკური, უნდა აიღოს დღევანდელმა მერმა, რომელიც იმ დროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ამავე დროს მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი.  რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით ონიაშვილს, ის შენების მოძრაობის მერობის კანდიდატი იყო. პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანიას და პოლიტიკურ კინკლაობას შესწირეს ეს გრანტი. მე მახსოვს იმ დროისთვის დავით ონიაშვილი ჩემთან გადაცემებში კოსნტანტინეთავზარაშვილს ადანაშაულებდა ხელოვნური პრობლემების შექმნაში და მაშინდელ გუბერნატორს კახა სამხარაძეს. ბრალდების ადრესატები კი თავის მართლების რეჟიმში იყვნენ. მაგრამ ფაქტი ერთია, არათუ პოლონური გრანტი ვერ აითვისა მუნიციპალიტეტმა არამედ 10 ათასი ლარით იზარალა ადგილობრივმა ბიუჯეტმა”, - აღნიშნა ლადო ბიჭაშვილმა.

________________________________________________________________________

ირმა ამბარდნიშვილი

“ფაქტობრივად იგივე იყო რაც წინა დასკვნა. რეკომენდაციები იყო ჩამოთვლილი რომელიც, მერიამ და საკრებულომ უნდა განახორციელოს. რაც შეეხება ტენდერებს და სამშენებლო კომპანიებს, სატენდერო კომისიებმა განმარტებები უნდა გააკეთონ. მერია და შიდა აუდიტი შესაბამის დასკვნებს დადებს, ჩვენთვის არ მოუწოდებია შიდა აუდიტს რა რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა აქვს. ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება აუდიტის დასკვნის მომზადება და იქ წერია რომ წინა აუდიტური დასკვნის განხორციელება და შესრულება რეკომენდაციების არ მომხდარა და შესაბამისად არ მომხდარა იმ პასუხისმგებელი პირების დასჯა, რომელიც შიდა აუდიტის დასკვნაში იყო. შესაბამისად მერიამ და შესაბამისმა სამსახურმა პასუხი უნდა გასცეს , როგორც საკრებულოს ასევე მის ამომრჩეველს“, - თქვა ირმა ამბარდნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობა შეისწავლა და გამოვლენილი დარღვევები 66-გვერდიან დოკუმენტში ასახა. 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2269 times Last modified on ოთხშაბათი, 27 ნოემბერი 2019 13:25