Back to Top
ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 13:47

სტუდენტებზე მორგებული სამუშაო ადგილების დეფიციტი

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ ქარელი

 

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ სტუდენტური დასაქმება გულისხმობს მუშაობას სწავლის სანაცვლოდ და არა მასთან ერთად. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, რომ დააფინანსონ სტუდენტის სწავლა და მისი ცხოვრება სხვა ქალაქში. ამიტომაც ახალგაზრდები საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად იწყებენ მუშაობას. სამუშაო ადგილების დეფიციტი კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემაა, რაც სტუდენტების დასაქმებაზეც, ცხადია, აისახება.

 

როგორც წესი, საქართველოში ნახევარგანაკვეთიანი სამსახური არ ითვალისწინებს ისეთ ანაზღაურებას, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს სტუდენტის ცხოვრება და სწავლა, ხოლო სრულ განაკვეთზე მუშაობა შედეგად იწვევს სწავლისთვის არასაკმარის დროსა და ფორმალურად აღებულ ხარისხებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მეცნიერების კუთხით სრულ კოლაფსს გულისხმობს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტური დაფინანსება მეტად კომფორტულია და ზემოთ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მარტივ გზას წარმოადგენს, ვფიქრობ სტუდენტებს, როგორც ზრდასრულ ადამიანებს, უნდა ჰქონდეთ მოქნილი გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.

 

სტუდენტების ასაკი საქართველოში 17-დან 25 წლამდე მერყეობს, ვფიქრობ, ეს ის დროა, როცა ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარი თავი, უნდა შეეგუოს დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საკუთარი საჭიროებების თავად უზრუნველყოფას. ამასთან ერთად, დამსაქმებლის ძირითადი მოთხოვნა გამოცდილებაა, ხოლო ცოდნისა და გამოცდილების აკუმულაციურად მიღება, ხარისხიანი განათლებისა და პროფესიონალი კადრის შექმნის წინაპირობაა.

 

საბოლოოდ, ვფიქრობ ქვეყანაში აუცილებელია რეფორმები, მათ შორის საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ანაზღაურებას გაწეული შრომისთვის.

 

აღნიშნული შეგვიძლია განვიხილოთ გერმანიის მაგალითზე, სადაც სტუდენტს ოფიციალურად კვირაში 20 საათის მუშაობის უფლება აქვს, ხოლო სტუდენტური სამსახურის ორი ტიპი არსებობს, „ნებენ ჯობ“, რაც გულისხმობს მუშაობასა და სწავლას პარალელურად და მოიცავს 20 საათს კვირაში და „მინიჯობი“, რაც კვირაში 13 საათს მოიცავს, ხოლო ანაზღაურება 450 ევროს წარმოადგენს.

 

ვფიქრობ, კვირაში 20 საათი არ არის ისეთი სახის დატვირთვა, რომელმაც შეიძლება სტუდენტს სწავლასა და განვითარებაში ხელი შეუშალოს, ხოლო მსგავსი მიდგომა ჩვენს ქვეყანაში სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის წინაპირობა იქნება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობის განათლების დონის ზრდასა და ქვეყნის განვითარებას უზრუნველყოფს.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ. 

Read 249 times