Back to Top
ორშაბათი, 18 იანვარი 2021 14:31

წარმატებული სპორტსმენი ქალები გორში - ისტორიები

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ეთო სამნიაშვილი

 

ქალებმა, რომლებმაც საკუთარი პროფესია სპორტს დაუკავშირეს, წარმატებას მიაღწიეს და ამით არაერთი სტერეოტიპი დაამსხვრიეს.

 

ვერა შავშიშვილი გორში ქალთა კალათბურთის გუნდს წვრთნის. სტუდენტობისას, ის უკვე საქართველოს ნაკრების სრულფასოვანი წევრი იყო. საბჭოთა კავშირის პირველობაზე შეჯიბრებისას, არაერთხელ მიიღო საუკეთესო მოთამაშის ტიტული. როგორც თავად ამბობს, კალათბურთით სკოლის ასაკიდან არის გატაცებული. მეცხრე კლასელი უკვე ქალაქის ნაკრებში თამაშობდა.


“უკვე 50 წელია, კალათბურთით ვცხოვრობ, სკოლაში სხვადასხვა წრე იყო. მათ შორის, კალათბურთის. ვცდილობდი ყველა წრეში აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული, მაგრამ ეს სპორტი განსაკუთრებით მომწონდა. უნდა გაგეთვალა, მოგეტყუებინა მოწინააღმდეგე და კალათში ბურთი ჩაგეგდო. ჩემს ბავშვობაში სკოლების პირველობა ტარდებოდა ხოლმე, მე კალათბურთში კარგი შედეგი ვაჩვენე და უკვე მე-9 კლასში, ამიყვანეს ქალაქის ნაკრებში. ამ პერიოდებში მივიღე ტრავმა, მუხლი ამომიგდეს, სამი თვე ვმკურნალობდი“, - ამბობს ვერა.

 

კალათბურთს 1975 წლამდე თამაშობდა. მიღებულმა მეორე ტრავმამ თამაშის საშუალება აღარ მისცა.


“პარალელურად, ვმუშაობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შემდეგ მთხოვეს, გუნდს უჭირს, გაჩერებულია ერთ კატეგორიაზე და შენი დაბრუნებაა საჭიროო. მეც დავბრუნდი. ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს და უარს ვერ ვიტყოდი. აქტიურად კალათბურთი ვითამაშე 1975 წლამდე, ვიდრე მეორე ტრავმა არ მივიღე. მე ვიყავი 18 წლის, როდესაც ნაკრებში ამიყვანეს. გორიდან ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ ქალთა ნაკრებში ვინმეს ეთამაშა. 1976 წელს ჩამაბარეს ქალაქის ნაკრები.მკაცრი მწვრთნელი არ ვარ, მაგრამ არც უადგილო საუბარი მიყვარს. ვარჯიშზე ვარ ორიენტირებული. ვცდილობ ყველა ბავშვის ფსიქოლოგია გავიგო, შევისწავლო და ყველას სხვადასხვანაირად მივუდგე“, - ამბობს ვერა შავშიშვილი


თინა ფსუტური, შვიდი წელია, რაც გორის ვაჟთა ფრენბურთის გუნდის მწვრთნელია. მისი მოსწავლეები დღეს უკვე უმაღლეს ლიგაში თამაშობენ. ის შიდა ქართლის მასშტაბით ფრენბურთის ერთადერთი მწვრთნელია.


“ფრენბურთის თამაში სკოლის პერიოდში დავიწყე. ვიყავი ჩემი ასაკის გუნდის კაპიტანი, სწავლა ყაზახეთში გავაგრძელე და შემდეგ უკვე აღმოსავლეთ ყაზახეთის უნივერსიტეტის გუნდის კაპიტანი ვიყავი. ხუთი წილის განმავლობაში. 2012 წელს ჩამოვედი საქართველოში და შევქმენი ბიჭების გუნდი. ამჟამად, გორის ვაჟთა გუნდი უმაღლეს ლიგაშია. ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის“, - ამბობს თინა.

 

თინას სწამს, რომ ამ სპორტს და მის გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, მთავარია, გუნდს სავარჯიშო პირობები ჰქონდეს.


“საქართველოს პირველობებში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც დარბაზის, ასევე საპლიაჟო ფრენბურთში. ვთამაშობთ თოვლის ფრენბურთს. ეს ის სახეობაა, რომელიც ვითარდება ევროპაში და მსოფლიოში და ვფიქრობ ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. მთავარია, სათანადო პირობები გვქონდეს და ვიშრომოთ. შიდა ქართლში ერთადერთი ქალი მწვრთნელი ვარ ამ სახეობაში, არასდროს გამჭირვებია არც წარსულში და არც ახლა ბიჭებისთვის ღირსეული მწვრთნელი ვყოფილიყავი. მთავარია, საქმე აკეთო კარგად, სქესს რა მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს თინა ფსუტური.


მარი მახარაშვილი მოქმედი ძიუდოისტია. 4 წელია, ჰყავს ჯგუფი და როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს ავარჯიშებს. მისი მოსწავლეებიდან რამოდენიმე გოგონა უკვე მსოფლიო რეიტინგშია.


“25 წლის ვარ. 5 წლიდან შევედი ჭიდაობაზე. მაშინ ქართულ ჭიდაობას ვჭიდაობდი, ნახერხზე. შემდეგ დავიწყე დარბაზში ვარჯიში. ამჟამად, ვსწავლობ გორის უნივერსიტეტში, ვარ მოქმედი სპორტსმენი. 4 წელია, ბავშვებს ვავარჯიშებ. როგორც გოგონებს ასევე ვაჟებს. გამომდინარე იქიდან, რომ ვაჟებს უფრო ჰყავთ მწვრთნელები. მე უფრო მეტ ყურადღებას გოგონებს ვუთმობ. როგორც აღვნიშნე, მოქმედი სპორტსმენი ვარ. ძირითადად შიდა ტურნირები მაქვს მოგებული, ამიტომ მეც ამ ბავშვებთან ერთად ვვარჯიშობ ხოლმე, რადგან ვფიქრობ კ,არიერულად ყველაფერი წინ მაქვს", - აღნიშნა მარიმ.


 

მისი მოსწავლეებიდან რამოდენიმე გოგონა უკვე მსოფლიო რეიტინგშია.


“ჩემი ბავშვებიდან მყავს საქართველოს პრიზიორები, ასევე საქართველოს ნაკრების წევრები, ევროპის თასის გამარჯვებულები, ჩემი მოსწავლეები უკვე მსოფლიო რეიტინგშიც არიან. ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა. დამწყებ სპორტსმენებს კი ვეტყვი, რომ თუ ეს სპორტი გიყვართ, ნუ დაკარგავთ დროს, იშრომეთ, იბრძოლეთ და მიზნამდე აუცილებლად მიხვალთ“, - ამბობს მარი მახარაშვილი


ინა ელიაშვილი, 4 წელია, ფითნეს ინსტრუქტორად მუშაობს საქართველოში. მან სპორტული კარიერა მოსკოვში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, სპორტით ბავშვობიდან არის დაკავებული.

 


“ჯანსაღი ცხოვრების წესით ღრმა ბავშვობიდან ვცხოვრობ. ჯერ კიდევ მოსკოვში ვცხოვრობდით მე და ჩემი და. მას ხერხემლის პრობლემა ჰქონდა და სულ ვარჯიშობდა. მარტო სიარული ეზარებოდა და მეც ამიყოლია. მას მერე სულ მაქვს სპორტთან შეხება. მოსკოვში აერობიკაზე ვვარჯიშობდი, შემდეგ ვისწავლე, გავიარე კურსები, როგორც სპეციალისტმა და უკვე პირადი ინსტრუქტორი გავხდი“, - თქვა ინამ


ინა საკუთარ მოსწავლეებს ვარჯიშებს დისტანციურად უტარებს.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ. 

 

Read 324 times Last modified on ორშაბათი, 18 იანვარი 2021 14:47