Back to Top
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021 14:52

რა აწუხებთ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს?

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ანა ჯაფარიძე

 

2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში მცხოვრებ დიდს თუ პატარას, განურჩევლად, ყველას ახსოვს. განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებს, ვინც გამყოფი ხაზის სოფლებში ცხოვრობენ და ვინც სიტყვა „ოკუპაციასთან“ ერთად გაიზარდნენ.

 

 

ჩვენგან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ სტუდენტები, მოსწავლეები, რომლებიც მშვიდად ვერ იძინებენ, რადგან არ აქვთ გარანტია იმისა, რომ მომდევნო დღეს მათი საცხოვრებელი სახლი კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება. მაშინ, როდესაც ჩვენ თავს უფლებას ვაძლევთ, რომ მხოლოდ სიზარმაცის გამო სკოლაში წასვლაზე უარი ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ერთ ნაწილში მცხოვრები მოზარდები ყოველდღე კილომეტრებს გადიან, რომ განათლება მიიღონ.


მე გაგაცნობთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ნიქოზში მცხოვრებ გოგონებს, რომლებიც ოკუპაციის გამო, მძიმე ვითარებაში გაიზარდნენ, მაგრამ თავს არ ზოგავენ, მუშაობენ, სწავლობენ და ვითარდებიან, რათა მათ მსგავსად მომავალ თაობას მაინც არ მოადგეს ცრემლი საკუთარ წარსულზე საუბრისას. ჩემი გმირები, 18 წლის ნინო კასრაძე და თაკო ლაზარაშვილი არიან.


ნინო კასრაძე სტუდენტია. როგორც ის ამბობს, სოფელს ინტერნეტის პრობლემა აქვს, რის გამოც ნინოს დისტანციურად ლექციებზე დასწრება უჭირს და ხშირად აცდენს.


"ტექნიკასთან და ინტერნეტთან მუდმივი კავშირი არ მაქვს. დანაკლისი განსაკუთრებით გამოიკვეთა ონლაინ რეჟიმში მუშაობის დროს, რადგან მიწევდა ზოგიერთი ლექციის გაცდენა. პრობლემა მქონდა აბიტურიენტობის დროსაც, რადგან ტრანსპორტი არ დადიოდა და მიწევდა კერძო გაკვეთილების გაცდენა. მოტივაციას მე საკუთარი თავი მაძლევს, რომ საჭიროა ჩემი თავი განვავითარო, მივიღო გამოცდილება და წავიდე წინ ცხოვრებაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენნაირ ახალგაზრდებს და სოფლებს უფრო მეტად უნდა მიხედოს სახელმწიფომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომ არ დაიცალოს ახალგაზრდებისგან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები", - მიყვება ნინო კასრაძე.


თაკო ლაზარაშვილი ერთ - ერთია იმ ახალგაზრდებიდან, ვინც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ნიქოზში ცხოვრობს. თაკო იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც ამ სოფელში მცხოვრებ მოზარდებს აწუხებთ. მისი თქმით, სოფელს ტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა აქვს, რაც მოსწავლეებს ხელს უშლით ქალაქთან ურთიერთობაში, ამიტომ აქტივობებში ხშირად ვერ ახერხებენ ჩართვას.


"განათლების ხელისშემშლელ ფაქტორად პირველ რიგში ინტერნეტთან ხელმიუწვდომლობას დავასახელებ, რაც ხელს გვიშლის განათლების მიღებაში. ხშირად ახალგაზრდები მრავალფეროვან აქტივობებში ვერ იღებენ მონაწილეობას, რადგან სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაა. ჩვენ ზუსტად ის თაობა ვართ, ვისაც შეუძლია საკუთარი ცოდნით ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა, ამიტომ ვფიქრობ ხელშეწყობა მეტი უნდა გვქონდეს. დღევანდელ ცხოვრებაში ინტერნეტის პრობლემის აღმოფხვრას ვითხოვთ. საბედნიეროდ, სოფელში ბიბლიოთეკა გვაქვს, საკმაოდ მრავალფეროვანი, სადაც შეგვიძლია კლასგარეშე საკითხავები წავიკითხოთ და რაღაც უფრო მეტი გავიგოთ. ესაა, რაც ყოველდღიურობას ცოტათი მაინც ცვლის", - მეუბნება თაკო ლაზარაშვილი.


ჩვენ ახალგაზრდებს გვჯერა, რომ ერთ დღეს სკივრში გამომწყვდეული ჩვენი ოცნებები ფრთებს შეისხამს და გაფრინდებიან რეალობაში. მთავარია გვქონდეს მიზანი, ამ მიზნისკენ კი მხოლოდ დაუღალავი შრომა და სწავლა მიგვიყვანს.

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ.

Read 325 times