Back to Top
კვირა, 31 იანვარი 2021 13:45

ქართული პოეზიის რაინდი - ჯემალ ინჯიას ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

ჯემალ ინჯიას გორში ყველა იცნობს. მისი ლექსებიც არაერთ ადამიანს მოსწონს. ინჯიას შემოქმედებას ლიტერატურულ წრეებშიც აღიარებენ, რასაც პოეტის ჯილდოებიც მოწმობს.

 

 

ჯემალ ინჯია არის ღირსების ორდენის მფლობელი. ვანო მაჩაბლის, აკაკი წერეთლის, ფრიდონ ხალვაშის, მწერალთა კავშირის, გალაქტიონ ტაბიძის პრემიების მფლობელი და ასევე აქვს ქართული პოეზიის რაინდის წოდება. პოეტს ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპატიო გორელის წოდებაც მიანიჭა.

 

84 წლის პოეტი საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ჯემალ ინჯია რადიო „მოზაიკას“ ესაუბრა.

 

“როდესაც სწავლას მოვრჩი. კულტურის განყოფილების ინსპექტორად დავიწყე მუშაობა. შემდეგ გადამიყვანეს შიდა ქართლის ზონაში, ახლადდაარსებულ რედაქცია, “გამარჯვებაში“ შტატიან კორესპონდენტად, სადაც მიმდინარე ამბებზე და პრობლემურ საკითხებზე ნარკვევებს ვწერდი. შემდეგ გორის კულტურის განყოფილების გამგედ დამნიშნეს. ამის მერე ჩამოვაყალიბე საქართველოს მწერალთა კავშირის განყოფილება, რომელსაც უკვე 40 წელია ვხელმძღვანელობ“, - იხსენებს ჯემალ ინჯია.

 

ის პროფესიით ისტორიკოს - ფილოლოგია. ჟურნალისტად მუშაობის პარალელურად, მუდმივად წერდა ლექსებს.

 

“7 000-მდე ლექსი მაქვს დაწერილი, 5 პიესა, რომელიც, გორის და ქუთაისის თეატრებში დაიდგა, ოთხი ორიგინალი, ერთიც ნათარგმნი. პირველი ლექსი 13 წლის ასაკში დავწერე, მაგრამ ვერ გავიხსენებ, რომელი იყო. ჩემი პირველი ლექსი, რომელიც გაზეთ “სტალინელში“ დაიბეჭდა, არის გიორგი სააკაძეზე. ამ ასაკში მაინც ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველა ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე“, - თქვა ჯემალ ინჯიამ.

 

ჯემალ ინჯია სტუდენტობის დროინდელ წლებს იხსენებს, როდესაც ლიტერატურულ სკოლას, მწერალ ოთარ ჩხეიძის ზედამხედველობით ხელმძღვანელობდა.

 

„მძლავრი ლიტერატურული სკოლა გვქონდა. ჩვენ გამოვუშვით პირველად “ცისკარი“ და ამის შემდეგ დაარსდა თბილისშიც. შემდეგ “მერანი“ გამოვუშვით, ამის შემდეგ თბილისშიც გაიხსნა გამომცემლობა „მერანი“. ბოლოს ვთქვით, მოდი დავარქვათ “ლიახვი“, ამასაც ხომ არ წაგვართმევენ-მეთქი და მერე გამოდიოდა ჩვენი ჟურნალი “ლიახვი“, სადაც თაობები გაიზარდა“.

 

ჯემალ ინჯიამ ოჯახი 26 წლის ასაკში შექმნა. იხსენებს, რომ მეუღლეს ჟადრაკის სიყვარულმა შეახვედრა.

 

„მე მოჭადრაკე და გორის 10 გზის ჩემპიონი ვარ, ჩემი მეუღლეც თამაშობდა ჭადრაკს და ამან დაგვაახლოვა. რაც შეეხება სიყვარულს, ის ბევრჯერ მოდის. ერთი ლექსი მაქვს, ასე ჰქვია”ზღვაზეც, ხმელეთზეც, ცაშიც“, ანუ ადამიანი თვითმფრინავში თუ ზის და მიფრინავს, იქ ვიღაც უნდა უყვარდეს, გემით, რომ მიდის, იმ გემზე მყოფთაგან არ შეიძლება, რომ ერთი ადამიანი არ გიყვარდეს. ასეთია ჩემი კონცეფცია, სიყვარულის მიმართ“.

Read 247 times