Print this page
ორშაბათი, 01 თებერვალი 2021 13:31

„ქალებს ისეთივე უფლება აქვთ, მიიღონ მემკვიდრეობა, როგორიც - ვაჟებს“

Written by
Rate this item
(1 Vote)

ავტორი: ინა ჩუხრუკიძე

 

„სად გაგიგონია, გოგოს წილებს აძლევდნენ?“; „გათხოვდი და გექნება სახლი“, – ხშირად სწორედ ეს არის მშბლების პასუხი იმ გოგონების მოთხოვნაზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოჯახის ქონებაზე ძმის მსგავსად წილი მათაც ეკუთვნით.

 

 

არსებობს ფაქტები, როცა ქონების ნაწილი გოგონას სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა მისი ფაქტობრივი მფლობელი მაინც ბიჭი ანუ ძმაა. კანონმდებლობით, შვილებს მშობლების ქონებაზე თანაბარი უფლება აქვთ, თუ ანდერძი არ არსებობს. კანონმდებლობით გამყარებული უფლებების მიუხედავად, საქართველოში ოჯახის მემკვიდრედ ბიჭი მიიჩნევა და არა – გოგო.


„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ამბობს:


"ქალთა ეკონომიკური სიძლიერე მნიშვნელოვანი თემაა, რადგან ეს პირდაპირ განაპირობებს იმას, თუ რამდენად დამოუკიდებელია ქალი, რამდენად აიმაღლებს ხმას გარკვეულ უსამართლობაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს ინტერესიც უნდა იყოს, რამდენად სამართლიანად ხდება ქონებრივი უფლებების რეალიზება ქვეყანაში. ის, რომ ქონების მემკვიდრეები მხოლოდ ბიჭები არიან, რეალობაა. ის, რაც კანონმდებლობაშია გაწერილი, ერთი შეხედვით არ არის პრობლემატური, რადგან ქონებაზე თანაბარი უფლება აქვს როგორც გოგოს, ასევე ბიჭს, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ანდერძი, მაგრამ ცოტა სხვაგვარად თუ შევხედავთ, მე როგორც იურისტს არ მამშვიდებს ამდაგვარი საკანონმდებლო ჩანაწერი, რადგან სიტუაციას ვაფასებ პრაქტიკიდან გამომდინარე. პრაქტიკა კი გვკარნახობს, რომ ქალთა უმეტესობას არ ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს კანონით მისთვის გარანტირებული სამკვიდრო".


რატომ ვერ დაძლია საზოგადოებამ პატრიარქული სტერეოტიპები და რატომ არ მიიჩნევა ქალი მემკვიდრედ?


ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველოში დიდწილად გაბატონებულია ძველი ადათწესები, რომლებიც ოჯახის მემკვიდრედ კაცებს მოიაზრებენ.

 

საქართველოს კანონმდებლობა არ განარჩევს ქალის და კაცის მემკვიდრეობის უფლებას და მათ თანაბარი უფლება- მოვალეობებით აღჭურვავს.


გახსოვდეთ! მცდარია მოსაზრებები, თითქოს ქალებს, რომლებიც ოჯახის შექმნის შემდეგ ტოვებენ საცხოვრებელს, მშობლების ქონებიდან წილი აღარ ეკუთვნის, ან თითქოს მშობლების მემკვიდრეები მხოლოდ ვაჟები არიან. ქალებს ისეთივე უფლება აქვთ, მიიღონ მემკვიდრეობა, როგორიც - ვაჟებს.

Read 324 times