Print this page
შაბათი, 06 თებერვალი 2021 13:29

გენდერული კვოტა - რატომ უნდა გვინდოდეს ქალების გააქტიურება

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ მახვილაძე

 

2020 წლის ივლისში, საქართველოს საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილება 203-ე მუხლის სახით, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ გენდერული კვოტის შემოღების შესახებ არაერთი საჯარო დისკუსია იმართებოდა და მრავალი არგუმენტი იკვეთებოდა მოწინააღმდეგეთა და მომხრეთა მხრიდან, გენდერული კვოტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს. საზოგადოებაში ძალიან მარტივი კითხვებიც რომ გაისმას:

 

რას ნიშნავს გენდერული კვოტა?

არსებობს თუ არ იგი საქართველოში?

 

საკმაოდ ბევრი რესპოდენტი დაიბნევა, რასაც ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებიც ადასტურებს. კერძოდ, გამოკითხული 294 რესპოდენტიდან მხოლოდ 137 რესპოდენტს ჰქონდა ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილების შესახებ. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს შედეგი დადებითად ნამდვილად ვერ შეფასდება.


არსებობს მოსაზრება, რომ კვოტა დისკრიმინაციულია. ამ მოსაზრების მომხრეებისთვის ქალი პარლამენტარი არ უნდა შეირჩეს სქესის მიხედვით. გენდერული კვოტირების მექანიზმის მომხრეთათვის კვოტა აუცილებელია, რათა პარლამენტში ისმოდეს ქალის ხმა.

 

გენდერული უთანასწორობის პრობლემა საკანონმდებლო და ზოგადად, სახელისუფლებო ორგანოებში მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება. გენდერული კვოტის მექანიზმის შემოღება მოუწიათ ვიშეგრადის ქვეყნებსაც, თუმცა განსხვავებული სახით. ამ ცვლილების გამომწვევი იყო ქალი პოლიტიკოსების შესამჩნევად დაბალი რაოდენობა ქვეყნის სახელისუფლებო ორგანოებში, რაც ეჭვს ბადებდა, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფიდან, მათ შორის ქალებთან დაკავშირებული საკითხები ყურადღების მიღმა დარჩებოდა.


საქართველოშიც იგივე პრობლემა იდგა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ზემოაღნიშნულ რეფორმამდე. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ქალი პოლიტიკოსების რიცხვი საკმაოდ დაბალია.

 

კერძოდ, 1992, 1995, 1999, 2004 , 2008, 2012, 2016 წელს პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის პროცენტული წილი შესაბამისად 6,22%, 6,64%, 7,17%, 9,33%, 6%, 12% და 15%-ს წარმოადგენდა.


გარდა ამისა, საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, არსებობს განსხვავებული მიდგომა ქალის სოციალური როლისადმი, რაც სტერეოტიპებითა და საზოგადოების უარყოფითი განწყობით გამოიხატება. არსებობს შემდეგი სტერეოტიპები:

 

"პოლიტიკოსი ქალი უფრო სუსტია და უჭირს დიდი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე".
"პოლიტიკოსი ქალი უფრო რბილია კაცთან შედარებით, ამიტომ შეიძლება უფრო დამთმობი და ნაკლებად პრინციპული იყოს"
"ქალს გაუჭირდება წარმატებული იყოს პოლიტიკაში, რადგან მას საოჯახო საქმეები შეუშლის ხელს"
"პოლიტიკა ბინძური საქმიანობაა და ამიტომ ქალს არ შეეფერება" და სხვა...


ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავ განმსჭვალულია მცდარი შეხედულებებით. მაკვირვებს ის ფაქტიც, რატომ მკვიდრდება ,,სისუსტე’’ სტერეოტიპად და არა ,,სიძლიერე’’, მაშინ როცა არსებობს მრავალი ფიზიკურად თუ გონებრივად განვითარებული და წარმატებული ქალი?!

 

გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს ოჯახი, როგორც ქალის წარმატების შემზღუდავი ფაქტორი.

 

ყველა, ვინც ეკატერინე (კატო) გაბაშვილის ბიოგრაფიას გაეცნობა, აუცილებლად მიხვდება და გაიაზრებს, რომ ძლიერი სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ადამიანისთვის, განურჩევლად სქესისა, არ აქვს მნიშვნელობა დაბრკოლებებს. ეკატერინე გაბაშვილს 11 შვილი ჰყავდა, გორში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა და ამავდროულად, მას მიაკუთვნეს "პირველი ქალი მწერალის" სახელი.


საბედნიეროდ, წინა წლების პარლამენტის შემადგენლობისგან განსხვავებით, 2020 წლის პარლამენტში 150 პარლამენტარს შორის 31 პარლამენტარი ქალი პოლიტიკოსი იქნება, რაც საერთო საოდენობის 20,6%-ია.


მჯერა, საზოგადოება შეიცვლის გენდერული კვოტისა და ზოგადად ქალი პოლიტიკოსისადმი დამოკიდებულებას, გაიხსენებს წარმატებული ქალების ისტორიას და დარწმუნდება, რომ აუცილებლად უნდა მიეცეს "გზა ფართო" მას, ვისაც შეუძლია ქვეყნისა და ხალხის მომავალი კეთილდღეობისკენ შეცვალოს.

Read 237 times