Back to Top
შაბათი, 06 თებერვალი 2021 14:12

ბარბარე, ეკატერინე, კატო - ცოტა რამ ქართველი ფემინისტების შესახებ

ავტორი: ქეთი შუღლიაშვილი

 

ჩვენს ქვეყანაში ფემინისტური მოძრაობა მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს. 60-იანი წლებიდან ქალები ჩნდებიან საჯარო შეხვედრებზე, რომლებიც მაშინდელი პერიოდის პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს უკავშირდებოდა. ქალები აქტიურობდნენ ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხებოდა ქალის როლს საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე.

 

 

ქალთა აქტიურობა განსაკუთრებით XX საუკუნის დასაწყისში გაძლიერდა. დიდი მნიშვნელობის მატარებელი გახდა მასობრივი განათლების საკითხი. გარდა ამისა, ქალთა საქმიანობა აქტიურად იყო მიმართული მათთვის განკუთვნილი ორგანიზებული ჯგუფის - საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და წრეების შექმნისკენ. ასეთი ჯგუფები არსებობდა თბილისში, გორში, ფოთში, ახალციხეში, თელავსა და ხონში. გაერთიანებების ძირითადი საქმიანობა განათლება, მათთვის პროფესიული და ეკონომიკური საშუალების მიცემა და საზოგადოებრივ ასპარეზზე გააქტიურება იყო. სწორედ ასეთი ორგანიზაციების და იდეების გვერდით ჩნდებიან ის ქალები, რომლებიც შემდგომში ქართული ფემინიზმის ისტორიის საწყისებთან გაიგივდება - ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე და სხვა.

 

 

ბარბარე ჯორჯაძის მონათხრობის თანახმად, ის 12 წლის ასაკში გაათხოვეს:

 

"საზოგადოდ იმ დროს, ქალებს ძალიან ადრე ათხოვებდნენ და მეც ისთი პატარა ვიყავი, ჯვარს რომ გვწერდნენ, თამაშობა მეგონა...."

 

განათლებული და აქტიური ბარბარე აქვეყნება წერილებს გაზეთებში, იგი წუხდა ქართველი ქალების დაჩაგრულ მდგომარეობაზე და ამის მთავარ მიზეზად განათლების მიღების საშუალების არქონას მიიჩნევდა, მისი ერთ ერთი ასეთი შინაარსის  წერილი სათაურით "ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ" ქართული ფემინიზმის მანიფესტად აღიარეს. 

 

"მე არ დავუმორჩილდი საზოგადო ხვედრს დედაკაცისას, ყმობას და თავშეწირვას კერისას. ამისთვის დიდი ბრძოლა დამჭირდა...." - ეს სიტყვები ეკატერინე გაბაშვილს ეკუთვნის.

 

ქალმა, რომელიც 19 წლის ასაკში გათხოვდა და 11 შვილი გაზარდა, მოახერხა გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქალთა აქტიურობისთვის. ეკატერინე ცდილობდა იმდროინდელი საზოგადოებისთვის თანასწორობის იდეის საჭიროება დაენახვებინა და აუცილებლობაში დაერწმუნებინა. თავად ყოველთვის თვითგანვითარებისკენ მიისწრაფოდა. მან გახსნა სამკერვალო სკოლები და აქტიურად აქვეყნებდა გაზეთებში კორესპონდენციებს. სხვადასხვა წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, ქალთა პროფესიული სკოლის ხელმძღვანელი.

 

1917 წელს საქართველოში რეგიონული ქსელი "ქალთა ლიგა" ჩამოყალიბდა და გამოიცა პირველი ფემინისტური გაზეთი "ხმა ქართველი ქალისა". ამ ყველაფრის ავტორი კი კატო მიქელაძე იყო. XIX საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში ფემინისტური იდეები ევროპაში განათლებამიღებულ ქალებს შემოქონდათ და სწორედ ასეთი იყო კატო. მან განათლება ბრიუსელში მიიღო, ცხოვრობდა პარიზში, 1916 წელს საქართველოში დაბრუნებულმა, თანამოაზრეები შემოიკირიბა და დაიწყო ბრძოლა ქალების სამოქალაქო პოლიტიკური უფლებებისთვის. ბოლშევიკურმა ლოგიკამ მიქელაძე "ბურჟუაზიული გარყვნილების მაგალითად" მონათლა და მისი გაზეთი დაიხურა.

 

ქალთა უფლებების დაცვისთვს ბრძოლა დღესაც გრძელდება. არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ გოგონათა და ქალთა უფლებების დაცვის და მათი საზოგადოებრივი გააქტიურებისთვის მუშაობენ. თუმცა რეალური შედეგის მისაღებად საზოგადოებრივი ძალისხმევის პარალელურად უმთავრესი მნიშნველობა აქვს ინდივიდუალურ შეხედულებებს და აზრის მართებულად ჩამოყალიბებას იმის შესახებ, რომ ყოველი ადამიანი დაბადებით თანასწორია; ყოველ ჩვენგანს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, აქვს უფლება ისარგებლოს ყველა იმ უფლებით და შესაძლებლობით, რაც მას თავად შესწევს და რის საშუალებასაც კანონი აძლევს.

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ.