Back to Top
ორშაბათი, 08 თებერვალი 2021 11:35

ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ნიკო კეცხოველი - ქართველი მწერლები ქალთა პრობლემებზე

ავტორი: ლიკა ვანიშვილი

 

21-ე საუკუნეში მსოფლიოს გარშემო უფლებების მოსაპოვებლად და სამართლიანობის მისაღწევად ჯერ კიდევ იბრძვიან ქალები. ბრძოლა გაცილებით ადრე, მე-19 საუკუნეში დაიწყო და ისეთი ფუნდამენტური უფლებებიც, როგორიცაა მაგალითად არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, სწორედ აღნიშნული ბრძოლის შედეგია. ბუნებრივია, ამ პერიოდში არაერთი მწერალი და საზოგადო მოღვაწე განიხილავდა აღნიშნულ საკითხს.

 

 

გთავაზობთ სამი ქართველი მწერლის შეხედულებებს ქალთა მოძრაობის შესახებ:  

 

 

_________________________________________________________________

 

ილია ჭავჭავაძე

 

ილია ჭავჭავაძის არაერთი წერილი არსებობს მე-19 საუკუნის ქალთა მოძრაობების შესახებ, სადაც ის განიხილავს მსოფლიო მოვლენებს და მას ქართულ რეალობას ადარებს, მიმართავს ქართველ ქალებს და მოუწოდებს მათ სხვა პროგრესული ქვეყნების მაგალითით იხელმძღვანელონ. ასეთი წერილებია მაგალითად „დედათა ემანსიპაციის შესახებ“(1888წ.) და „დედათა საქმე“ (1888წ.)

 

აღნიშნულ წერილებში მკვეთრად იკვეთება ილია ჭავჭავაძის მხარდაჭერა ქალთა მოძრაობების მიმართ. ის არაერთი ქალის მაგალითს იშველიებს იმის დასამტკიცებლად, რომ ქალების სუსტ სქესად აღქმა არასწორია, რომ ისინი მამაკაცთა თანასწორნი არიან.

 

ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებულია, იმ ქალებით, რომლებმაც გაბედეს და სწორედ იმ საქმიანობით გამოიჩინეს თავი, რომელიც ტრადიციულად მამაკაცის სფეროდ აღიქმებოდა. ილია წერილში „ქალთა ემანსიპაციის შესახებ“ წერს:

 

„ეს ამბები მით უფრო საკვირველია, რომ ქალის გამჭრიახობასა და შემძლეობას იმისთანა საქმეში გვიჩვენებს, რომელიც დღეს აქამომდე ქალისთვის უფრო  ხელმიუწვდომელი ეგონა ადამიანს“.

 

ის მსჯელობს იმაზეც, თუ რატომ შეძლეს ამერიკელმა ქალებმა პირველად არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვება. ილია განმარტავს, რომ უფლებები გულისხმობს პასუხისმგებლობებსაც და ვინაიდან ქალებმა დაიწყეს პასუხისმგებლობის აღება, რთულ საქმეს შეეჭიდნენ და დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები, მათ ემანსიპაციას წინააღმდეგობა ვეღარავინ გაუწია.  მისი აზრით ქალთა ასეთი ქმედება, -

 

„ძლიერი საბუთია დედათა ემანსიპაციის მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა“.

 

ბუნებრივია წერილებში იკითხება მხარდაჭერა ქართველი ქალების მიმართ. მათ ილია მოუწოდებთ მაგალითი სწორედ ზემოთ აღნიშნული ქმედებებიდან აიღონ.

 

„არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისთათვის“.

 

საინტერესოა ილია ჭავჭავაძის წერილი „დედათა საქმე“ სადაც ის არა მხოლოდ მოუწოდებს ქართველ ქალებს მოქმედებისაკენ, არამედ მსჯელობს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიური მონაწილეობის დადებით მხარეებზე.

 

„რაკი დედანი კანონმდებლობაში ხმას მოიპოვებენ მისთა მომხრე კაცთა წარმომადგენლობით და ქვეყნის საქმისა გამგებლობის ამორჩევაშიაც მონაწილენი იქნებიან, ამ გზით დიდს ზედ-მოქმედებას იქონიებენ თვით კანონებზედ, რომელნიც დღეს სჩაგრავენ და ჰხუთავენ დედათა სამართლიანს უფლებას“.

 

შესაბამისად, ილია ქალთა „ბორკილთაგან დახსნის“ ერთადერთ გზას მხოლოდ მათ ბრძოლასა და აქტიურობაში ხედავს.

 

_________________________________________________________________

 

ვაჟა-ფშაველა

 

ვაჟა ფშაველა წერილში „სადღეისო წერილი მეგობართან“ სვამს კითხვას, უნდა გაუთანასწორდნენ თუ არა ქალები მამაკაცებს უფლებებით და ნათლად გამოხატავს აღნიშნულ საკითხში ქალთა მიმართ საკუთარ მხარდაჭერას. მის არგუმენტთაგან ერთ- ერთი ისაა, რომ ქალებმა ისტორიულად არაერთხელ დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები და განსაკუთრებული როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხვრებაში.

 

„მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი ამდენი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება“.

 

მისი აზრით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა საკმაოდ სასარგებლო იქნება, ვინაიდან ისინი საკუთარი კეთილგონიერებით, შემწყნარებლური, ლმობიერი და მგრძნობიარე ბუნებით შეძლებენ გააუმჯობესონ არაერთი საკითხის მიმართ დამოკიდებულება და ქვეყნის პოლიტიკა. მისი თქმით, ქალთა უფლებების წინააღმდეგნი მხოლოდ გაჯიუტებულნი არიან და საფუძველი არ აქვთ ეწინააღმდეგებოდნენ აღნიშნულ მოვლენებს.

 

_________________________________________________________________

 

ნიკო ნიკოლაძე

 

კიდევ ერთი ავტორი, რომლის ხელნაწერებშიც იკითხება განსაკუთრებული მხადაჭერა და თანაგრძნობა ქალების მიმართ, ნიკო ნიკოლაძეა. მას შემდეგ, რაც ის წერილში „რაღაც-რაღაცები რაღაც-რაღაცების შესახებ“ აღშფოთებით და გულისტკივილით ყვება ქალზე ძალადობის ერთ-ერთ ამბავს, ის წერს:

 

„შენ ადამიანი ხარ, მაგრამ არავის არ სურს შეეგუოს იმ აზრს, რომ მხოლოდ ძუ არა ხარ. მთელი ძალ-ღონით ეძებ პატიოსნური მოღვაწეობის ასპარეზს, ისინი კი ცდილობენ საწოლთან დაგაკავშირონ. რაც არ უნდა დაუჯდეთ, ცდილობენ თავს მოგახვიონ დამცველი და მფარველი, მაგრამ მე ვფიქრობ, შენ უკვე შეიცანი შენი და მისი ნამდვილი როლი“.

 

ნიკო ნიკოლაძის მოცემული სიტყვები ნათლად გვიჩვენებს მის გულისტკივილს ქალთა მდგომარეობასა და საზოგადოებაში მათი როლის შესახებ არსებულ შეხედულებებზე. ის გამოხატავს პროტესტს ქალებზე ძალადობის და მათთვის შესაძლებლობების შეზღუდვის მიმართ. ამასთანავე სჯერა ქალების, რომ მათ შეიცნეს საკუთარი როლი და შეეცდებიან იბრძლონ მის განსახორციელებლად.