Back to Top
ორშაბათი, 08 თებერვალი 2021 12:19

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის დიაკვანი - ნანა ზუმბულიძის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ ქარელი

 

ნანა ზუმბულიძე პროფესიით მენეჯერ მარკეტოლოგია და ამავე საქმიანობით არის დაკავებული. ნანა 26 წლისაა და 3 წელია, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ხელდასხმული ქალი ღვთის მსახურია. ეკლესიაში ბავშვობიდან დადის, რადგან მისი ბებია გორის ეკლესიის წინამძღოლია.

 

 

ნანა იერარქიულად დიაკვანია, რომელსაც წირვის დროს შეუძლია, როგორც ზიარება, ასევე ქადაგება.


“იყო დიაკვანი ჩემთვის ნიშნავს არა სტატუსს, არამედ შესაძლებლობას, რომ ვაკეთო საქმე, რისიც მწამს, როგორც ეკლესიაში, ასევე მის გარეთ. რაც შეეხება ეკლესიაში პასუხისმგებლობას, ესაა წირვის მიმდინარეობაში ჩართვა, ქადაგება, ზიარება. ყველა პროცესის ნაწილად ყოფნა. ჩემი ეკლესიასთან ურთიერთობა ბებიაჩემის დამსახურებაა, რომელიც ახლა გორის ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღოლია“, - ამბობს ნანა ზუმბულიძე.


ნანა ამბობს, რომ დიაკვნად ხელდასხმა მას პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დაიცვას ის ფასეულობები, რომელსაც ეკლესია ატარებს.


“იმ ოჯახმა, რომელიც ამ ეკლესიაში მყავს, მომცა სტიმული, რომ კიდევ უფრო მეტი მეკეთებინა. დიაკვნობის სტატუსის მიღების დროს საჭიროა საკუთარი სურვილი, ასევე წინამძღოლის და სრულიად თემის, რომელიც კურთხევის დროს ადასტურებენ თანხმობას, რომ წარმოადგენდე ეკლესიას, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. ეს პასუხისმგებლობას მაკისრებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დავიცვა ის ფასეულობები, რომელსაც ეკლესია ატარებს. კერძოდ კი, არასდროს დავუშვა ადამიანის ჩაგვრა, დისკრიმინაცია თუ ძალადობა ნებისმიერი ნიშნით“, - გვიყვება დიაკვანი.


ნანა იხსენებს, რომ წარსულში საკუთარი პიროვნების გამჟღავნების შიში ჰქონდა, რადგან საზოგადოების რეაქცია აშინებდა.


“წარსულში იყო პერიოდები, როდესაც მე თვითონ მიჭირდა აღიარება, ვინ ვიყავი, რადგან მეშინოდა დაბრუნებული ემოციის. მგონია, რომ ეს საკუთარი თავის გამორკვევის პროცესის ნაწილია, მაგრამ დრო გავიდა და მივხვდი, როდესაც შენ ხარ, ის ვინც გინდა რომ იყო და აკეთებ ამისთვის მაქსიმუმს, დანარჩენი უბრალოდ ვერ მოახდენს გავლენას. რა თქმა უნდა, ახლაც შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს, არ იღებდეს სერიოზულად ამ საქმეს, მაგრამ ამას სირთულედ არ აღვიქვამ. ჩვენ აზრებში ყველა თავისუფლები ვართ და საქმეშიც ასე უნდა ვიყოთ“, - ამბობს ზუმბულიძე.

ნანა ამბობს, რომ ევანგელურ-ბატისტურ ეკლესია ადამიანებს დოგმატურ წესებს არ უწესებს. ისინი რწმენაშიც და საკუთარ ქმედებებშიც თავისუფალნი არიან.


“დოგმატური წესები ჩვენს ეკლესიას არ აქვს და ალბათ ესაა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემთვის. საკუთარ თავთან ყველა რაღაც წესებს ვაწესებთ ყოველთვის და მგონია, რომ მეტი დაბრკოლება აღარ არის საჭირო ამ ცხოვრებაში. იმისთვის, რომ მსახურებდე, ლოცულობდე, თუ უბრალოდ ეკლესიაში დადიოდე, კიდევ რაიმე დამატებითი წესის დაცვა თუ შესრულება ემსახურება უბრალოდ გამყოფი კედლის აგებას ადამიანისთვის“, - თქვა ნანამ.


ნანა ზუმბულიძე ილიას სახელმწიფო უნიერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლობს და სამაგისტრო ნაშრომზე რელიგიის კვლევების განხრით მუშა.

 

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ. 

Read 207 times