Back to Top
პარასკევი, 12 თებერვალი 2021 12:00

ჟურნალისტიკა და შვილებთან ურთიერთობა - გორელი რეპორტიორების ისტორიები

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ წიქარიძე

 

ჟურნალისტიკა ზოგისთვის პროფესია, საყვარელი საქმე, ცხოვრების წესი და უბრალოდ საქმეა, რომლის კეთების დროსაც ირგვლივ ყველაფერი გავიწყდება. ზოგისთვის ჟურნალისტიკა დღე-ღამეში 24 საათი დ კვირაში 7 დღეა.

 

საქმის პარალელურად როგორ ახერხებენ ოჯახთან და შვილებთან კომუნიკაციას და რა არის მათთვის ჟურნალისტიკა? - ამ კითხვებზე რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები გვპასუხობენ.


იზო ჩუბინიძე ახალი ამბების რეგიონალური ჟურნალისტია. წლებია, ის დასვენების დღეების გარეშე მუშაობს. როგორც თავად ამბობს, დროს ოჯახსა და სამსახურს შორის ვერ ანაწილებს, დროის უმეტეს ნაწილს ის სამსახურში ატარებს.


”პროფესია ჟურნალისტის სირთულეზე საუბარი მიჭირს. ეს საქმე უნდა გიყვარდეს, სხვანაირად ვერ გაძლებ, გატყდები. ერთს კი ვიტყვი, მე ტელე ჟურნალისტიკაში ბეჭდური მედიიდან მოვედი და ის პროცესი, უშუალოდ წერის პროცესი, ძალიან მენატრება. იქ სხვა მისტიკაა და თუკი მარცვალი დაიჭირე, უკუგებაც სულ სხვა რანგისაა. ბევრმა არ იცის, რომ ახალი ამბების რეგიონული ჟურნალისტები დასვენების დღეების გარეშე ვმუშაობთ, 24 საათი. ასე, რომ დროს ოჯახსა და სამსახურს შორის ვერ ვანაწილებ. ამ საქმეში ყოველთვის ოჯახი თმობს“, - ამბობს იზო ჩუბინიძე.


იზო ამბობს, რომ მის სამსახურს შვილები გაგებით ეკიდებიან და ამისთვის ისინი მადლობას იმსახურებენ.


“ჩემს შვილებს ვეტყვი, - მადლობა ბავშვებო, ყველაზე შეგნებული ადამიანები ხართ! ჩემი და ჩემი შვილების ურთიერთობაში იმდენი თავისებურებაა, სრული ბოდვა იქნება რომელიმეს გამოყოფა. და რაკიღა მაინც საჭიროა, ერთს მოვიგონებ. ჩემი შვილი 2 აგვისტოსაა დაბადებული. 2008 წლის აგვისტოს, 2 რიცხვში, სახლში რომელიღაცა საათზე დაბრუნებულს დამხვდა 3 ცალი ტორტი. თურმე ჩემს მეგობრებს უფიქრიათ, - იზო რას მოიცლიდაო და ამიტომ ვინც მოვიდა, მოიტანა ტორტიც. სასაცილო იყო, რომ მეც პატიოსნად ჩემი წილი ტორტით მივედი სახლში“, - იხსენებს იზო.


შორენა ბიჭიკაშვილი ტელე-ჟურნალისტია. ისიც დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს და შვილისთვის და ოჯახისთვის ნაკლები დრო რჩება. შორენა ფიქრობს, რომ აქტიური ჟურნალისტიკის გამო, შვილს საკმარის დროს ვერ უთმობს.


“ჩემი ჟურნალისტიკაში მუშაობა 15 წელს ითვლის. თავიდან გაზეთში ვმუშაობდი. 6 წელია, რაც ტელე-ჟურნალისტი ვარ. ტელეკომპანიაში მუშაობის პარალელურად, ბავშვი საბავშვო ბაღში შევიყვანე. ამან შემიწყო ხელი, თუმცა ჩემი ოჯახის როლიც დიდი იყო ამ ყველაფერში. ჩემ შვილს რომ დედა აკლია, ამას ვგრძნობ. ახლა დაბადების დღე ჰქონდა და მე ფაქტიურად სტუმარი ვიყავი და მითხრა, რომ უნდოდა მის მეგობრებს მე დავხვედროდი. მახსოვს ერთხელ გატაცება იყო კონფლიქტურ ზონაში. მთელი დღე ისე ვიყავი გადართული, საღამოს ძიძამ დამირეკა, ბავშვი არ მიგყავთო?!”, - გვიყვება შორენა.


შორენა პანდემიის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს ეტაპი გაუჭირდა, როდესაც თვითონ სამსახურში იყო, მის 8 წლის შვილს კი ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება დამოუკიდებლად უწევდა.


“ახლა უკვე სკოლაში დადის. მე როდესაც არ მცალია მშობელს ან ჩემ თანამშრომელს მოჰყავს. ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ ვაღიარებ მსგავსი ფაქტები ხდება. პანდემიის პერიოდი იყო დიდი გამოწვევა, მე ერთი წუთი არ ვყოფილვარ სახლში. ის კიდევ სულ დამოუკიდებლად ერთვებოდა დისტანციურ სწავლებაში, თუმცა მობილურით სულ მქონდა კონტაქტი. ჩემს შვილთან ძირითადად საღამოს ვურთიერთობ. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, ვუცვლით ერთმანეთს დღის ამბებს, ვკითხულობთ მისთვის საინტერესო წიგნებს, მაგრამ ჩემ შვილს მაინც აკლია დედის ყურადღება”, - ამბობს ბიჭიკაშვილი.

 

თათია გოგოლაძე წლებია სხვადასხვა მედია საშუალებებში ჟურნალისტად მუშაობს. პროფესიიდან გამომდინარე, მასაც უჭირს დღის განრიგის დაგეგმვა. ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებაც სპონტანურად უწევს.


“წლებია, არ მაქვს კონკრეტული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც დროს გავანაწილებ. მუდმივად ფორსმაჟორში ვარ. შესაძლოა ბავშვს ვაძინებდე ღამით და დამირეკონ, გავარდი გადაღებაზეო, ან სულაც მეძინოს და გამაღვიძონ. გულწრფელად ვამბობ, ჩემ შვილებზე ზრუნვაში სამსახური ხელს ნამდვილად არ მიშლის. ზოგჯერ გადაღებაზეც მიმყავს ბავშვები, გიჟდებიან ასეთ დღეებზე, ისე უყვართ სადმე რომ მომდევენ, წყნარად სხედან მანქანაში და მელოდებიან, ან იქვე თამაშობენ, ვიდრე მე მუშაობას დავასრულებ”, - გვიყვება თათია გოგოლაძე.


თათია ორი შვილის დედაა. ის ცდილობს ბავშვებთან მეტი დრო გაატაროს, ამიტომ არის დღეები, როდესაც შვილები სამსახურშიც დაჰყავს.


“მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს შეხვედრა ჰქონდა უფლისციხეში. მაშინ უფროსი შვილი მყავდა თან წაყვანილი. გზად ვეუბნებოდი, - დე, ძალიან ლამაზ სოფელში მიმყავხარ და იხალისებ-მეთქუი. ჩავედით და აშკარად არ მოეწონა მუზეუმ-ნაკრძალი. ხოდა, სწორედ მაშინ, როდესაც რესპონდენტს ვწერდი, გაბრაზებულმა ხმამაღალი ტონით მითხრა, - ეს რა სოფელია, მე ბევრი ცხოველების ნახვა მინდოდა სულ სხვანაირად ლამაზ სოფელშიო. ადრე უფრო ხშირად მიწევდა მათი სამსახურში წაყვანა. მონტაჟი, ხმის ჩაწერა, ვორდში მუშაობა - ყველაფერი იციან. კამერებთან ისე თავისუფლად ურთიერთობენ, უფროსს რომ გაუჭირდება. არ აპროტესტებენ ჩემ ასეთ გრაფიკს, ხედავენ, რომ ყურადღებას მაინც არ ვაკლებ”, - აღნიშნა გოგოლაძე.


პროფესია ჟურნალისტის სირთულეებზე ია თინიკაშვილიც გვესაუბრა, რომელიც 20 წელზე მეტია, აქტიურ ჟურნალისტიკაშია.


“7/24-ზე - ეს ის რეჟიმია, რომლითაც ჟურნალისტს უწევს მუშაობა. ეს გრაფიკი კი, ჩემ შემთხვევაში, ორ ათეულ წელზე მეტია სტაბილურადაა შენარჩუნებული. როდესაც კონკრეტულ მძიმე ამბავზე მუშაობ, იმ მომენტში ვერ ხვდები, რა გავლენას ახდენს შენზე ეს ფაქტი, მაგრამ გადის დრო და ხვდები, სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევებში რატომ ხვდება ჟურნალისტიკა ყველაზე სტრესულ და რთულ პროფესიათა სიაში ყოველთვის ლიდერ პოზიციაზე. მინდა, თავი მოგაწონოთ და ვთქვა, რომ სამსახურს, ოჯახს თუ მეგობრებს ყოველთვის თანაბრად ვუნაწილებდი დროს, მაგრამ... მოგატყუებთ!”, - ამბობს ია.


იაც იმ ჟურნალისტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლის უმეტესი დროც სამსახურს ეთმობა. ია იხსენებს, რომ მისი პროფესიის გამო, ვერ ესწრებოდა შვილის მშობელთა კრებას და რომ არა დედის დახმარება, ვერ შეძლებდა აქტიურ ჟურნალისტიკაში დარჩენას.


"ყოფილა შემთხვევა, რომ შვილს ექსკურსიაზე ვერ წავყევი იმის გამო, რომ რეპორტაჟზე ვმუშაობდი. მშობელთა კრებაზე ჩემს ნაცვლად დედაჩემი წასულა, მაგრამ მაინც ყოველთვის ვცდილობდი, არ გამომეტოვა მისთვის მნიშვნელოვანი თარიღები. ბავშვს აგრესია არასდროს გამოუხატავს ჩემი პროფესიის მიმართ, ალბათ იმიტომ, რომ მისი დაბადებისას უკვე ვმუშაობდი და თავიდანვე მიჩვეული იყო ჩემს სამსახურს და გრაფიკს. ოჯახში ფაქტობრივად, რასაც დიასახლისი უნდა აკეთებდეს, დედაჩემს ჰქონდა აღებული და რომ არა დედაჩემი, მე ვერ ვიქნებოდი სამსახურში ამგვარად აქტიური. ახლა კი უკვე ბებოც ვარ და პეტრეს სულ არ აინტერესებს, სად ვმუშაობ და რამდენი საქმე მაქვს, შესაბამისად, საღამოობით მისთვის დროს ყოველთვის ვპოულობ, თუმცა, იმის ხარჯზე, რომ სამუშაოს შესრულება ხშირად გვიან ღამით მიწევს", - ამბობს ია.


ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათი პროფესია რთულია ისინი კვირაში 7 დღე თითქმის 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ამ სირთულეების მიუხედავად, ფიქრობენ, რომ ჟურნალისტიკა საინტერესო და აზარტულია.

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ. 

Read 362 times