Back to Top
ორშაბათი, 15 თებერვალი 2021 13:39

გორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ხუთი ქალის ისტორია

Written by
Rate this item
(1 Vote)

ავტორი: ნია რობანიშვილი

 

საჯარო სამსახურებში, ხელმძღვანელ პოზიციებზე ძირითადად კაცები მუშაობენ. ქალების წარმომადგენლობა ამ თვალსაზრისითაც მინიმალურია. რადიო „მოზაიკა“ რამდენიმე ქალს ესაუბრა, რომლებიც გორის მერიის სხვადასხვა სამსახურებს ხელმძღვანელობენ.

 

რა სირთულეების გავლა მოუწია თითოეულ მათგანს და რა გამოწვევებს აწყდებიან ყოველდღიურ საქმიანობაში?

 

 

ნათია მდინარიძე მერიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ხელმძღვანელობს, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობა მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს და როგორც ქალ ხელმძღვანელს,პრობლემა არასოდეს ჰქონია.


“პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ჩემთვის არ იყო უჩვეულო და უცხო ის სიძნელეები, რაც ამ განყოფილების ხელმძღვანელობას ახლავს თან. არასდროს მიფიქრია, რომ სირთულეა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობაა. სადაც გინდა და რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიმუშაო, მაინც ჩემი საქმე უნდა გავაკეთო“, - ამბობს ნათია მდინარაძე.


ნათია ამბობს, რომ სასურველია გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე უფრო მეტი ქალი იყოს, მაგრამ ეს ხელოვნურად არ უნდა მოხდეს, ქალებმა ჯერ თვითონ უნდა მოახერხონ იმის გააზრება, რომ საქმეში ამ ორ სქესს შორის განსხვავება არ არსებობს.


"რა თქმა უნდა, მიფიქრია, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე მეტი კაცია, ვიდრე ქალი და ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად ძველი ტრადიციები, ქალების უფლებები და ა. შ. ქალებმა თავად უნდა მოახერხონ იმის გააზრება, რომ არ არის განსხვავება ქალსა და კაცს შორის. ამის შემდეგ უფრო ბევრი პოტენციური გადაწყვეტილების მიმღები ქალი იქნება და ალბათ ბუნებრივად მოხდება დაბალანსება", - აღნიშნა მდინარიძემ.

 

გორის მერიაში განათლების განყოფილებას წლებია ნინო ბერიანიძე ხელმძღვანელობს. ნინო ამბობს, რომ ხელმძღვანელად ქალის მუშაობა პრობლემას და სირთულეს არ წარმოადგენს, მთავარი საქმის ცოდნა და გამოდცილებაა.


 

"განათლების განყოფილების ხელმძღვანელად 2012 წელს დავინიშნე. როგორც ქალს, ამ პოზიციაზე ბარიერები არ შემხვედრია, ვფიქრობ, აქ პასუხიმგებლობის გრძნობა უფრო არის გამოკვეთილი, ვიდრე სირთულე. საქმისადმი სიყვარული, შესაბამისად ცოდნა, გამოცდილება და სწორი კომუნიკაცია, ნებისმიერი საქმის წარმატებით გადაწყვეტის წინაპირობაა", - თქვა ნინო ბერიანიძემ.


ნინოს სურვილია საჯარო სამსახურებში იყოს გენდერული ბალანსი და მეტი ქალი წამყვან პოზიციებზე.


„გარდა ამისა, უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ სამსახურებში, სადაც შენარჩუნებულია მეტ-ნაკლებად გენდერული ბალანსი, ბევრად მაღალია შრომის ნაყოფიერება და ეფექტურია კომუნიკაციაც“, - ამბობს ნინო.

 

 

მარი გიუნაშვილი ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ხელმძღვანელობს, პანდემიის პერიოდში, აღნიშნული სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს. გიუნაშვილი ამბობს, რომ რა დატვირთვასაც ის უძლებს, ცოტა კაცი თუ გაართმევდა თავს.


"გულწრფელად მგონია, რომ ჩემს ადგილზე მამაკაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება იმას უფრო ვერ გაეძლო. მგონია, რომ იმ დატვირთვას ვერ აიტანდა, რასაც ჩვენ ვუძლებთ. ამდენ შემოტევას მოსახლეობის მხრიდან - ყველას ეჩქარება, ჰგონიათ, რომ ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, - შესაძლოა ამ ყველაფრისთვის მამაკაცს ვერ გაეძლო. მე ვფიქრობ, ქალი რომ ვარ, ამიტომ გავუძელი. გარშემომყოფი მამაკაცების ფსიქოლოგიას რომ ვითვალისწინებ ეს მაფიქრებინებს ამას", - ამბობს გიუნაშვილი.


გიუნაშვილი გვიყვება, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ოჯახისთვის დრო საერთოდ აღარ რჩება.


"24/7-ზე გიწევს მუშაობა, ოჯახისთვის დრო საერთოდ არ მრჩება. მთელი ოჯახია ჩართული ჩემს საქმიანობაში, განსაკუთრებით ჩემი შვილები, ერთი ექიმია, მეორე მომავალი ექიმი. სამზარეულო ოფისად გადავაკეთე - შევიტანე კომპიუტერი, თან საოჯახო საქმეს ვაკეთებ, თან ვმუშაობ. ღამეში 4-5 საათი მძინავს. რომ ჩაწყნარდება ყველაფერი და დავუბრუნდებით ჩვეულ სამუშაო გარემოს, წავალ სოფელში, ტელეფონს არ ვუპასუხებ და ბევრს ვიძინებ", - გვეუბნება გიუნაშვილი.


სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ერთ-ერთი მსხვილი მუნიციპალური ა(ა)იპ-ია გორში და მასაც ქალი დირექტორი ჰყავს. ჩვენთან საუბარში კოვზიაშვილი ამბობს, რომ სამსახურის გამო, ოჯახს დროს მხოლოდ შაბათ-კვირა უთმობს.


„ქალს იმდენად დიდი აქვს დატვირთვა ოჯახში, რომ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობა ნამდვილად რთულია. მე იმ დროს მომიწია ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობა, როდესაც შვილები და შვილიშვილები ცალკე ცხოვრობენ. სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებდი. სახლში რომ ვარ, სამსახურზე ვფიქრობ. ოჯახს დროს ძირითადად შაბათ - კვირას ვუთმობ. თუ დროის ფაქტორს არ ჩავთვლით, ნებისმიერ წამყვან პოზიციაზე ქალსაც ისევე შეუძლია მუშაობა, როგორც კაცს”, - ამბობს ლია კოვზიაშვილი.


კოვზიაშვილი ამბობს, რომ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, როგორც ქალს თავი დაჩაგრულად არასდროს უგრძვნია.


"გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მომუშავე ქალს ლიდერის თვისებები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი პასუხისმგებლობით და სიყვარულით უნდა უდგებოდეს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. როგორც ქალს, მე თავი დაჩაგრულად არასდროს მიგრძვნია. ასეთი არაფერი მახსენდება. არც მე ვარ ისეთი ადამიანი, ვინმეს ზემოდან ყურება დავიწყო, ვაკეთებ ჩემ საქმეს, ვცდილობ ყველაფერი წესრიგში მქონდეს და ვიყო თანასწორუფლებიანი სამსახურში", -თქვა კოვზიაშვილმა.


კიდევ ერთი ქალი, რომელიც ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს, სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ აფციაურია, ის ჩვენთან საუბარში ხელმძღვანელად დანიშვნის პირველ წლებს და საზოგადოების დამოკიდებულებას იხსენებს.


“ხელმძღვანელ პოზიციაზე ქალის ყოფნა საზოგადოებაში იწვევდა როგორც დადებით, ასევე უარყოფითი დამოკიდებულებას. მიწევდა ბევრი ბრძოლა ამა თუ იმ საკითხზე“, - ამბობს თამარ აფციაური.


თამარი სამსახურებში გენდერული ბალანსის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი სურვილია წამყვან პოზიციებზე უფრო მეტი ქალი იყოს.


"მიფიქრია გენდერულ უთანასწორობაზეც, რომელიც გვხვდება ჩვენს რეალობაში. ალბათ ამიტომაა მეტი კაცი ხელმძღვანელად, რომ ქალს ჯერ კიდევ სუსტ არსებად აღიქვამენ, ვისურვებდი, რომ ყველა სფეროში გვხვდებოდეს უფრო მეტი გადაწყვეტილების მიმღები ქალი, რადგან შესაძლებლობების კუთხით არაფრით არ ჩამოუვარდება ქალი კაცს", - ამბობს აფციაური.


გორის მაგალითზე, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მომუშავე ქალები გვეუბნებიან, რომ საკუთარი მოვალეობების შესრულება არასდროს გასჭირვებიათ. მეტიც, ზოგი მათგანი ფიქრობს, რომ საკუთარ საქმეს თავს ბევრ კაცზე უკეთ ართმევს. სწორედ ამიტომ, მათ გული სწყდებათ გარშემო არსებულ გენდერულ უთანასწორობაზე და ხელმძღვანელ პოზიციებზე მეტი ქალის ხილვა სურთ.

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ. 

 

 

 

 

 

Read 1253 times Last modified on ორშაბათი, 15 თებერვალი 2021 14:19