Back to Top
სამშაბათი, 16 თებერვალი 2021 19:37

წერილი შენ - გამარჯობა, მე ლიკა ვარ, შენი მეგობარი

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ლიკა მელთაური

 

გორის ცენტრალურ გზაჯვარედინზე ხშირად მხვდებოდა პატარა მიუსაფარი ბიჭი, მანქანებთან რომ ითხოვდა დახმარებას. ჩემთვის, ჩუმად, ყოველთვის ვაპროტესტებდი ამ ამბავს, რატომ აძლევდნენ ფულს ისე, რომ არავის აინტერესებდა მისი ბედი. ერთხელ მანქანიდან ფოტოც გადავუღე, მინდოდა დამეწერა რამე - თუ სად იყო განათლების სამინისტრო, სოციალური სამსახური. ვერ დავწერე, რადგან მივხვდი, ეს პროტესტი არ იყო ნამდვილი. ნამდვილი რომ ყოფილიყო, გადავხტებოდი, ვიყვირებდი, შველას ვითხოვდი მისთვის. მე კი, ამის მრავალჯერ დამნახავმა, გულგაციებულმა მხოლოდ ეს გავიფიქრე - რას ვაკეთებთ პრობლემის მოსაგვარებლად მე, მასწავლებელი, გზის მეორე მხარეს მდგომი პატრულის თანამშრომელი, სოციალური მუშაკი თუ სასულიერო პირი, რომელიც ბევრჯერ გაივლიდა იქ?

 

პირადად მე არაფერი გამიკეთებია.

 

მიუსაფარი ბავშვები ერთი დარდია, რომელთა ღამის გასათევიც არ გვაწუხებს, არათუ ასაკობრივი პრობლმები, ხოლო,  მოზარდი თაობა, თბილი სახლებით, ოჯახებით, მშობლებით და მეგობრებით, რომელსაც არ ვუსმენთ-მეორე.

 

ჩვენ ისე გავიზარდეთ, ფაქტობრივად არავინ გვისმენდა. ისე გაიზარდა ჩემი თაობა, ვერასდროს ყვებოდა/მოყვება არაერთი სექსუალური შევიწროვების შესახებ, რომელიც გადაგვიტანია. ასეთი იყო წესი. ეს არ არის ჩვენი მშობლების ბრალი - ისინიც იმ საზოგადოების მსხვერპლი იყვნენ თავის მხრივ, სადაც ცხოვრობდნენ.

 

დროა, შეიცვალოს ყველაფერი. დროა, ერთმანეთი შევცვალოთ და გადავარჩინოთ.

 

პრობლემის მოგვარება, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მისი აღიარებით იწყება.

 

თქვით მშობლებთან, მასწავლებლებთან, ახლობლებთან. ვიღაც ყოველთვის მოგისმენთ.

 

ნურასდროს შეგეშინდებათ ზეწოლის, თუნდაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, ან პირად მიმოწერაში გაგზავნილი იმ ფოტოს გამო, რომელიც ვიღაცას ვულგარულად მიაჩნია.

 

ბავშვებო, მოზარდებო, დიდებო, ილაპარაკეთ საკუთარ ტკივილებზე.

 

მე მოგისმენთ. თუ პირადად ვერ შევძელი დახმარება, გპირდებით, საოცარი ხალხის არმიას გავაჩენ დასახმარებლად.

 

გული მეკუმშება, როცა წარმოვიდგენ, რომ ვიღაცას უჭირდა, ეს შევაჩნიე და მე ჩემი გულგრილობით გულწრფელად არ მომიკითხავს და არ შემითავაზებია, თუნდაც მომესმინა.

 

#მეგისმენ ვიწყებთ და ჩავერთვებით მასწავლებლები კამპანიაში, რომელიც ჩემი სკოლიდან დაიწყება და მინდა, ყველა სკოლა შემოგვიერთდეს. ამაში ჩემი კოლეგების, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ახალგაზრდა ფემინისტთა საინიციატივო ჯგუფის, ადგილობრივი მედიის დახმარების და თანადგომის იმედი მაქვს.

 

მინდა, მასწავლებელი გახდეს ადამიანი, ვისაც ენდობით.

 

მოდი, ნინის შემთხვევა ბოლო იყოს და თავიდან დავიწყოთ.

 

თავიდან გავიცნოთ ერთმანეთი - გამარჯობა, მე ლიკა ვარ, შენი მეგობარი და იცოდე, ყოველთვის მოგისმენ.

 

მაიძულე, რომ მოგისმინო.

Read 1000 times Last modified on სამშაბათი, 16 თებერვალი 2021 19:45