Back to Top
პარასკევი, 19 თებერვალი 2021 13:38

გორელი ქალი მძღოლები, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპს ამსხვრევენ

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნათია სიდამონიძე

 

„ერთი შეხედვით მიხვდები, რომ საჭესთან ქალი ზის“, „საჭე ქალის საქმე არ არის“, „ფრთხილად, საჭესთან ქალია“ და მსგავს შეფასებებს ხშრად გაიგონებთ. მიუხედავად იმისა, რომ საგზაო შემთხვევების შედარებით დიდი წილი კაც მძღოლებზე მოდის, საზოგადოება ცუდ მძღოლებად მაინც ქალებს მიიჩნევენ. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ პროფესიონალი მძღოლების გენდერული ბალანსი ყოველწლიურად იცვლება.

 

ეკა სუხიშვილმა მანქანის მართვა 90 იან წლებში ისწავლა, როგორც ის ამბობს, ეს იყო პერიოდი, როდესაც ქალის საჭესთან ყოფნა საზოგადოებისთვის უცხო იყო და ცუდ ტონად ითვლებოდა.

 

“მე მაშინ დავჯექი საჭესთან, როდესაც გორში სულ რამოდენიმე ქალი დადიოდა და ეს ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა. ეს იყო დრო, როცა ქალი საჭესთან ჯერ კიდევ განხილვის თემა ხდებოდა, როცა ხელოსანთან მარტო მისვლა ცუდ ტონად ითვლებოდა, მანქანებს აყაჩაღებდნენ, ძარცვავდნენ. ჩემი პირველი მანქანა გაზ 24-10 გახლდათ, რომელსაც მე და მამაჩემი ვიზიარებდით. თავიდან, რა თქმა უნდა, მიჭირდა, ოთხივე კარი შეღუნული ჰქონდა ბოძებთან „ჩახუტების“ გამო, თუმცა მერე დავიხვეწე. მართვის მოწმობა რომ ავიღე, უკვე სტაჟიანი მძღოლი ვიყავი“, - ამბობს ეკა სუხიშვილი.

 

ეკა ამბობს, რომ ამ წლების განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევა მისი მიზეზით არ მომხდარა.

 

“22 წელია საჭესთან ვზივარ და ავარია არ მომსვლია ჩემი მიზეზით. რამდენჯერმე დამიზიანდა მანქანა სხვისი არასწორი მანევრირების გამო. დღეს ქალი საჭესთან აღარავის უკვირს. სტერეოტიპები დამსხვრეულია და ამ მსხვრევაში ვთვლი, რომ მეც მაქვს წვლილი“, - თქვა სუხიშვილმა.

 

__________________________________________

 

ანა ბალიაშვილმა მანქანის მართვა მოზრდილ ასაკში ისწავლა. ის ამბობს, რომ მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდები მარტივად ჩააბარა, თუმცა მართვის გამოცდილება არ ჰქონდა.

 

“8 წლის წინ გადავწყვიტე მეყიდა მანქანა, რადგან სამსახურში მიჭირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული. მართვის მოწმობა საკმაოდ მარტივად ავიღე, თუმცა მართვის გამოცდილება საერთოდ არ მქონდა და ფაქტობრივად გავრისკე. მოწმობის აღებიდან მეორე დღეს თბილისში მომიწია წასვლა და ისე შემეშინდა, ერთი წუთით ვიფიქრე, გამეჩერებინა და დამეტოვა, თუმცა საკუთარ თავს ვუთხარი, ახლა თუ ვერ შეძლებ, ვერასდროს მოახერხებ-მეთქი და გავაგრძელე გზა“, - აღნიშნა ბალიაშვილმა.

 

ანა ამბობს, რომ საზოგადოება ჯერ ისევ სტერეოტიპილად უდგება ქალი მძღოლის არსებობას, ამის დასადასტურებლად საკუთარი ინციდენტი მოჰყავს - ავტოსაგზაო შემთხვევა, როდესაც დამნაშავედ ყველამ ის გამოაცხადა, ვიდრე პოლიცია სიმართლეს გაარკვევდა.

 

"კარგი მძღოლი ვარ, წესებს არ ვარღვევ, თუმცა ქალი მძღოლების მიმართ გავრცელებული სტერეოტიპები ჩემზეც ვრცელდება. მაგალითად 2015 წელს ავტობანზე დამარტყა სამარშუტო ტაქსმა. სანამ პატრული მოვიდა, მომდგა ყველა მგზავრი და მე გამამტყუნა. ყველამ ავტომატურად ჩათვალა, რომ ავარია მე გამოვიწვიე. საბედნიეროდ, საპატრულო პოლიციამ დაადასტურა ჩემი სიმართლე. ამ სტერეოტიპის გაქრობა ისევ ჩვენზეა დამოკიდებული. ბიჭები ბავშვობიდან სწავლობენ მართვას და დიდი გამოცდილება აქვთ, ქალების უმრავლესობას კი ჩემსავით მოზრდილ ასაკში უწევს ამ ცოდნის ათვისება. მე ბევრ პროფესიონალ ქალ მძღოლს ვიცნობ და იმედი მაქვს მათი რაოდენობა გაიზრდება", - გვიყვება ანა.

 

__________________________________________

 

ლიზა ყაზიშვილი მანქანას თითქმის ყოველდღიურად მართავს. მან მართვის უფლება 10 წლის წინ მოიპოვა. ამის აუცილებლობა ლიზას დღის წესრიგში დროის და ფინანსების დაზოგვის გამო დადგა.

 

“მას შემდეგ, რაც ოჯახი შევქმენი, ჩემი ცხოვრება უფრო აქტიური გახდა - შვილების საჭიროებებზე ზრუნვა და სამსახური ერთად დროის დეფიციტს მიქმნიდა. მივხვდი, რომ ავტომობილი იყო ის ნივთი, რომლის მეშვეობით დროის და ტრანსპორტირებისთვის დახარჯული ფინანსების დაზოგვას შევძლებდი. დავიწყე ავტომობილის მართვის ნებართვისთვის გამოცდისთვის მზადება, თეორია პირველივე, ხოლო პრაქტიკული გამოცდა მეორე ცდაზე ჩავაბარე. მას შემდეგ თითქმის 10 წელია, რაც ავტომობილს ყოველდღიურად ვმართავ“, - ამბობს ყაზიშვილი.

 

ლიზა ფიქრობს, რომ მანქანის მართვას სქესი არ სჭირდება, მთავარია მოქალაქეს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, იყოს კანონმორჩილი, ყურადღებიანი და ის აუცილებლად იქნება კარგი მძღოლი.

 

"თუ ადამიანს აქვს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არის კანონმორჩილი და ყურადღებიანი, ის აუცილებლად იქნება კარგი მძღოლიც, ქალი იქნება თუ კაცი, ამას მნიშვნელობა არ აქვს", - თქვა ლიზა ყაზიშვილმა.

 

__________________________________________

 

ნინო ჩიბჩიურს მანქანის მართვა პატარა ასაკში მამამ ასწავლა. ნინო ამბობს, რომ პირველად მანქანასთან მისი ურთიერთობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც დიდიხანი უჭირდა თავიდან მისჯდომოდა საჭეს.

 

“მძღოლი ოფიციალურად 2012 წლიდან გავხდი, თუმცა მანამდე საჭის მართვა მამამ დიდი ხნით ადრე მასწავლა. მე-9 კლასში ვიყავი, როდესაც მამამ პირველად დამითმო მძღოლის სავარძელი და ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილება გადავწყვიტეთ. თვითონ გვერდით მიჯდა და მითითებების გათვალისწინებით ვცდილობდი დარღვევის გარეშე გამევლო გზის განსაზღვრული მონაკვეთი. დავიბენი, როდესაც მოსახვევში ღობეები დავინახე და ზუსტად იმ ადგილას დავეჯახე, რასაც ვცდილობდი რომ ავრიდებოდი. ამის შემდეგ ისე შევშინდი, რამდენიმე წელი მანქანაში ჩაჯდომაც აღარ მინდოდა. ეს გამოწვევა კი მაშინ დავძლიე, როდესაც ტელევიზიაში მუშაობისას მძღოლმა ერთ-ერთ სოფელში გადაღებაზე წაგვიყვანა და უკან მობრუნებისას ამ ისტორიას ვყვებოდი. მაშინ ვთხოვე მძღოლს რომ ქალაქამდე ნაკლებად დატვირთულ გზაგზე დაეთმო ადგილი. უარი არ უთქვამს. რამდენიმე კილომეტრი რომ უპრობლემოდ გავიარე, მივხვდი, რომ პირადი მანქანა უნდა მყოლოდა“, - თქვა ნინო ჩიბჩიურმა.

 

ნინოს ამბობს, რომ გენდერული სტერეოტიპები ქალ მძღოლთან მიმართებაში საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ ბოლო პერიოდში მიდგომები პოზიტიურად იცვლება.

 

“ერთხელ მაღაზიასთან გავჩერდი და რომ გადმოვედი, ერთმა მოხუცმა ქალმა გამაჩერა მაღაზიაში შესვლამდე და მკითხა, ეს პატარა გოგო ამხელა მანქანას როგორ ატარებო. რაც შეეხება ქალი მძღოლების კრიტიკას, გეტყვით, რომ ჩემი დაკვირვებით ქალები უფრო ფრთხილები ვართ მანქანის მართვისას. ხშირად მინახავს, როდესაც ქალი მანქანას აპარკინგებს, კაცები ქილიკით საუბრობენ, უეჭველი ქალი ზის საჭესთანო. ბოლო პერიოდში, უფრო არ არის ასეთი მიდგომები, რადგან გორში ყოველი მესამე მძღოლი ქალია“, - ამბობს ნინო ჩიბჩიური.

 

__________________________________________

 

შსს სამინისტროს მონაცემებით, ქალი მძღოლების რიცხვი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მზარდი დინამიკა კი 2012 წელს დაფიქსირდა. ამ წელს, ქალების 19% აიღო მართვის პირველადი მოწმობა, მაშინ როცა, წინა წლებში ეს მაჩვენებელი 10-12 პროცენტს არ ასცილებია.

 

პირველადი მართვის მოწმობები 2012 წელს 21-31 წლამდე ქალებმა აიღეს. ამავე წელს, თეორიული გამოცდა ერთ ცდაზე ქალების 66% ჩააბარა, მათ კაცები 4%-ით ჩამორჩებოდნენ. პრაქტიკულ გამოცდაში კი, კაცები ლიდერობდნენ რამოდენიმე პროცენტით. 2012 წელს, ორ ქალს აღებული აქვს ტრაქტორის მართვის მოწმობაც.



მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ. 

Read 1399 times Last modified on პარასკევი, 19 თებერვალი 2021 13:57