Back to Top
პარასკევი, 19 თებერვალი 2021 14:05

ბავშვობა, ომი და სასულიერო ცხოვრება - მიტროპოლიტ ანდრიას ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

20 წელი სრულდება, რაც მეუფე ანდრია (გვაზავა) ატენის და გორის მიტროპოლიტია. 2001 წელს ის ჯერ სამთავისისა და გორის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში. 2013 წელს, ეპარქიის ორად გაყოფის შემდეგ კი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი გახდა.

 

მიტროპოლიტი ანდრია ერისკაცობაში ამირან ანატოლის ძე გვაზავა 1969 წლის 24 აპრილს სოხუმში დაიბადა. მშობლები ანატოლი გვაზავა და ნინო არაჰამია პედაგოგები იყვნენ. ამირან გვაზავა ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი იყო. 16 წლით უფროსი ძმისა და 19 წლით უფროსი დის თაობასთან ურთიერთობამ როგორც თავად იხსენებს ბევრი გამოცდილება შესძინა.

 

როგორი ბავშვობა ჰქონდა, რაზე ოცნებობდა, რა გზა გაიარა და როგორ მოვიდა აქამდე? - ამ კითხვებზე მიტროპოლიტი რადიო “მოზაიკასთან“ საუბრობს.

 

მეუფე ანდრია ბავშვობიდან იმ წლებს იხსენებს, როდესაც ბებიასთან ერთად ზღვის სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობდა, ამბობს,რომ მისი დილა აუცილებლად ზღვაზე გასეირნებით იწყებოდა.

 

“ბავშვობაში ძალიან განებივრებული ვყავდი ყველას. უფროსი და - ძმა მყავდა. ოჯახი რომ ვერავისთან მტოვებდა, ჩემ და-ძმას დავყვებოდი ყველგან. ამის გამო, მე როგორც ჩემ ასაკთან, ასევე დიდ ასაკთან მქონდა შეხება. მთთან ერთად მათ ინტერესებს ვაკვირდებოდი. ამ ურთიერთობებმა ბევრი რაღაც მასწავლა. მამა ადრე გარდამეცვალა. მისი გარდაცვალების შემდგომ, გარკვეული პერიოდი ბებიასთან ვცხოვრობდი. ბებიას სახლი ზღვის პირზე ნავსადგურთან იყო. ჩვენი დღე დილის 8 საათზე ზღვაზე გასვლით იწყებოდა. ძალიან მშრომელი იყო ბებია, მიწის ნაკვეთი ჰქონდა და სულ შრომობდა. ბაბუა რკინიგზაზე მუშაობდა, ვიდრე პენსიაში გავიდოდა. ლამაზი, წარმოსადეგი კაცი იყო. ასე დამამახსოვრდა, რომელიც ცოტა უფრო ადრე გარდაიცვალა“.

 

მეუფე თავისი თვალით დანახულ სოხუმზე საუბრობს და ამბობს, რომ სოხუმი თავისუფლების მოყვარული ქალაქი იყო.

 

“სოხუმში დავიბადე და გავიზარდე. არასდროს არც მინდოდა და არც მიფიქრია, რომ სოხუმს იქით მეცხოვრა. სოხუმი, პირველ რიგში, იყო ურთიერთობა. ეს იყო იმაზე უფრო თავისუფალი ქალაქი, ვიდრე იმდროინდელ საბჭოთა კავშირში სხვა რომელიმე. ჩვენთვის არ იყო უცხოელების ჩამოსვლა გასაკვირი, ბევრი უცხოელი ისვენებდა. იქ ასევე ისეთი ელემენტები იყო, რაც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო, მაგალითად, კარატე. 9178-79 წლებში, სოხუმში ორი მოქმედი სკოლა არსებობდა, რომელმაც შემდეგ უკვე ოფიციალური სახე მიიღო და სექციად ჩამოყალიბდა. კინო-ფილმები ჯერ სოხუმში შემოდიოდა, შემდეგ - თბილისში. ეს თავისუფლებას გვანიჭებდა და თავი ცოტა პრივილეგირებულად მიგვაჩნდა“.

 

მეუფე სკოლის პერიოდზე საუბრობს. ამბობს, რომ გამორჩეული მოსწავლე არ ყოფილა და ამ პერიოდში არც სასურველი პროფესია ჰქონდა შერჩეული.

 

“რაც მომწონდა ვსწავლობდი: ქიმია ბიოლოგია, ზოოლოგია, ბოტანიკა, ისტორია, მაგრამ რაც არ მიყვარდა, ვფიქრობდი, რომ რატომ უნდა მესწავლა?! სკოლაში არ ვიცოდი, რა პროფესიის უნდა გამოვსულიყავი. სამხედრო საქმე მომწონდა, რომანტიზმს ვხედავდი. მიყვარდა ზღვა, ის ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმია, მეგობრობა მაკავშირებს და მომწონდა ოკიანოლოგიის პროფესია. ბოლო კლასებში, სემინარიაში ჩაბარება გადავწყვიტე და დედას ვუთხარი ჩავაბარებ-მეთქი და დამთანხმდა, ჩამოყალიბებული მიდგომა არ მქონდა რომელიმე პროფესიის მიმართ. მიყვარდა კითხვა, ღამეებიც გამითენებია. ყველა ჟანრს ვკითხულობდი, ამიტომ გამორჩეული მწერალი არ მყავს“

 

მიტროპოლიტმა სოხუმის საშუალო სკოლა 1985 წელს დაამთავრა და ამავე წელს სასწავლებლად ხარკოვის უმაღლესი სამხედრო საავიაციო-საინჟინრო სასწავლებელი აირჩია. იქ 1988 წლამდე სწავლობდა. 1989-1994 წლებში კი, სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა.

 

“სკოლის შემდგომ ჩავაბარე ხარკოვში, სამხედრო საავიაციო საინჟინრო სასწავლებელში, სადაც ვსწავლობდი თვითმფრინავების და შვეულმფრენების მომსახურებას, ეს იყო ძრავები და ელექტრონული მომსახურება. 1986 წელს პირველად შეხება მქონდა კომპიუტერთან. სასწავლებელი არ დამიმთავრებია. სამი წლის შემდეგ, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, შევწყვიტე სწავლა. რომ ჩამოვედი, ვმუშაობდი სოხუმის ელექტრო დეპოში რაღაც პერიოდით და ძალიან საინტერესო იყო. ამის შემდეგ სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა“.

 

მეუფე 1992-93 წლებში აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა და დღემდე ყველაზე მძიმე და რთულ დღედ მის ცხოვრებაში სოხუმის დაცემას მიაჩნევს.

 

"აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, მე მქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მონასტერში წავსულიყავი. გამომდინარე ჩემი მრწამსიდან, ვცდილობდი საომარ მოქმედებებში არ ჩავბმულიყავი. ამიტომ დავიწყე მუშაობა აფხაზეთის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში. ამ სამსახურიდან გამომდინარე, მიწევდა ჰუმანიტარულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ყველაზე რთულად მახსენდება სოხუმის დაცემა. ამ დროს უსუსური ხარ ადამიანი. ხვდები, რომ თავგანწირვაც კი არაფერს არ შეცვლის, ამით არანაირი ცვლილება არ ხდება, მხოლოდ დაღუპულთა რიცხვი იზრდება. აი ეს განცდა, რომ ვინც და რაც შენ გიყვარს, ვერაფერს შველი, ყველაზე რთული გადასატანი იყო."

 

 

 

 

მიტროპოლიტი იმ პერიოდზე საუბრობს, ვიდრე საერო ცხოვრების დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებდა. როგორც თავად გვიყვება მას ერთი პერიოდი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებაც ჰქონდა მიღებული.

 

“გააზრებული ეკლესიური ცხოვრება ასე 21-22 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი ტაძარში მისვლა დაკავშირებულია ჩემ რძალთან. მასთან ინტერესების გაზიარებამ მოახდინა თავისი გავლენა. კიდევ ადამიანებმა, ვისთანაც ეკლესიაში მქონდა შეხება, მათ შორის, ჩემმა მოძღვარმა. ეკლესიაში ყოფნას სხვადასხვანაირად ვფიქრობდი, შეიძლებოდა, მე შემექმნა ოჯახი და ვყოფილიყავი სასულიერო პირი, მაგრამ ერთ დღეს იმ ადამიანთან ერთად ვსეირნობდი, რომელთანაც შესაძლოა ოჯახი შემექმნა. ჩვენ შეგვხვდნენ სასულიერო პირები, ძმები, ერთი იყო მღვდელ-მონაზონი მეორე ახალ აღკვეცილი. ისენი რომ დავინახე და ვისაუბრე მათთან, დამეუფლა განცდა, რომ თუ ოჯახს შევქმნიდი, ეს იქნებოდა ჩემთვის მიუწვდომელი. ოჯახი სხვა პასუხისმგებლობაა და თუ იტვირთავ, ბოლომდე უნდა იტვირთო თავის სიხარულით და სიმძიმით. ეს განცდა ვერ გადავლახე და წავედი მონასტერში“.

 

 

  

 

1995 წლის 15 აპრილს ერისკაცობაში ამირანი ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანდრია. დაახლოებით წელიწად - ნახევარში, 1996 წლის 17 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, 3 თვის შემდეგ, 13 დეკემბერს კი მღვდლად დაასხეს ხელი. 1997 წელს მიიღო იღუმენის წოდება და დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი გახდა. 1998 წლის 18 ოქტომბერს ეპისკოპოსად აკურთხეს და 2001 წლამდე საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსი იყო. 2001 წლის 20 ოქტომბერს კი სამთავისისა და გორის ეპარქია ჩააბარეს, . 2006 წლის 16 ნოემბერს მიიღო მთავარეპისკოპოსის, 2010 წლის 25 მაისს კი მიტროპოლიტის წოდება.

Read 432 times Last modified on პარასკევი, 19 თებერვალი 2021 15:12