Back to Top
შაბათი, 27 თებერვალი 2021 15:24

სკოლა უნდა გახდეს უკეთესი - მიმართვა მასწავლებლებს და მოსწავლეებს

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თამარ უთნელიშვილი, სკოლა „თამარიონის“ ხელმძღვანელი

 

ქალი და მამაკაცი. გოგონა და ვაჟი. სტერეოტიპები, გადაგვარებული ტრადიციები, რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება საზოგადოებისგან და სკოლაში ჯერ კიდევ ჩვეულებად დარჩენილი საშინელი, ჩემთვის, პირადად, მიუღებელი და დანაშაულთან გათანაბრებული მიმართვები: „რატომ არ იცი გაკვეთილი? გოგო მაინც არ იყო!“, „რანაირად იცინი? ბიჭი ხარ?“, „შენ გოგო ხარ და მეტი მოგეთხოვება!“, „ბიჭი ხარ და უნდა დაუთმო“, და ა.შ. - ესაა პირდაპირი ძალადობა ბავშვების ფსიქიკაზე და არანაირი დიდაქტიკური და განმავითარებელი დატვირთვა არ აქვს. ესაა დრომოჭმული, საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერგამოსული მასწავლებლების დამოკიდებულება, რომელთაც მიუხედავად მათთვის გამართული უამრავი ძვირადღირებული ტრენინგისა თუ სემინარისა, ვერ გაუაზრებიათ ვერც ბავშვის ფსიქოლოგიის საფუძვლები  და ვერც ბავშვთა უფლებები, ყველანაირ გენდერს რომ თავი დავანებოთ.

 

 

ბავშვობიდან პროტესტი მქონდა მსგავსი გამონათქვამების მიმართ და პირდაპირ გამოვხატავდი პროტესტს, როცა ადამიანებთან დამოკიდებულებები  განსხვავდებოდა არა მხოლოდ სქესობრივი, არამედ ეროვნული, რელიგიური და სოციალური მდგომარეობის მიხედვით! –ეს ყველაფერი უნდა აღიქმებოდეს საზოგადოებისგან, როგორც მათი უფლებების ხელყოფა და კანონით უნდა ისჯებოდეს! ამაზე უნდა იზრუნოს სასკოლო საზოგადოებამ, ხოლო  სკოლის დირექციამ მწვავე რეაგირება უნდა მოახდინოს მსგავს ფაქტებზე.

 

მინდა მოვუწოდო მათ:

 

ძვირფასო მასწავლებლებო, ბავშვებთან ურთიერთობისას იფიქრეთ თქვენ საქმეზე და პროფესიულ მოვალეობებზე, ეფექტურ გაკვეთილებზე და მოსალოდნელ შედეგებზე, მოსწავლეების გონებრივ შესაძლებლობებზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე! და არამც და არამც - ბავშვების სქესზე და სხვა ფიზიკურ თუ სოციალურ განმასხვავებელ ნიშანზე! და გიყვარდეთ, გიყვარდეთ ისინი! თუ ეს არ შეგიძლიათ, მაშინ მასწავლებლობა თქვენი საქმე არაა!

 

ბავშვებო, ჩემო საყვარელო გოგონებო და ბიჭებო! თქვენ მხოლოდ იფიქრეთ თქვენ მომავალზე, თქვენ შესაძლებლობებზე, თქვენ სურვილებზე, მიზნებზე, ოცნებებზე და ჯიუტად იარეთ ამ გზაზე! და არ შეგაფერხოთ ადამიანების არასწორმა და დისკრიმინაციულმა ქმედებებმა! უკანმოუხედავად იარეთ წინ, თქვენი პიროვნული და პროფესიული განვითარებისაკენ. იზრუნეთ, რომ მსგავსი შეცდომები არ დაუშვათ და ისწავლეთ, იკითხეთ, იფიქრეთ... გამოგვძალეთ, გვიმსახურეთ, ვისაც რა შეგვიძლია! - თქვენ (ჩვენ-ერთად!) უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომ ყველამ (ყვე-ლამ!) კომფორტულად და ღირსეულად ვიგრძნოთ თავი!

 

 

Read 298 times