Back to Top
ორშაბათი, 01 მარტი 2021 16:08

როგორ ვცვლით ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ - პანდემია და დევნილი ახალგაზრდები

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ნინი ოთინაშვილი

 

ბოლო ერთი წელია, რაც პანდემია გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში და დაიწყო თითოეული ადამიანის ცხოვრების შეცვლა. ვირუსმა არამარტო ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი განწყობები და ემოციებიც შეცვალა.

 

ვაკვირდებოდი, როგორ იცვლებოდა ვითარება და შესაბამისად, ადამიანებიც ჩემ ირგვლივ. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, დაწესებული შეზღუდვები ვაკუუმში აქცევდა ჩვენს დასახლებას. ეს ყველაფერი განსაკუთრებით რთული ახალგაზრდებისთვის იყო.

 

გასართობი ადგილების სიუხვით შავშვების დევნილთა დასახლება ისედაც არ გამოირჩევა. რეგულაციების შემდეგ კი, ახალგაზრდები იმ სივრეებში სიარულსაც ვეღარ ახერხებდნენ, რომლებიც ქალაქშია და სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ან თანამოაზრეების პოვნას ცდილობდნენ.

 

გარემოსგან დისტანცირებამ და იზოლირებამ თავისი შედეგი მოიტანა - დაიწყო გაუცხოვება და ახალგაზრდების დაყოფა. კაფეების, რესტორნების, სკოლების და თავშეყრის სხვა ადგილების დაკეტვის შემდეგ, ქუჩაში  ხშირად დაინახავდით ერთად მდგარ რამდენიმე ბიჭს, სადაც ბევრის თქმით „გოგონებს არაფერი ესაქმებოდათ“. გოგონების საკადრის საქმედ საზოგადოება სახლში დარჩენას და საოჯახო საქმეებში ჩართვას მოიაზრებდა. განსხვავებული დამოკიდებულებები, რომლებიც საზოგადობას გოგონების და ბიჭების მიმართ აქვთ, პანდემიამ კიდევ უფრო თვალშისაცემი გახადა.

 

ვითარების შეცვლის მიზნით, მე და ჩემმა მეგობრებმა კლუბი ჩამოვაყალიბეთ და ახალგაზრდების განვითარებისა და გაძლიერებისთვის აქტიურობა დავიწყეთ. ამას ორგანიზაციის „უკეთესი მომავლისათვის“ გარეშე ალბათ ვერ მოვახერხებდით.

 

პირველ ეტაპზე ჩავატარეთ შეხვედრები გენდერზე, ადამიანის უფლებებზე, მეგობრობაზე, ძალადობასა და ბულინგზე. სწავლების პარალელურად, ერთმანეთთან ურთიერთობით მოვახერხეთ და ოჯახური გარემო შევქმენით. ბავშვები იმდენად გახდნენ კლუბზე დამოკიდებულები, რომ ზოგჯერ დამატებითი საათებითაც კი რჩებოდნენ და ერთად ვატარებდით დროს, რაც მთავარია მიზანმიმართულად.

 

ამ ერთად ყოფნის დროს ჩნდებოდა ახალი იდეებიც, რომელსაც კვლავ ერთობლივად ვახორციელებდით - მოვაწყეთ ლაშქრობა, დასუფთავების აქცია და ინტელექტუალური თამაშების შეჯიბრი.

 

ზაფხულამდე ყველაფერი კარგად მიდოდია. ჩვენი კლუბის შესახებ მალე ბევრმა გაიგო, მათ შორის ორგანიზაცია „თანხმობამ“, რომელმაც გამოიჩინა ყურადღება და მათივე დახმარებით, მივიღეთ ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობა „დევნილთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების მედეგობის გაზრდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისადმი“, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. 

 

სამწუხაროდ, შემდეგ ეპიდვითარება გაუარესდა. ინფიცირების შემთხვევები ჩვენს დასახლებაშიც დაფიქსირდა და ამიტომ კლუბი დროებით.

 

მიუხედავად არასასურველი პაუზებისა, მგონია, მაინც ბევრი აუცილებელი და საჭირო ნაბიჯი გადავდით წინ - ჩვენ ვისწავლეთ მიზნის დასახვა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ზრუნვა დასახული მიზნის მისაღწევად.  ეს კი იმის იმედს და გარანტს ქმნის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთად და ერთმანეთისთვის მუშაობას, რათა შევქმნათ გარემო, სადაც ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.

Read 156 times Last modified on ორშაბათი, 01 მარტი 2021 16:19