Back to Top
ოთხშაბათი, 03 მარტი 2021 12:35

დედობა ადრეულ ასაკში - თანმდევი სირთულეები და სიკეთეები

Written by
Rate this item
(2 votes)

ავტორი: ლელა გიუნაშვილი

 

ლუკას ახლახან ჩაეძინა. ვუყურებ და ვფიქრობ, უკვე რამდენიმე რამ მასწავლა ამ პატარა არსებამ. მის გაჩენამდე მხოლოდ დედობა კი არა, სამყაროც კი სხვანაირი მეგონა. ახლა ბევრ რამეს სულ სხვა თვალით ვუყურებ და ზუსტად ვიცი, რომ მისი გაზრდა-აღზრდის პროცესში კიდევ ბევრი სიახლე მელის.

 

მზადება დედობისთვის

 

ორსულობისას, ძალიან ბევრს ვკითხულობდი ახალშობილის შესახებ.  ვეძებდი ლიტერატურას, რათა გამეგო, როგორ უნდა მოემარა და რისი გაკეთება შემეძლო მისი სწორი განვითარებისთვის.  ვაანალიზებდი, თუ რა სირთულეები შეიძლება შემხვედროდა, რათა დაახლოებით მაინც წარმომედგინა, რამდენად რთული პროცესის დასაწყისში ვიყავი. კვალიფიციური სპეციალისტებიგან მიღებული ინფორმაცია თავისთავად სასარგებლოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ახალშობილი ინდივიდუალურია და თეორიულ ცოდნასთან ერთად. პრაქტიკული ცოდნაც აუცილებელია. ამ ცოდნას კი უკვე ლუკასთან ერთად ვაგროვებ.  

 

ყველას ვურჩევდი, რომ ბავშის გაჩენამდე გაიაზრონ რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე და მოემზადონ ამისთვის ფსიქოლოგიურად.

 

დედობის თანმდევი სირთულეები

 

როდესაც გამოუცდელი ხარ, ბევრი რამ არ იცი. ხშირად ვერ იგებ, რა აწუხებს პატარას. ვერ გაგებინებს, რა უნდა. ხანდახან შეიძლება უმიზეზოდაც კი ატირდეს. ამ ყველაფრის გამო, თავიდან ძალიან გამიჭირდა ბავშვის მოვლა, მაგრამ  დროთა განმავლობაში, ყველაფერი ვისწავლე, თუმცა სწავლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

 

მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, სულ ვცდილობ, რომ დაღლილობა თუ პირადი პრობლემები ჩემს შვილს არ ვაგრძნობინო.  ვცდილობ, მასთან ურთიერთობაში მუდმივდ დადებითი მომენტები მოვძებნო. დავტკბე იმის ყურებით, თუ როგორ იზრდება ჩემს ხელში პატარა, იცვლება, სწავლობს რაღაცებს, უყვარხარ და ამას ყველანაირად გამოხატავს - გიცინის, გეთამაშება, გეხუტება.

 

ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ არასდროს გავუცრუოთ იმედები ჩვენს შვილებს, შევიკავოთ თავი ბრაზისგან, დაყვირებისგან. მოთმინება ის აუცილებელი უნარია, რომელიც უნდა გამოვიმუშავოთ  პატარას დაბადებამდე  და მის შემდეგაც.

 

გაზრდა და აღზრა

 

ლუკა არის პატარა არსება ჩემს ხელში, რომელიც ღირსეულ ადამიანად უნდა ვაქციო. იმაზე, რომ მხოლოდ გაზრდა არ არის  და მთავარი აღზრდაა, ყველა ვთანხდებით. კარგი, ღირსეული ადამიანის ჩამოყალიბებისთვის კი დიდი შრომაა საჭირო. ამაზე რომ ვფიქრობ, კიდევ უფრო ვაანალიზებ საკუთარ როლს და პასუხისმგებლობას.

 

დედობა, სწავლა და მეგობრები

 

სწავლისთვის თავი არასდროს დამინებებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიღლებოდი და ხშირად მიწევდა ღამეების გათენება, სულ ვცდილობდი ყველა ლექცია-სემინარს დავსწრებოდი და ყურადღება არ მომეკლო.  ხშირად პატარასთან ერთად ვუსმენდი ლექციებს. სწავლით კი მისი დაძინების შემდეგ, გვიან ღამით ვმეცადინეობდი. პანდემიამ ძალიან შემიწყო ხელი, რადგან უნივესრიტეტში სიარული არ მიწევდა და ლუკაც არ დამიტოვებია ჩემ გარეშე.

 

ახლა უკვე,  როცა ლექციებზე წასვლა მიწევს, ბავშვს ხან ჩემს მშობლებთან ვტოვებ, ხან კი ჩემი მეუღლე და ჩემი მეორე ოჯახი მეხმარება. ჩემი მეუღლეც მაქსიმალურად არის ჩართული ამ პროცესში და როდესაც თავისუფალი დრო აქვს, სულ  ბავშვთან ატარებს.

 

მოკლედ, ცხოვრების ამ ეტაპზე ისე გამოვიდა, რომ ერთადერთი, რაზეც უარის თქმამ მომიწია, ღამით მშვიდი ძილია.

 

პრინციპში, აღარც იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, რამდენიც ლუკას დაბადებამდე მქონდა, თუმცა მეგობრების ნახვას მაინც ვახერხებ. ხშირად გავდივარ ლუკასთან ერთად, ვსეირნობთ ყველანი ერთად და ასე ვატარებთ დროს.  

 

რა უნდა გვახსოვდეს ბავშვის გაჩენამდე?

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მაგალითი განსახვავებულია, თავად ვხედავ უამრავ შემთხვევას, როდესაც ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ინგრევა, ფსიქოლოგიური ზიანი კი ბავშვზე ყველაზე მეტად ისახება. ყველას ვეტყვი, რომ კარგად გაიაზრონ საკუთარი გადაწყვეტილება, თუ რამხელა პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, არ მიიღონ გადაწყვეტილება ნაჩქარევად.

Read 501 times