Back to Top
სამშაბათი, 09 მარტი 2021 12:49

დევნილობიდან პირად დამოუკიდებლობამდე - თამარ სოსიაშვილის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

სილამაზის აკადემია „სექტორი #1“ ახალგაზრდა ქალს თამარ სოსიაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ახალგაზარდობის წლები დევნილობაში გაატარა და საკუთარი შემართებით, დამოუკიდებელი ცხოვრება ადრეულ ასაკშივე დაიწყო.

 

თამარს ქალაქში ბევრი იცნობს. რამდენიმე წელია, ის ვიზაჟზე მუშაობს. მისი ცხოვრება ამ მიმართულებით დაუგეგმავად განვითარდა - შემოსავლის წყაროს ძიებისას, ერთ დღეს საკუთარი უნარები გაანალიზა. მიხვდა, რომ ვიზაჟის გაკეთება შეეძლო და ამ საქმეს მოჰკიდა ხელი. ვიზაჯისტად მუშაობის პერიოდში, კარგად გაეცნო სილამაზის სალონის მუშაობის სპეციფიკას და მალევე, საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეას შეეჭიდა.

 

„ერთ დღეს მახსოვს, დილის ხუთი საათიდან საღამოს გვიანობამდე ფეხზე ვიდექი. მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება ცუდი არ მქონდა, ამ თანხით ცხოვრებით ტკბობა არ შემეძლო. ვმუშაობდი საკუთარი თავისთვის და უფრო მეტად სხვისთვის. ამ დროს დავიწყე ფიქრი, მე თამარი ვარ, მე უფრო მეტი შემიძლია და რატომ არ შეიძლება დავიწყო საკუთარი საქმე. იმ სალონში, სადაც ვმუშაობდი რაღაცები შეიცვალა ჩემს და ხელმძღვანელს შორის. შეთანხმება ვერ შედგა და წამოვედი. ჩემი ბიზნეს იდეა, რა თქმა უნდ,ა არ მტოვებს და ვფიქრობ როგორ განვახორციელო ის“.

 

იდეის განხორციელება არამარტო მისთვის, სხვა ადამიანებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა. საკუთარ აკადემიაში თამარმა არაერთ ადამიანს მისცა საკუთარი უნარების განვითარების და დასაქმების შესაძლებლობა. ამბობს, რომ უხარია, როცა სხვა ადამიანების წინსვლას და განვითარებას უყურებს. ამჟამად, მასთან 15-მდე ადამიანი მუშაობს.

 

„მარტივი გზა არ გამომვლია. ეს იდეა რომ საქმედ მექცია, ბევრ რამეზე ვეუბნებოდი საკუთარ თავს უარს. მაქსიმალურად ვზოგავდი ფულს. ტანსაცმელსაც კი არ ვყიდულობდი საკუთარი თავისთვის. ჩემი ძმის მხარდაჭერა მახსოვს კარგად. ჩემი იდეა პირველად სწორედ მას გავუზიარე და მან მითხრა, რომ ყველაფერში დამეხმარებოდა”.

 

ოჯახზე საუბრისას, თავისთავად ახსენდება საკუთარი ბავშვობა. თამარი ცხინვალიდან დევნილია, მისმა ოჯახმა 30 წლის წინ დატოვა საკუთარი სახლი და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში დაიწყო ცხოვრება, მაშინ ის 6 წლის იყო და მშოლიური სახლი და ქალაქის ქუჩები ფრაგმენტულად ახსოვს.

 

„მამას მანქანა მახსოვს, რომ ვიჯექით და ახლობლებს ვტოვებდით, როგორ ტიროდნენ იქ დარჩენილები, ეს იყო 1990-91 წლები. მას შემდეგ დროებითი საცხოვრებელი მოგვცეს სოფელ დიცში. მერე იყო სკოლა, უნივერსიტეტი და დღეს აქ ვარ, ჩემი სივრცე მაქვს და სხვა ადამიანებს ვეხმარები, რომ წინ წავიდნენ, ახალგაზრულ იდეებს ვაფინანსებ, რაც შემიძლია”.

 

იდეები, რომელთა დაფინანსებაც ახლა, როგორც ბიზნესმენს ასე სურს, თამარს არასამთავრობო სექტორში მუშაობის პერიოდიდან მოჰყვება. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ახალგაზრდულ და ქალთა საკითხებზე. კარგად იცნობს მათ პრობლემებს და საჭიროებებს და იმედი აქვს, რომ საკუთარი ბიზნესის განვითარება, საშუალებას მისცემს, რაც შეიძლემა მეტი ქალის და ხალგაზრდის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.

Read 487 times