Back to Top
კვირა, 15 ივლისი 2018 14:20

16 წლის სალომეს თავგადასავალი ბოსნიაში

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: სალომე ფიდიური

ადრე, რომ ვინმეს ეთქვა, 16 წლის ასაკში, მაშინ, როდესაც ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე ხარ, შენს თემში არსებულ საკითხებს უცხოეთში განიხილავო, შესაძლოა გამღიმებოდა. თუმცა, მე, გორის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელმაც მე-10 კლასი ახლახანს დავამთავრე, 5 დღის განმავლობაში აფხაზ და ბოსნიელ ახალგაზრდებს ჩემი ქვეყნის შესახებ ვუყვებოდი.

ბოსნიაში გამართული ახალგაზრდული კონფერენციიდან რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი. ახლა კი მინდა, ჩემს თანატოლებს გიამბოთ, როგორ მოვხვდი ამ პროგრამაში, რა შთაბეჭდილებები ჩამოვიტანე და როგორ ვაპირებ მიღებული ცოდნის გამოყენებას.

ევროპის ფონდის ერთ-ერთი პროგრამის “ახალგაზრდული იდეა“ შესახებ მეგობრისგან შევიტყვე. ის ამ პროგრამის წევრი ჩემამდე იყო და ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა, როგორ იზრდებოდა პიროვნულად. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ თავადაც ვყოფილიყავი მისი მონაწილე.

გორში, ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართულ არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ მათ შორის საუკეთესო, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემი ხედვების ფორმირებაში, სწორედ “ახალგაზრდული იდეაა“.

პროგრამა საქართველოს 33 მუნიციპალიტეტში ხორციელდება და სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისკენაა მიმართული. მის ფარგლებში, 10-მდე მოზარდისგან შემდგარი ახალგაზრდული კომიტეტები იქმნება, რომლებსაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ატრენინგებენ. ერთ-ერთი ასეთი კომიტეტის წევრი 2017 წლიდან ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ პროგრამამ ჩემი აზროვნება, ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. გავიარე მოსამზადებელი ტრენინგები, რომლის საშუალებითაც ვისწავლე პროექტების წერა, ტრენინგის ჩატარება და შევიძინე ლიდერისთვის დამახასიათებელი სხვა უნარები. გავიცანი ახალგაზრდები მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს თემში.

ჩვენ ვსწავლობთ, როგორ შევარჩიოთ აქტუალური საკითხი, რომელზე სამუშაოდაც შევძლებთ ფინანსური წყაროს მოძიებას და სამიზნე ჯგუფების გადამზადებას. ისინი ძირითადად ჩვენი თანატოლები არიან. ჩვენ სხვებსაც ვუზიარებთ მიღებულ ცოდნას, რომ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტი შექმნან, მოიპოვონ დაფინანსება და შეძლონ მონიტორინგის გაწევა.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ახალგაზრდული იდეის 12 წევრი გავემგზავრეთ ბოსნიაში, ლიდერობის კონფერენციაზე. სარაევოში შევხვდით ბოსნიელ და აფხაზეთიდან ჩამოსულ თანატოლებს, რომლებიც ჩვენსავით აღნიშნული პროგრამის მონაწილეები არიან. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარ ქვეყნებში არსებული პრობლემები. გავაცანით, რას ვაკეთებთ, როგორ ვცდილობთ პრობლემური საკითხების გადაწყვეტას. ერთმანეთს ვუყვებოდით დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებზე. ერთმანეთში გავცვალეთ რჩევებიც.

ადრე რომ ვინმეს ეთქვა 16 წლის ასაკში ადრე რომ ვინმეს ეთქვა 16 წლის ასაკში

5-დღიანი ტურნეს ფარგლებში, საშუალება გვქონდა მოგვენახულებინა ბოსნიის სამი არაჩვეულებრივი ქალაქი, ულამაზესი ქუჩებით და ასევე ლამაზი სტანდარტული სახლებით. გავოცდი ისეთი მშვიდი იყო იქაურობა. არანაირი ქაოსი.

პირველად გავედი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თვეები ველოდი ამ კონფერენციას. ძალიან მინდოდა მოხვედრა გასამგზავრებელთა სიაში. სამი საათი ვიფრინეთ და ისე გაიწელა ეს დრო, ძალიან ვნერვიულობდით, ვეღარ ვითმენდით. ფრენა ძალიან სასიამოვნო იყო. სასტუმროში დავბინავდით ჩასვლისთანავე, რომელიც იყო საოცარი თავისი ნომრებით, დარბაზებით, აუზებით და ტრადიციული კერძებით.

მე-3 სართულზე ვცხოვრობდით. ფანჯრიდან სახურავზე გასვლა იყო შესაძლებელი. იქვე აეროპორტი მდებარეობს და ყველა თვითმფრინავის აფრენის ხმა გვესმოდა.

თავისუფალ დროს ვთამაშობდით ბოულინგს, დავდიოდით სასეირნოდ. ასევე, ხშირად ვსტუმრობდით საცურაო აუზს. საღამოს ძალიან ბევრს ვსაუბრობდით საკუთარ თავებზე, ჩვენს ინტერესებზე და ვცდილობდით, ბოლომდე ამოგვეწურა ერთმანეთი.

აფხაზ და ბოსნიელ ახალგაზრდებთან ურთიერთობა იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მთელ დროს თითქმის ერთად ვატარებდით. ვსაუბრობდით ერთმანეთის კულტურაზე, მთავარ ფასეულობებზე, ვუზიარებდით ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დეტალებს, ვაცნობდით ტრადიციებს, სამზარეულოს. ვცდილობდით, მეტი გაგვეგო ერთმნეთის სამშობლოზე. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის იმ კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდების გაცნობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნაწილია - დროებით ოკუპირებული. ვცდილობდი, აფხაზი თანატოლებისთვის ბევრი დადებითი ინფორმაცია მიმეწოდებინა ქართველების შესახებ. ისინი აღტაცებულები გვისმენდნენ, როდესაც ვუყვებოდი მათი და ჩვენი ხალხის წარსულ ურთიერთობებზე. მე მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები არამარტო თაობის განვითარებისთვის, არამედ ჰუმანური ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც დიდ როლს ითამაშებს. ბოსნიიდან დაბრუნების შემდეგ, იქ გაცნობილ თანატოლებს უკვე სოციალური ქსელით ვეკონტაქტები, ძალიან მინდა ვუმასპინძლო.

ამ კონფერენციამ მეტად დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და ბევრად თავდაჯერებული გავხდი. როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენი თემის პრობლემებზე და იმაზე, თუ როგორ გადავჭერით ახალგაზრდებმა ეს პრობლემები, პასუხისმგებლობა ძალიან დიდი ხდება. თავად კი, დადებითი ემოციებით იმუხტები, ბედნიერდები. ამ კონფერენციიდან მიღებულ ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ, ჩემი თემის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ვფიქრობ, ადვილად დავგეგმავ საკუთარ მომავალსაც.

Read 3072 times Last modified on კვირა, 15 ივლისი 2018 15:23