ახალ წელს დიდი ლიახვის ხეობაში ტრადიციულად ავღნიშნავდით. ნაძვის ხე, გოზინაყი, ტკბილეული, ხვავიანი სუფრა, ღორის დაკვლა. სოფლებში ღორის დაკვლას 25 დეკემბრიდან იწყებდნენ და ძველით ახალ წლამდე გრძელდებოდა. მეზობლები ოჯახში პატიჯებდნენ ერთმანეთს. ქეიფი, დროსტარება, ლამაზი ქართული სადღეგრძელოები. ძალიან ლამაზი ზამთარი იცოდა ხეობაში. იშვიათად, ახალ წელს თოვლი არ ყოფილიყო, რაც უფრო მეტად გვიქმნიდა საახალწლო განწყობას.
განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ბოლო ახალი წლის ღამე ხეობაში. 2008 წლის დადგომა განსაკუთრებული განწყობით აღინიშნა. სოფელ თამარაშენში ახლად გახსნილი კინოთეატრის წინ საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობა მონაწილეობდა. ულამაზესი საღამო იყო, ბევრი სითბო, სიყვარული და კიდევ ძალიან, ძალიან ლამაზად ბარდნიდა.
ფოტო საოჯახო ალბომიდან
მინდა ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი! მშვიდობა, ქვეყნის გამთლიანება, ხვავი და ბარაქა ვუსურვო. ჩემს დევნილებს კი მალე მშობლიურ კუთხეში ფეხბედნიერი მეკვლე!
ავტორი: მზია მეტრეველი