გორიდან ლაგოდეხში წამოსვლა, დიდწილად პეიზაჟების ძიებას უკავშირდება. მომწონს ტყე, მთა, მათი ერთობლიობა, მზის ჩასვლა, ტყიან მთაზე ნაწილობრივ გადაფარებული ღრუბლები, რომელიც ლანდშაფტს შუქ-ჩრდილად დასთამაშებს, შემდეგ, ასე ორ-სამ წუთში ღრუბლები ფორმას იცვლიან, ამის მიხედვით იცვლება სინათლის წერტილი, ჩრდილების პოზიცია, განათების სიმკვეთრე და ვიღებთ სრულიად განსხვავებულ პეიზაჟებს. პეიზაჟების ძიება და მათი სიყვარული იყო მიზეზი, რის გამოც ლაგოდეხის საბაზრო და საფასო მოცემულობის გათვალისწინებით, საკმაოდ ძვირადღირებული ბინა (4 ოთახიან ბინაში ვცხვრობ 1 ადამიანი) ვიქირავე, საიდანაც ლაგოდეხის ნაციონალური პარკის პანორამა 180 გრადუსიანი კუთხით იშლება.
აქ ყველაფერია კვალიფიციური მარკეტოლოგების, კრეატიული მენეჯერების, პიარშიკებისა და სარეკლამო აგენტებისთვის. აქაურობა სავსეა მისტიკით, მთებსა და ტყეებში ჩაკარგული უძველესი ისტორიული ნაშთებით, რომელიც შესაძლებელია შეფუთო და ძალიან, ძალიან ძვირად გაყიდო, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ ის ქვეყანა ვართ, სადაც კარგი პროფესიონალი უდიდესი ფუფუნებაა. ცოტა ხანში ლაგოდეხს ხის კენწეროების ბილიკი ექნება. 500 მეტრის დიამეტრია, 30 მეტრამდე ნაკრძალში განთავსებული ბილიკისებური კონსტრუქცია, რომელიც ხის ფესვებიდან დაიწყება და კენწეროებამდე ავა, დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, ხის ფესვებიდან გაეცნოს მთელს ეკო სისტემას, გზად კაფეტერიაში ყავა დააგემოვნოს, ბილიკის შუა წელში არსებული სივრცეები კი სხვადსხვა შეხვედრის, ტრენინგისა თუ კონფერენციის ჩასატარებლად გამოიყენოს.
ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება. მნიშვნელოვანია მოხდეს არსებული რესურსის სისტემატიზაცია, მარკეტინგულად დამუშავება, თარგმნა, ილუსტრირება და მისი გავრცელება, როგოც ვებ.გვერდზე, ასევე სოციალურ ქსელებში. დიახ, ადგილობრივი მთავრობების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს სწორედ ამ სეგმენტის განვითარება უნდა წარმოადგენდეს. როგორც ლაგოდეხს, გორსაც გააჩნია უდიდესი პოტენციალი კარგად გაყიდოს საკუთარი გეოგრაფიული და მატერიალურ-კულტურული ან თუნდაც არამატერიალური რესურსი, რაც მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის პირდაპირ პროპორციული იქნება. მაგალითად შეგვიძლია მოვიტანოთ ატენის ხეობა, სადაც ძალიან სუსტი დინამიკით მიმდინარეობს მარნებისა და საოჯახო სასტუმროების განვითარება, თუმცა სასტუმროდან და მარნიდან გამოსულ ადამიანს, გარდა ისტორიული ძეგლებისა, რომელთაგანაც გამორჩეულია VII საუკუნის ატენის სიონი, არაფერი არ ხვდება. ამას წინათ ლაგოდეხში ჩამოსულ ტურისტებს გაუავდრდათ და ,,შავი კლდეების ტბისკენ“ ვეღარ წავიდნენ, რის გამოც მთელი დღის გატარება საოჯახო სასტუმროში მოუხდათ, იმის გამო, რომ ქალაქში სხვაგან წასასვლელი, რომელიც შეიძლება მძაფრ შეგრძნებებს, საინტერესო დასვენებას, კარგ მუსიკას ან სხვა გასართობს უკავშირდებოდეს, არ არის.
დავიწყე პეიზაჟებიდან, მოვყევი საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ატენს, ტურისტებს და ვუბრუნდები ისევ პეიზაჟებს. პეიზაჟებითვე მინდა შევკრა ჩემი ბლოგი და ვიმედოვნებ, ამ ტექსტის მორალიც გასაგები იქნება.
როგორც თავში აღვნიშნე, გვანცა დოლუაშვილმა, რომელიც მართალია ძალიან საინტერესო გორის სათემო რადიოს ხელმძღვანელობს და არა რადიო BBC-ის, ჩემი ე.წ ბიუჯეტური სმარტფონით გადაღებული პეიზაჟები ნახა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუჩნდა იდეა, ჩემთვის ბლოგის დაწერა შემოეთავაზებინა. ეს ყველაფერი ციფრულ სივრცეში მოხდა. ამ პოსტსაც ციფრულ გარემოში ეცნობით. სჯობს, ჩვენც შევიტანოთ წვლილი ქვეყნის გაციფრების საშვილიშვილო საქმეში და გავუზიაროთ სამყაროს ქართული პეიზაჟები. ვიცი, ბევრია ჩემსავით პეიზაჟების მაძიებელი, რომელიც აუცილებლად დაინტერესდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებით, ატენის ხეობით და სხვა წარმტაცი პეიზაჟებით, რომელიც თავზე საყრელად მოგვეპოვება.
იმასაც გეტყვით, რომ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ჩემს ფოტოებს ხშირად 100 - ზე მეტი გაზიარება და რამდენიმე ასეული მოწონება აქვს.ეს იმ დროს, როდესაც არასდროს არც ერთი ფოტო არ გამირეკლამებია და ეს იმ მიკრო სოციუმში, რომელსაც ჩემი ფბ მეგობრები ჰქვია. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია ვივარაუდოთ, რომ თუ მაგალითად, ადგილობრივი ტურისტული ორგანიზაციები და ხელისუფლება, ყურადღებას მიაქცევს გორში ატენის ხეობის, კასპში რკონის ხეობის, ქარელში ძამას ხეობის, ხაშურში კი სურამის არაჩვეულებრივი კლიმატის და სილამაზის მქონე ზონების კარგად შეფუთვას და მათ სხვადსხვა სეგმენტისთვის, მათ შორის უცხოური ჯგუფებისთვის მიწოდებას, ვებ.გვერდის, ტვიტერის, ინსტაგრამისა თუ ფეისბუქის საშუალებით, მხოლოდ მოგებული დარჩება! სხვა შემთხვევაში, კი ბატონო, განვითარების დინამიკა პოზიტიური იქნება, მაგრამ არა იმდენად სწრაფი და ეფექტური რამდენადაც ამას ჩვენი ეკონომიკა და ეკონომიკურად გაჭირვებული მოსახლეობა ითხოვს.
პ.ს მათ კი, ვინც ჩემი პოსტის მიმართ სკეპტიკურად განიმსჭვალეთ, გეტყვით რომ თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ. რა თქმა უნდა, მხოლოდ პეიზაჟები და საინფორმაციო ტექნოლოგიები ეკონომიკას ვერ უშველის, ეს კომპლექსური პროცესია, მაგრამ დღევანდელ, ციფრულ სამყაროში მთლად უამისობა რომ არ/ვერ იქნება, ალბათ ამაში მაინც დამეთანხმებით.