Back to Top
ხუთშაბათი, 15 მარტი 2018 13:16

გორელი საზოგადო მოღვაწე, ვინც ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში მონაწილეობდა

ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ლიტერატორი და მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანი 1814 წლის 14 აპრილს გორის რაიონ სოფელ მერეთში დაიბადა. 7 წლისა იყო, როცა მშობლები დაკარგა, იგი უფროსმა ძმამ გაზარდა. 

დიმიტრი ყიფიანმა სწავლა სასულიერო სემინარიაში დაიწყო, მისი დასრულების შემდეგ კი ამავე სასწავლებელში დარჩა მასწავლებლად. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ყიფიანი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მრავალმხრივი ცოდნითა და ნიჭიერებით. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში გიმნაზიაში ქართულსა და რუსულ ენებს, ასევე არითმეტიკასა და გეოგრაფიას ასწავლიდა.

1830-32 წლებში ყიფიანი შეთქმულებაში მონაწილეობისთვის ვოლოგდაში გადაასახლეს. მაშინ დიმიტრი მხოლოდ 20 წლის იყო. გადასახლებამ ერთ ხანს შეაფერხა მისი კარიერული წინსვლა, თუმცა ვოლოგდაში ცხოვრების დროსაც შეძლო საგუბერნიო მმართველის მდივნობამდე მიეღწია.

1937 წელს სამშობლოში დაბრუნდა, ამ დროიდან დიმიტრი ყიფიანმა სხვადასხვა თანამდებობები გამოიცვალა მათ შორის, 1876-1879 წლებში თბილისის ქალაქისთავი იყო.

დიმიტრი ყიფიანი აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაშიც.

ასევე იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „ქართული დრამატული საზოგადოების“ ერთ-ერთი დამაარსებელი.

დიმიტრი ყიფიანი ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას და იცნობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურას. 1841 წელს მან შექპირის „რომეო და ჯულიეტა“ თარგმნა, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა. შემდგომში მან რუსულად თარგმნა გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“.

დიმიტრი ყიფიანი 1887 წელს სტავროპოლში გადაასახლეს და ღამით მძინარე მოკლეს. ამას წინ უძღოდა მისი საპროტესტო წერილი საქართველოს ეგზარქოსის მიმართ, რომელმაც თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის გამო, ქართველი ერი დასწყევლა. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს.

აკაკი წერეთელი წერდა: „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“.

დიმიტრი ყიფიანი დაკრძალულია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.