Back to Top
შაბათი, 21 დეკემბერი 2019 12:14

რეფორმით დამსხვრეული სტერეოტიპები

Written by
Rate this item
(3 votes)

ავტორი: თამარ წიწიკაშვილი

ბავშვობიდან მქონდა მიზნად დასახული, რომ პედაგოგი უნდა გავმხდარიყავი. რადგან ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

პედაგოგის საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურები იყო და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეტაპობრივად კლებულობდა პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველების რიცხვი, თანაც გამოუცდელი კადრის მასწავლებლად დასაქმება საჯარო სკოლებში შეუძლებელი გახდა, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე მესწავლა პედაგოგიურზე.

დავამთავრე გსუ -ს ჰუმანიტარული ფაკულტეტი უცხო ენების მიმართულებით და მომენიჭა უცხო ენების (რუსულის) მასწავლებლის კვალიფიკაცია. ამავე უნივერსიტეტში დავამთავრე მაგისტრატურის სრული კურსიც და დავიწყე სამსახურის ძიება, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად, დასაქმება შეუძლებელი აღმოჩნდა, თანამშრომლობაზე ყველა უარს მეუბნებოდა, იმის გამო, რომ არ მქონდა პედაგოგად მუშაობის გამოცდილება.

საჯარო სკოლა ჩემთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და მუშაობა დავიწყე დამატებითი განათლების სკოლა “რუსულ სკოლაში“. ჩემთვის ეს იყო დიდი მოტივაცია. გარდა იმისა, რომ ბავშვებს ვასწავლიდი, ასევე ვზრუნავდი პროფესიულ განვითარებაზე. გადავწყვიტე ჩამებარებინა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა. ასევე დავრეგისტრირდი მასწავლებლის სახლისა და განათლების სამინისტროს ერთობლივ შემუშავებულ პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ კონკურსზე (ცოტა უიმედოდ მაგრამ მაინც).

გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, მასწავლებელთა სახლშიც წარმატებით გავიარე კონკურსის ყველა ეტაპი და მიზნად დავისახე ყველა გამოცხადებულ ვაკანსიაზე დავრეგისტრირებულიყავი და კიდევ მეცადა საჯარო სკოლაში პედაგოგის პოზიციაზე დასაქმება.

ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ სკოლას ექნებოდა სურვილი ჩემთან თანამშრომლობის. მქონდა მზაობა წავსულიყავი გორის და გორის რაიონის ნებისმიერ სკოლაში. ყველგან საკმაოდ მაღალი კონკურსი იყო და ბოლომდე არ მჯეროდა, რომელიმე სკოლა თუ დამიკავშირდებოდა. თითქმის იმედგადაწურული ვიყავი, გორის №1 საჯარო სკოლიდან რომ დამირეკეს თანამშრომლობის შესახებ და ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა: დავრწმუნდი, რომ მონდომებით, განათლებით და მიზანდასახულობით შედეგს აუცილებლად მიაღწევ.

ალბათ მისმენენ აბიტურიენტებიც, ეს ამბავი დიდწილად მათთვის მოვყევი. მასწავლებლის პროფესია დღეს გაცილებით დაფასებულია და ცხადია რომ დღეს მოტივირებული პედაგოგი ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მე გირჩევთ თუ შეგიძლიათ მასწავლებლობა, აირჩიეთ პედაგოგის პროფესია. ისწავლეთ, დაისახეთ მიზანი და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 567 times Last modified on კვირა, 22 დეკემბერი 2019 15:50