Print this page
ხუთშაბათი, 16 იანვარი 2020 15:09

რეფორმა მასწავლებლების წინსვლის და განვითარებისთვის

Written by
Rate this item
(1 Vote)

ავტორი: ლია მაზმიშვილი, ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი

 

მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩემი აზრი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც სკოლებში ვაკანსიები გამოჩნდა და მასწავლებლობის მსურველებს გაგვიჩნდა რეალური შანსი საჯარო სკოლაში დასაქმებისა.


2011–2012 სასწავლო წელს მაძიებელ–მასწავლებლის ერთწლიანი პროექტის ფარგლებში, მივლინებული ვიყავი გორის მეცხრე საჯარო სკოლაში. პროექტის დასრულებისთანავე გავხდი სერთიფიცირებული: ჩავაბარე პროფესიული უნარების და დაწყებითი (I–VI) საფეხურის ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდა, მოგვიანებით, 2014 წელს, ისტორიის გამოცდა, ხოლო 2016 წელს კი მაღალი საფეხურის (VII–XII) ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა. მაგრამ მიუხედავად არაერთი მცდელობისა ვერ მოვახერხე საჯარო სკოლაში დასაქმება, რადგან არ არსებობდა ვაკანტური ადგილი.


ამ წლების განმავლობაში, ვმუშაობდი კერძო სკოლაში, სადაც მოგეხსენებათ სქემის ფარგლებში კარიერული წინსვლა შეუძლებელია.


ჩემთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ მასწავლებელს მიეცა სტატუსის შეცვლა–ამაღლების საშუალება, რასაც უზრუნველყოფდა სქემაში ჩართვა და განხორციელებული აქტივობები. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო სექტორში ვიყავი დასაქმებული, დროულად ვერ ჩავერთე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში.


მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დავთანხმდი შემოთავაზებას, მემუშავა დროებით, შემცვლელ მასწავლებლად სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლაში. იქ მომეცა სქემაში ჩართვის საშუალება და დავიწყე კრედიტ-ქულების დაგროვება სტატუსის ამაღლების მიზნით.


მიმდინარე რეფორმამ, მე და ჩემს მსგავს ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ვერ ვახერხებდით საჯარო სკოლაში შესვლას, მოგვცა საშუალება დავსაქმებულიყავით და ხაზი მინდა გავუსვა, დავსაქმებულიყავით ღირსეულად, დამსახურების მიხედვით, რადგან ვთვლი რომ თითოეული ახლადდასაქმებული პედაგოგი ობიექტურად, დიდი კონკურენციის შედეგად შეირჩა და ეს უფრო საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოცაა.


გასაუბრებაზე მისულს, კომისიის წევრთაგან პირველივე დასმულმა შეკითხვამ იმედი ჩამოსახა, რადგან შეკითხვა არ იყო ფორმალური ხასიათის, ის რეალურად ამოწმებდა კანდიდატის მოტივაციას და გამოცდილებას.


გასაუბრების წარმატებით გავლის შემდეგ, დავსაქმდი შინდისის საჯარო სკოლაში, სადაც საუკეთესო გარემოა შექმნილი მუშაობისა და წინსვლისათვის. სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელის პროექტში, რაც ძალიან საინტერესო და სასიხარულოა ჩემთვის, რადგან ბუნებით სიახლეების მაძიებელი გახლავართ.


აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სამინისტროს ისე როგორც არასდროს, ეხლა დააფასა დამსახურებული და ღვაწლმოსილი პედაგოგები! ვგულისხმობ საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფულად ჯილდოს.


ვთვლი, რომ ასეთი რეფორმა სწორედ დროული და საჭირო იყო. სკოლებში შევიდა ახალგაზრდა, მოტივირებული კადრი, რომელიც ჩემი აზრით უკეთ შეძლებს აღჭურვოს მოსწავლე–ახალგაზრდობა იმ უნარ–ჩვევებით, რაც სჭირდება XXI საუკუნის ადამიანს.



 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 745 times