Back to Top
პარასკევი, 17 იანვარი 2020 11:58

საცურაო აუზების ამბავი გორში - სად და როდის გაიხსნება აუზები?

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება გორელებისთვის საცურაო აუზის მოწყობა იყო. მიუხედავად ამისა, გორში ყველა ასაკის მსურველზე გათვლილი აუზი დღემდე არ ფუნქციონირებს.


აუზის მშენებლობა გორის მუნიციპალიტეტის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 2019-2020-2021 წლების სტრატეგიის მიხედვითაც იყო გათვალისწინებული. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, აუზის მშენებლობისთვის 588 915 ლარი უნდა დაიხარჯოს და მშენებლობა 2021 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.


"პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქ გორის და გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს 149 000 კაცს, მიიღებს თანამედროვე კეთილმოწყობილ საცურაო აუზის შენობას. აუზის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ჯანსაღი თაობის აღზრდას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას", - ვკითხულობთ აღნიშნულ დოკუმენტში.

 

დოკუმენტის თაობაზე რადიო "მოზაიკა" გორის მერიას დაუკავშირდა. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით, სტრატეგიით გაწერილი აქტივობების ზედმიწევნით შესრულების ვალდებულება მერიას არ გააჩნია. როგორც ნათია მდინარაძემ გვითხრა, ამ ეტაპზე ქალაქში მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობა არ იგეგმებაა. 

 

"არ არის სავალდებულო, რომ სტრატეგიით გაწერილი პროექტებიდან ყველა განხორციელდეს. რაც შეეხება საცურაო აუზს, მერია ამ ეტაპზე მის მშნებებლობას არ აპირებს, თუმცა შესაძლოა, მომავალში ააშენოს კიდეც. ამ ეტაპზე, მერია ცდილობს, მოიზიდოს ინვესტიცია, რომ რომელიმე კერძო კომპანიამ ააშენოს ქალაქში აუზი", - გვითხრა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

 

 

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ქალაქ გორში 2 აუზი ეწყობა. ორივე მათგანის მფლობელი კი კერძო კომპანიაა. ერთ-ერთი აუზის მშენებლობა სასტუმრო "Georgia Gold"-ში მიმდინარეობს. როგორც დაწესებულების მენეჯერი ანი ლურსმანაშვილი ამბობს, აუზი მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს იქნება მზად.


"აუზი მხოლოდ სასტუმროს სტუმრებისთვის არ იქნება გათვლილი. სარგებლობას შეძლებს ყველა. ქალაქისთვის კეთდება და ყველა კატეგორიაზეა გათვლილი და თებერვლის ბოლოს მზად იქნება", - აცხადებს ანა ლურსმანაშვილი.

 


რაც შეეხება მეორე აუზს. მისი მშენებლობის დასრულების თარიღი კვლავ უცნობია.როგორც ცნობილია, მშენებლობა გორის სპორტ-სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.


ამავე თემაზე: გორის მერი ამბობს, რომ ახალ საცურაო აუზს 4 სივრცე ექნება


გარდა ამისა, გორში უკვე ფუნქციონირებს კერძო საცურაო აუზი, რომელიც მხოლოდ ბავშვებზეა გათვლილი. აუზი, რომელიც თბილისის ქუჩაზე მდებარეობს 2 დან 15 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

 

 

 

Read 615 times Last modified on პარასკევი, 17 იანვარი 2020 12:49