Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 23 იანვარი 2020 14:56

როცა სისტემისთვის მიუღებელი ხარ - ალექსანდრე ვალიაურის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

„რესპუბლიკური პარტიის“ გორელი წევრი ალექსანდრე ვალიაური უმუშევარია. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის პოზიციაზე 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2015 წელს გორის მერმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა. მაშინდელი მერის ეს გადაწყვეტილება ვალიაურმა სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

მისი განმარტებით, 2 წელზე მეტი დასჭირდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, მეორე ინსტანციას კი, 1 წელი.

 

„მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესი ორგანიზაცია - საია მიცავს, მაინც დროში გაიწელა ეს პროცესი, ამდენი წლის შემდეგაც ვერ ვიპოვე სამართალი. გარდა ამისა, უზენაესმა სასამართლომ დაარღვია ვადები, 27 ივლისს უნდა ყოფილიყო ჩემთვის ცნობილი სარჩელი იქნა თუ არა დასაშვებად, თუმცა ამ დრომდე არაფერი უცნობებიათ,“ - აცხადებს ალექსანდრე ვალიაური.

 

4 წლის და 4 თვის განმავლობაში, ალექსანდრე ვალიაურმა არაერთხელ სცადა სამსახურის დაწყება, თუმცა უშედეგოდ. რადიო „მოზაიკასთან“ ის იმ პერიოდს იხსენებს, როცა ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერობაზე იმ მოტივით უთხრეს უარი, რომ მეპატრონეს ამ მთავრობასთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურდა.

 

„სუპერმარკეტში მენეჯერის პოზიციაზე მინდოდა მუშაობის დაწყება.ისე გამოვიდა, რომ ჩემთვის ხელფასის გადახდა ნიშნავს ამ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას. კერძო სექტორიც კი გრძნობს, რომ თუ შენ აქტიური მოქალაქე ხარ, რომელიც აპროტესტებ სისტემურ დანაშაულებს და გადაცდომებს, ე.ი არ უნდა აგიყვანოს სამსახურში ,რადგან შესაძლოა არსებულ ხელისუფლებასთან პრობლემები შეექმნას. მეგობრულად მითხრა დამსაქმებელმა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაფერისი კადრი ხარ ამ პოზიციისთვის, ამ ხელისუფლებასთან არ მინდა ცუდი ურთიერთობაო“, - ამბობს ალექსანდრე ვალიაური.

 

ალექსანდრე ვალიაური ფიქრობს, ის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლია. როგორც ალექსანდრე ამბობს, მის წინააღმდეგ კამპანია მაშინ აქტიურდება, როცა თავად იწყებს პოლიტიკურ აქტივობებს ან აკეთებს ოპოზიციურ განცხადებებს. 

 

„ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანიები მაშინ აქტიურდება სოციალურ ქსელში, როცა რაიმე ოპოზიციურ განცხადებას გავაკეთებ ან პოლიტიკურად გავაქტიურდები. ბოტები და ტროლები მუშაობენ ჩემ წინააღმდეგ. არის გამოყენებული სიძულვილის ენა, რომ მე ვარ ოსი და ვატყუებ ხალხს ჩემს წარმომავლობასთან დაკავშირებით, ასევე მემუქრებოდნენ ჩემი „პიდარასტული“ ვიდეოების გასაჯაროებით, ხაზი ესმეოდა ჩემს შეხედულებებს რელიგიასთან დაკავშირებით და საკმაოდ ცუდ კონტექსტში ახსენებდნენ ჩემს სახელს და გვარს, რომ მე ვარ ურწმუნო, ურჯულო და ა.შ“, - ამბობს ვალიაური.

 

 

ალექსანდრე ვალიაურის ამბავს იურისტი დავით გიგაური აფასებს. მისი აზრით, ვალიაურს შეუძლია ახალი სამართლებრივი დავის წამოწყება. მისი აზრით, როგორც კერძო სექტორი, ასევე პოლიტიკური პარტიები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაემიჯნონ განსხვავებულის დაგმობასა და „შინაურის“ დასაქმებას.

 

 

„ვალიაურს მოცემულ შემთხვევაში თავისუფლად შეუძლია სამართლებრივი დავის წამოწყება და მას კიდევაც აქვს დიდი გამოცდილება იმისათვის, რომ ეს კარგად განახორციელოს, მაგრამ აქ უკვე ადამიანური ფაქტორი შემოდის, რომელიც ხშირად ჩვენ იურიდიულ ბერკეტებს გვართმევს - მეგობრულად აუხსნა ვაკანსიის ავტორ-დამსაქმებელმა, რომ მას არ სურს სახელისუფლებო წრეებთან შეექმნას პრობლემა. გამოდის, რომ ერთის მხრივ ადამიანი გავათავისუფლეთ საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური განსხვავებული მოსაზრებების გამო და მეორეს მხრივ, არ ვიღებთ კერძო სექტორში იმავე მიზეზით, მაგრამ განსხვავებული მოტივაციით, მაშინ რას ვეუბნებით ადამიანს, რა ხერხს მიმართოს, რათა დღეს უხეშად რომ ვთქვათ. თავი შეინახოს?“, - ამბობს დავით გიგაური.

 

მისივე აზრით, მსგავსი სამართლებრივი წინააღმდეგობების ფონზე, კანონის აშკარა უპატივისმცემლობის და ძალიან მახინჯი პრაქტიკის პირობებში ორგანიზაციები და საჯარო უწყებები ძალიან ხშირად კარგავენ პროფესიონალი კადრის აყვანის შესაძლებლობას.

 

„იმ შემთხვევაში, თუ კადრს აიყვან სამსახურში და ის მოვალეობის შესრულების საათებს დაუთმობს პოლიტიკურ საქმიანობას ან სხვა ხელის შემშლელ ფაქტორებს, მაშინ შრომის კოდექსი საკმაოდ კარგად იძლევა მსგავსი კადრის გაშვების საფუძვლებს, მაგრამ უარის თქმა პოლიტიკური მოტივით მაშინ, როდესაც მხარეს არ შეუძლია დაასაბუთოს, რომ საფრთხე შეექმნება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, დანაშაულია საკუთარი ორგანიზაციის წინაშე, პირველ რიგში, რომელმაც საკმაოდ კარგი კადრი დაკარგა. და ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი მინიმუმ ერთ უმცირესობას მაინც წარმოვადგენთ".

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "მედიაადვოკატირების კამპანია ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციისთვის" ფარგლებში. რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციოაციის მიერ . მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები, მასალაში გამოთქმული ყველა მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს საიას ოფიციალურ პოზიციებს.

Read 656 times Last modified on ხუთშაბათი, 23 იანვარი 2020 15:19