Back to Top
შაბათი, 01 თებერვალი 2020 13:03

ახალგაზრდობა, როგორც მთავარი ძალა

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: არინა თავაქარაშვილი

 

იმდენი პრობლემა დაგროვდა და იმდენად დამძიმებულია ჩვენი გარემო, რომ მიჭირს კიდეც, რა გამოვყო სასაუბროდ და როგორ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. და მაინც ავარჩევდი ერთ მარადიულ და მუდმივ ცნებას ახალგაზრდობას, თავისი პრობლემებით, ღირებულებებით, თავიანთი დამოკიდებულებებითა და მცდელობებით, სიწრფელითა და პრაქტიკული ჭკუით, მიზანსწრაფულობით და თავის დასამკვიდრებლად საკუთარი ძიებებითა და მიდგომებით.

ჩვენი ახალგაზრდობა ამ ქვეყანას მოევლინა უშუქობის, უგაზობის, პურის რიგში საათობით დგომის, საოჯახო ნივთებისა და სამკაულების დალომბარდებების, რამის „ორღობეებში“ გახსნილი უნივერსიტეტების, სკოლაში გაკვეთილებზე მოსწავლეების დიდი ნაწილის არ დასწრების, წიგნის გაუფასურების, სწავლის და განათლების დიახაც მასხარად აგდების, სამსახურებში ახლობლობით, ნათესაობით, თუ გარიგებების საშულებებით დანიშვნის, მასიური კორუფციის, კლიენტერიზმის გამეფების დროს. მაგრამ სამაგიეროდ როცა წამოიზარდნენ, დახვდათ ერთიანი ეროვნული გამოცდები, სკოლების შესახებ კანონმდებლობით მოწესრიგების, უნივერსიტეტების ავტორიზაციის და აკრედიტაციების პროცესი.

 

ახლა უკვე ტრადიციად ქცეული წიგნის ფესტივალი, საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს მიერთება ბოლონიის პროცესთან, მობილობის კარგი საშუალება სასწავლებლის შეცვლისა, უცხოეთის კარგ და წარმატებულ სასწავლებლებში გაცვლითი პროგრამებით განათლების მიღებისა და სასურველ უნივერსიტეტში სწავლისა და საქმიანობისა. საბჭოური ასპირანტურა თანამედროვე დოქტურანტურამ შეცვალა. უფრო საინტერესო გახდა საგანმანათლებლო საქმიანობა, უფრო მოთხოვნადი სპეციფიური წიგნი, უფრო მეტის სურვილი გაჩნდა სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა. ინოვაციებით დაინტერესებამ მოტივაცია გაააჩინა. ანუ სწავლებამ და განათლებამ წარმატებისკენ უბიძგა ახალგაზრდებს.

 

 

ამ თაობას უნდა დავახვედროთ სახელმწიფო, სადაც კონკურენცია, აზრთა ჭიდილი, გონიერება, განვითარება იქნება დასაქმების საშუალება, სადაც რეგიონსა და დედაქალაქს შორის ცხოვრება ერთნაირი სიჩქარით მიემართება, სადაც მერიტოკრატიული მმართველობა იქნება წინსვლის გარანტი, სადაც გვარ-სახელები მარტო მემკვიდრეობით კი არა, საკუთარი შესაძლებლობებით წარმოჩინდება და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა ყველას შეეძლება.


დღევანდელი საქართველო ამ გზების ძიებაშია, ახალგაზრდობის ნაწილი საზღვარგარეთ იღებს განათლებას, ნაწილი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში „ჩასკუპებას“ სამართლიანად აპროტესტებს, ნაწილი რუსთაველზე პროპორციულ არჩევნებს ითხოვს.


ერთი ნაწილი კი კარიერისთვის ხელისუფლებასაა მიტმასნილი (ასე სხვა დროსაც ყოფილა, არახალია ასეთი სიტუაცია), მცირე ნაწილი მიწაზე შრომობს და დიდი ნაწილი უკეთესი მომავლის და წარმატების ძიებაში ტოვებს რეგიონს და დედაქალაქისაკენ მიემართება მეტი განათლებისა და დასაქმებისთვის სხვადასხვა სფეროში...

 

და რაც ყველაზე მძიმე განცდებს იწვევს საკმაო დიდი ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობისა საზღვარგარეთ მიდის დასაქმებლად, სასწავლებლად, კარგი ანაზღაურებისა და წარმატების მისაღწევად. როცა ისინი ნახულობენ კანონზე და პროგრესულ სისტემაზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც კანონმორჩილება და ინოვატორობა წარმატების საწინდარია, ძნელია მათ უკან მობრუნება სთხოვო ან მოსთხოვო, იქ, სადაც არ ელოდებათ პერსპექტივა. ეს სამწუხარო რეალობაა და მის შესაცვლელად სამართლიანობა, კანონზე აქცენტირებულობა, პოლიტიკური სიწრფელე და გონიერება, სიმართლე და ღიააობა საჭირო.


გავითავისოთ ვითარება და ქვეყანა იმ გზით ვატაროთ, რომ დაბრუნება ცხოვრების წესად აქციოს ახალგაზრდობამ, ეს გადაარჩენს საქართველოს. ახალგაზრდების თვალებიდან, ქცევებიდან, საქმიანობიდან თავისუფალი, სამართლიანი, ერთიანი 21 საუკუნის, 22 საუკუნისკენ მზირალი საქართველოა.

 

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 274 times Last modified on შაბათი, 01 თებერვალი 2020 13:22