Back to Top
ორშაბათი, 03 თებერვალი 2020 13:51

რწმენით ყველაფერს მოვერევით

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მაია ტურაშვილი

მინდა გავამხნეო ყველა, ვინც მძიმე სენს ებრძვის ან ქრონიკულ დაავადებებს. ყველა დაავადება თავისებურად რთულია და თითქმის ყველა სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ როდესაც ადამიანები იგებენ რომ სიმსივნე აქვთ, გლოვას იწყებენ და ემშვიდობებიან სიცოცხლეს.


ეს ძალიან მცდარი შეხედულებაა, რადგან არც სიმსივნის დიაგნოზის დამალვას გირჩევთ და არც დანებებას. დამალვა საკუთარ თავში ჩაკეტვას იწვევს, რაც დეპრესიაში აგდებს ადამიანს და ნელ-ნელა სპობს, დანებება კი იგივე სიკვდილია.


ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აბა დაფიქრდით, რთული საქმე ადვილად მოგიგვარებიათ? რა თქმა უნდა, არა. ყველაფერს ბრძოლით ვიპოვებთ. უბრძოლველად ცხოვრება უინტერესოც კია. ამიტომ მე ჩემ მაგალითს გეტყვით.


როდესაც გავიგე დიაგნოზი, რა თქმა უნდა, ძალიან დაუჯერებელი იყო და დიდი შოკიც, მაგრამ სულ სამი დღე გასტანა ჩემმა დეპრესიამ. გავიაზრე, რომ ამ მდგომარეობაში ყოფნით ვერაფერს შევცვლიდი და მოქმედებაზე უნდა გადავსულიყავი. მიზნად დავისახე, რომ მე ამ ვერაგს დავძლევდი და ასეც მოხდა.


მინდა გითხრათ, რომ ტვინს რა ბრძანებასაც აძლევს ადამიანი, სწორედ ისე ვითარდება ყველაფარი. მეც ეგ ბრძანება მივეცი ჩემ შინაგან ქვეცნობიერსაც და ცნობიერსაც, რომ ეს დაავადება განაჩენი არაა და ამას აუცილებლად მოვერევი! რომ ჩემ ოჯახს ვჭირდები და რომ მათ შეშინებულ და დამფრთხალ სახეებს უთუოდ ღიმილს დავუბრუნებდი. უფლის მოცემულ სიცოცხლეს ასე ადვილად არ დავთმობდი!


ამ დაავადებამ მართალია მთელი ჩემი ცხოვრება ყირაზე დააყენა - სხვა რეჟიმში და სიტუაციაში გადავედი უცბად, მაგრამ მეორე მხრივ უფრო ღრმად დამანახა სიცოცხლის ფასი, რომ ამ ცხოვრებაში პრიორიტეტი სიყვარული და ბევრი სიკეთეა, რომ რაც არუნდა დიდი ქონება დააგროვო მაინც ისეთი გახვალ ამ ქვეყნიდან როგორიც მოხვედი და რომ უნდა აკეთო ის, რაც გაბედნიერებს.


იტყვით როგორო, მაგრამ მერწმუნეთ ცოტახანს რომ დაჯდეთ და დაფიქრდეთ თქვენც აუცილებლად მიხვალთ იმ აზრამდე რომ ეს ასეა.


ადამიანი ხომ უფლის ყველაზე დიდი სასწაულია, მთავარია ძალიან მოინდომოს რამე და უეჭველად გამოუვა. უფალმა ადამიანი თავის ხატად შექმნა. სწორედ ამიტომ გვაქვს მრავალმხრივი ნიჭი თუ მოვინდომებთ ყველაფერი გამოგვივა.


20 საუკუნის ბოლოდან განსაკუთრებით თვალში საცემი განვითარება ჰპოვა ტექნიკამ და ძალიან ბევრმა სფერომ. ეს რა, შემთხვევითია? არა ბატონებო, ეს შემთხვევითი არაა (საერთოდ არ მწამს შემთხვევითობა. ყველაფერი მიზანმიმართულია), რადგან ჩვენ უფალმა მოგვცა უნარი და ეს უნარია სწორედ რომ გვაქმნევინებს სიცოცხლიდან დაწყებულს ყველაფერს.


ამიტომ როდესაც ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და განსაცდელი მოდის ესეც უფლის გამოცდაა, როგორ გავუმკლავდებით მას. გვჭირდება სრული მობილიზაცია, ბევრი პოზიტივი და რაც მთავარია უფლის გზა ანუ რწმენა. რწმენა უმთავრესია ყველანაირ ბრძოლაში გასამარჯვებლად.


ასე რომ ჩვენ ხელშია ჩვენი სიცოცხლეც და კეთილდღეობაც. ვაი-ვიში, წუწუნი, საკუთარი თავის სიბრალული, უფლის გმობა - ეს ყველაფერი მხოლოდ ცოდვებს გაგვიზრდის და დეპრესიაში ჩაგვაგდებს. ბევრიც ურტყი კედელს თავი ამით რას შეცვლი?!


ამიტომ მოქმედება, მოქმედება და მოქმედება... უამრავი პოზიტივი, დიდი სიყვარული და რაც მთავარია რწმენა დაგვაძლევინებს ყველაფერს. მადლობა უფალს! სულის სიძლიერეს გისურვებთ ყველას. ჩვენთან არს ღმერთი.

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 226 times