Back to Top
სამშაბათი, 04 თებერვალი 2020 13:23

დღევანდელი კავშირი ერისთავის თეატრსა და მაყურებელს შორის

Written by
Rate this item
(1 Vote)

 

ავტორი: კობა კოპაძე

 

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ იმ თეატრში მოვხვდებოდი და იმ მსახიობების გვერდით მომიწევდა სცენაზე დგომა, რომლებსაც დარბაზიდან ვეტრფოდი, როგორც მაყურებელი.


1994 წლიდან დღემდე უამრავ რეჟისორთან, სამხატვრო ხელმძღვანელთან, მსახიობთან და დირექტორთან მომიწია მუშაობა. ფაქტია, რომ მათ უამრავი კარგი რამ მასწავლეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას. რა თქმა უნდა, ყველა წელს თავისი ელფერი ჰქონდა. წინა წლებში სხვა სტილის სპექტაკლები იდგმებოდა, უფრო მასიური-მასშტაბური, როგორც დეკორაციის თვალსაზრისით ასევე მსახიობთა რაოდენობით.


ჩვენს თეატრს (ერისთავის თეატრს) მრავალფეროვანი რეპერტუარი აქვს. გვაქვს როგორც ქართული, ასევე უცხოური დრამატურგია, საბავშვო სპექტაკლები თავისთავად, ასევე აქტიურად მიმდინარეობს თოჯინური სპექტაკლები და როგორც ყველა თეატრს, ჩვენც გვაქვს "სალაროს სპექტაკლები".


ჩემს ბავშვობაში, სკოლაში მახსოვს გვირიგებდნენ თეატრის და ფეხბურთის აბონემენტებს, და ეს იყო აუცილებელი (ოჯახს ჰქონდა ფული თუ არა), უნდა აგეღო. ახლა კი მაყურებელი თვითონ ითხოვს აბონემენტს სალაროში და ეს ძალიან კარგია. მაყურებლის თვალსაზრისით ახალგაზრდობამ იმატა თეატრში.

 

მაყურებელი ვახსენე და უნდა ვთქვა - რაც ყველაზე საწყენია და დღემდე მოუწესრიგებელია, ესაა მაყურებლის დაგვიანებით მოსვლა თეატრში, - "მაინც გვიან იწყებენ, რა გვეჩქარება." ეს თქვენს გამო ვიწყებთ სპექტაკლს გვიან, პატივცემულო მაყურებელო!


თეატრმა იფიქრა, როგორ მოეგვარებინა ეს პრობლემა. ერთხანს ვიფიქრეთ კარი დაიკეტოს და დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში აღარ შეშვებულიყო, მაგრამ გამოდის რომ 15 კაცისთვის უნდა ვითამაშოთ? მაყურებელი მოდის 10, 15, 20 წუთის დაგვიანებით, საუკეთესო შემთხვევაა აფიშაზე მითითებულ დროს მოსვლა, რაც ძალიან ცუდია.


ძვირფასო მაყურებლებო, მინდა იცოდეთ, რომ მსახიობი ერთი საათით, საათ ნახევრით ადრე მოდის და ემზადება სპექტაკლისთვის რათა სრულყოფილად წარსდგეს თქვენს წინაშე. ხომ შეიძლება ნახევარი საათით ან ოცი წუთით ადრე თქვენც მოხვიდეთ, მითუმეტეს, როცა თეატრის კარი წარმოადგენის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე უკვე ღიაა.


კიდევ ერთი გულისტკივილს გაგანდობთ; ჩვენს ქალაქში უამრავი უნიკალური შენობა-ნაგებობაა,რომლებიც როგორც პატივისცემას, ასევე მოფრთხილებას საჭიროებს. უკვე ათეული წლებია, თეატრის მარჯვენა და მარცხენა კედლის ფასადებს ჩვენივე მოქალაქეები (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ) "ამშვენებენ" სხვადასხვა წარწერებით და ნახატებით. თეატრმა საკუთარი ხარჯებით რამდენჯერმე გაასუფთავა ეს კედლები, მაგრამ იგივე მეორდება. გასუფთავება ხდება ე.წ. ბარგალკით, რაც ძალიან აზიანებს კედელს და პირვანდელ სახეს უკარგავს, ანუ ჩვენი შენობის ფასადი მახინჯდება.


უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ნუ დააზიანებთ ჩვენი თეატრის შენობას.


და კიდევ ერთი. თეატრის წინ, გადასარევი ბაღი გვაქვს, პატარა შადრევნით და სკვერით. კარგი იქნება სკვერში ლამაზი ყვავილები თუ დაირგვება, თეატრის ბაღს კი ძალიან დაამშვენებდა ა.წ. გარდაცვლილი კულტურისა და საზოგადო მოღვაწეების ბიუსტები. ჩემი აზრით ამით სკვერს სხვა დატვირთვა მიეცემოდა. კარგი იქნება ქალაქის მერია ამასთან დაკავშირებით თუ იფიქრებს.


და ბოლოს, მინდა ჩემს ქალაქს, ჩემს გორს და გორელებს მოგეფეროთ და გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხართ. მახსოვს წლების წინ ქალაქში ბანერები იყო წარწერით - "გორი ჩემი ქალაქია."


გვახსოვდეს, გორი ჩვენი ქალაქია.

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 574 times