Back to Top
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2020 21:12

"მადლობელი ვარ იმის, რასაც ღმერთი მაძლევს” - 85 წლის ეგრესის  ისტორია 

Written by
Rate this item
(1 Vote)

- ღმერთმა დაგლოცოს, შვილო, - მოხუცი ქალი ყველა მყიდველს საეკლესიო სანთელთან ერთად, ამ დალოცვასაც გააყოლებს ხოლმე.

 

სხვადასხვა ზომის და ფერის სანთლებს ის გორის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთი ბანკის შესასვლელთან ყიდის. ახლახანს მას 85 წელი შეუსრულდა. საკუთარი დაბადების დღეც ამ კიბეებზე გაატარა.

 

"ჩემი რძალი ონკოლოგიური ავადმყოფია. გამოვდივარ, რომ ორი კაპიკი ვიშოვო და მედიკამენტები შევუძინო, რომელიც ძვირადღირებულია. დღეში 20 – 25 ლარისას ვყიდი., ერთი შეკვრა ლარად მაქვს, ბევრს უნდა ყიდვა, მაგრამ ფული არ აქვთ. რა ქნან, ხალხს უჭირს. მადლობელი ვარ იმის, რასაც ღმერთი მაძლევს”, - ამბობს ეგრესი და სანთლებს მწყობრად და სიმეტრიულად ალაგებს.

 

მას რვა ოჯახის წევრი ჰყავს. 9 ადამიანი ორ-ოთახიან ბინაში ცხოვრობს. მისი შვილიც მუშაობს, მაგრამ როგორც ეგრესი გვიყვება, მხოლოდ ხელფასი და პენსია ოჯახს არ ჰყოფნის.

 

" ჩემი შვილი მუშაობს, მე პენსიაც მაქვს, მაგრამ არ გვყოფნის.“

 

ეგრესს 15 წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა. ქუჩაში გამოსვლა და შემოსავლის ახალი წყაროს ძიება სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო.

 

" მას შემდეგ რაც ჩემი ქმარი გარდაიცვალა, სანთელს ვყიდი, აგერ უკვე 15 წელია. ხან ეკლესიების ეზოში ვარ, ხან ასე ქუჩაში, ბოლო წლებია აქ მოვდივარ”.

 

ეგრესი საკუთარ მეუღლეს ახლაც თბილი და მოსიყვარულე ხმით საუბრობს.

 

"კარგად მახსოვს ის პერიოდი. 1954 წელი იყო. მაშინ კახეთიდან უკვე წამოსული ვიყავი და სულ გორში ვიყავი. სადაც ვცხოვრობდი, იქ გავიცანი ჩემი მეუღლე. არ მომასვენა, რომ გამიცნო და გავყევი ცოლად. ისიც მშრომელი კაცი იყო და ასე მოვდიოდით წლები”.

 

ეგრესი ჯერ ქარხანაში მუშაობდა, მისი დახურვის შემდეგ კი სასადილოში დაიწყო მუშაობა.

 

“ყოველთვის ვმუშაობდი, უმუშევარი არასდროს ვყოფილვარ, ამ ასაკის ქალი ვარ და მუშაობა არც ახლა მეზარება, მთავარია ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი. სახსრების ანთება მაქვს. საკუთარი თავისთვის ფულს ვერ ვიმეტებ, სახალხო მედიცინით ვმკურნალობ, იოდს ვისვამ ფეხზე და თბილად ვიხვევ. ჯოხით დავდივარ, მაგრამ მაინც ყოჩაღად ვარ, ხალისით ვაკეთებ ჩემ საქმეს. ნეტა ჩემი ოჯახი მყავდეს კარგად, ჩემი ოცნება და ნატვრა ეგაა, მე ბებერი ვარ უკვე, ჩემი რძალი მინდა კარგად იყოს, სამი შვილი ჰყავს და ბავშვებს ჯანმრთელი დედა უნდათ”.

Read 738 times