Back to Top
შაბათი, 08 თებერვალი 2020 13:06

ფიქრი ჩემი ქალაქის ტურისტულ შეთავაზებებზე

Written by
Rate this item
(3 votes)

ავტორი: თენგო ცერცვაძე

 

ყველაზე დიდი მინუსი, რომელიც ჩვენ ქალაქს მუდამ მიჰყვება, ისაა რომ აქ ტურისტი ღამის გასათევად არ ჩერდება და თუ გაჩერდა, მაშინ თითქმის არაფრის შეთავაზება არ შეგვიძლია იმისთვის, რომ აქ ფული დახარჯოს. სწორედ ამიტომ, საჭიროა ტურისტული შესაძლებლობების განვითარება. მიუხედავად მრავალფეროვანი ლანდშაფტისა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა, რომელიც გორის გარშემო უხვადაა, ქალაქი მაინც არ გამოირჩევა ტურისტული შესაძლებლობების მრავალფეროვნებით.

 

 

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ევროპის ეკოტურიზმის კონფერენციისთვის იაპონიიდან ეკოტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ექსპერტი მასარუ ტაკაიამა ესტუმრა, კონფერენციამდე ერთი დღით ადრე, შევთავაზეთ, რომ გორი დაეთვალიერებინა, კერძოდ, უფლისციხე და ატენის სიონი.

 

ჩვენი მოგზაურობისას, ბევრს ვუყვებოდი აქაურ კულტურაზე, უფლისციხეზე, როგორც აბრეშუმის გზის ქალაქზე. ბევრი ვისაუბრეთ, ბოლოს გადავწყვიტეთ ხიდისთავში, ერთ პატარა მარანში შევსულიყავით და ნატურალური ღვინო დაგვეგემოვნებინა. მარნის მფლობელმა არც კი იცოდა, ვინ ჰყავდა სტუმრად, ისეთი მასპინძლობა გაგვიწია და ისეთი ღვინოები გაგვიხსნა, რომ ჩვენი იაპონელი სტუმარი კონფერენციის დასრულების შემდეგაც კი აღტაცებით გაიძახდა მათ სახელს. ამით, იმის თქმა მინდა, რომ რეალურად იმაზე მეტი შეგვიძლია შევქმნათ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

 

ამას დაემატება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლებს შორის, წყლის გაყვანილობები, გაზიფიცირება და საბოლოო ჯამში იქმნება ერთი დიდი პროდუქტი, რომელსაც „გორის მეღვინეობა“ ქვია (ამ სახელს პირდაპირ ნუ გაიგებთ).

 

მუნიციპალიტეტში არ არსებობს ტურისტული/სალაშქრო ბილიკები, რომელიც რეკრეაციული ზონებს დამატებით ღირებულებას შესძენს და ხელს შეუწყობს მის განვითარებას. თუმცა, ახალი კანონპროექტის (ჩვენ მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბება) დამტკიცების შემთხვევაში, ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრება და უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებასაც.

 

 

ამ პრობლემას რაც უფრო ადრე აღმოვფხვრით, მით ნაკლები თავსატკივარი გვექნება მომავალში.

 

შეუძლებელია არ აღვნიშნო ის უდიდესი პოტენციალი, რომელიც მუნიციპალიტეტს გააჩნია ღამის ტურიზმის განსავითარებლად.

 

ეს არის უფლისციხე, რომელიც ღამით იმაზე მეტად შთამაგონებელი და საინტერესოა, ვიდრე ეს დღის შუქზე ჩანს. ღამის სიჩუმში ის ავთენტურობა, რაც ძეგლს გააჩნია უფრო მეტად შეიგრძნობა და მომხიბვლელია. ამის საუკეთესო მაგალითია „ღამე მუზეუმში“, როდესაც მუზეუმის ტერიტორიაზე უამრავი ღონისძიება იმართება და შედეგად სტუმრის მოლოდინს ყოველთვის ამართლებს შექმნილი რეალობა.

 

გარდა ამისა, ღამით მოსული სტუმარი იძულებული ხდება ღამე გაათიოს სასტუმროში. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს ახალ სამუშო ადგილებს, ახალ სასტუმროებს, კვების ობიექტებს და ძალიან დიდ უწყვეტ ჯაჭვს, რომელიც ტურიზმის ეკონომიკური სარგებელის შემადგენელი ნაწილია.

 

ამაზე საუბარი უსასრულოდ შემიძლია და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მარტო არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს. ჩვენი მიზანია, უფრო ინოვაციურად მივუდგეთ ამ საკითხს, გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რომელსაც ამ დარგის სხვა სპეციალისტები გვიზიარებენ. ერთმანეთის მოსმენით და კომუნიკციით შევძლებთ საუკეთესო შედეგის მიღწევას, რადგან მუნიციპალიტეტიც და ქალაქიც ჩვენია და ჩვენვე უნდა მივიღოთ მისგან სარგებელი.

 

ახლა მინდა გაგიზიაროთ ჩემი დიდი სურვილი, რომელიც ვფიქრობ, რომ პატარა დეტალია დიდ მექანიზმში:

 

ყველას გვიყვარს შინდის შეჭამანდი და მაწვნისუფი, ჩვენებური წვნიანების ორი მშვენება, ნეტარებისას მისაღები ორი უგემრიელესი საჭმელი. ხშირად, არც კი ვაფასებთ მათ ჩვენთან ერთად რომ არიან, მაშინაც კი, როცა არ გვინდა რომ სახლში გვხვდებოდნენ, მაგრამ ხომ გვხვდებიან?!

 

საქართველოს თითოეულ კუთხე-კუნჭულში, დროთა განმავლობაში, სუფრაზე თავი დაიმკვიდრეს კერძებმა, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს და რომლის ხსენებაზეც კონკრეტული რეგიონი ან ლოკაცია გვახსენდება. რომელი კერძი გვახსენდება კონკრეტულად ქართლზე? ან რომელი კერძი გაასხენდება გორში ჩამოსულ უცხოელ სტუმარს აქ ვიზიტის შემდეგ? პასუხი ამ უკანასკნელზე: ალბათ ის კერძები, რომელიც მანამდე ჯერ თბილისში დააგემოვნა, შემდეგ გორში, ქუთაისში, მესტიაში, ბათუმში და ყველგან, სადაც გიდმა მომღიმარი სახით შეიყვანა და გააცნო რომ ეს ქართული
სუფრის განუყოფელი ნაწილია.

 

 
დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად, ერთმანეთის მოსმენითა და მჭიდრო კომუნიკაციით შევძლებთ ყველა პრობლემის გადალახვას, ვგულისხმობ სახელმწიფოს და კერძო სექტორს, რომლის გარეშეც ყველა განხორციელებული პროექტი ზღვაში წვეთს უდრის.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

Read 1097 times Last modified on შაბათი, 08 თებერვალი 2020 13:21