Back to Top
შაბათი, 08 თებერვალი 2020 21:20

მაგალითი სტერეოტიპის დანგრევისა

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: საბა წიწიკაშვილი

 

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ პატარა სოფელში ვიყავი, რომელსაც ვაკე ჰქვია. თავიდანვე ჩემი ყურადღება სოფლის ამ სახელწოდებამ მიიქცია. აქ ძირითადად ეთნიკური ოსები ცხოვრობენ.


მას შემდეგ ბევრ ოსურ სოფელში ვარ ნამყოფი, მათ შორის, წითელუბანში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.


სოფელი ვაკე კი იმდენად პატარაა, რომ ყველა ოჯახი ფაქტობრივად ერთი პატარა მოედნის გარშემო ცხოვრობს. მანქანა ამ მოედანზე გავაჩერეთ. საჭესთან ჩემი კოლეგა იჯდა, ის კასპელია და მას ყველა სცნობდა.


სახლიდან ჯერ ერთმა ქალბატონმა გამოიხედა და როგორც კი ნაცნობი, ჩემი კოლეგა ჟურნალისტი დაინახა, თქვა,  - ,,ოი, ჩვენი გოგო მოსულაო“.


მე კადრების გადაღება დავიწყე. ჭიშკრიდან მეორე მასპინძელმა გამოიხედა, შემდეგ მესამემ. ერთ-ერთმა მათგანმა მეოთხე მეზობელს დაუძახა, ოღონდ ოსურ ენაზე:


მე უნებურად უკან მოვიხედე და იმ ადამიანს ვუყურებდი, ვინც ოსურ ენაზე დაილაპარაკა. მისი ნათქვამიდან გავიგე მხოლოდ ერთი სიტყვა - ,,ჟურნალისტ“. მივხვდი, რომ მეზობელს ჟურნალისტების სტუმრობა ამცნო.


,,ნუთუ, ეს არის ოსური ენა?“ - ვუყურებდი გაოცებული და ველოდებოდი ეგებ კიდევ ეთქვა რაიმე წინადადება. მეტი აღარაფერი უთქვამს, ქართულად გააგრძელეს საუბარი.


მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელი გავიდა, ეს მომენტი დღემდე ნათლად მახსოვს და კარგად ვხვდები, რომ ჩემი გაოცება იმ სტერეოტიპმა გამოიწვა, რაც 90-იან წლებში ცუდმა პროპაგანდამ ჩაგვინერგა. ეს სტერეოტიპი იყო ის, რომ იმ ადამიანებს, რომლებთანაც მაშინ კონფლიქტი არსებობდა, თითქოს არ გააჩნდათ საკუთარი ენა, როგორც სალიტერატურო, ასევე სალაპარაკო.  "აი, თუ არ არსებობს-მეთქი?", - გავიფიქრე.


- კარგად იცით ოსური ენა?, -  ვკითხე ერთ-ერთ ქალბატონს

- რა თქმა უნდაო, სახლში ვლაპარაკობთ ხოლმე, - იყო პასუხი.


გავიდა ხანი და ახლა სოფელ ყარაფილას ვესტუმრე. სოფლის შესასვლელში სკამზე მჯდომ ჟუჟუნა ვაზაგაშვილს მივესალმე და ახალ ობელისკზე ვკითხე, - სოფლის პროგრამით გააკეთეს მეთქი? არაო, ეს იცი ვინ გააკეთაო? მითხარით-მეთქი. მერე დაწერ მაგასო? რატომაც არა-მეთქი.  წამოდი გაჩვენოო.


ახლოს მივედით ობელისკთან და ვნახეთ, რომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვერდით რელიგიური სიმბოლო იყო გამოსახული.


- ეს არის ვასთირჯი, ჩვენი წმინდა გიორგი, - მეუბნება ჟუჟუნამ და თან მიხსნის, - აქედან წასულმა კაცმა გაუკეთა სოფელს. ეს კაცი მწერალია. აგერ, ლექსიც მიუძღვნა სოფელს, - და მანიშნებს ქვაზე გაკეთებულ წარწერაზე.


ვთხოვე, წაეკითხა. რას ამბობო, გაოცებულმა შემომხედა.  ალბათ ეს ისეთივე მზერა იყო, როგორითაც მე სოფელ ვაკეში შევხედე იმ ადამიანს, რომლის შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდი.


- რატომ გაიკვირვეთ? - ჩავეკითხე.
- მე რომ ეს ოსურად წავიკითხო, პროვოკაციად არ ჩაგვითვალონ, - თითქოს წამჩურჩულა, თუმცა გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არ იყო.
- იცით, ქალბატონო ჟუჟუნა, ჩვენ მასალებს ოსურ ენაზეც ვთარგმნით და საიტზე ვაქვეყნებთ, - ვუპასუხე თამამად და ვაგრძნობინე, რომ აქ საჩოთირო არაფერია. ამის დასამტკიცებლად ტელეფონით ვაჩვენე ოსურ ენაზე გამოქვეყნებული მასალებიც.
- შენ მართლა ნაღდი ქართველი ყოფილხარ, - მითხრა და გაბრწყინებული სახით ლექსის წასაკითხად მოემზადა.


ამ ლექსით, ყარაფილელი ოსი მწერალი უმღერის საკუთარი სოფლის ნიავს, მინვდრებს, ყვავილებს...


ქალბატონი ჟუჟუნა ამ ლექსს ისე კითხულობდა, თითქოს მისი დაწერილი ყოფილიყო. მას ხომ ისევე უყვარს ყარაფილას მინდვრები, ყვავილები და ნიავი როგორც ლექსის ავტორს... და რაც მთავარია, მე დავინახე, რომ ქალბატონი ჟუჟუნა ამ ლექსს საკუთარ ენაზე კითხულობდა.


.... და მე ამ ამბის შემდეგ დავიწყე ოსური ენის შემსწავლელი წიგნების მოძებნა.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 945 times