Back to Top
კვირა, 09 თებერვალი 2020 14:52

გორელი მასწავლებელი ლონდონის სკოლაში

Written by
Rate this item
(0 votes)

ამ ქალაქმა თავისი ხალხით, არქიტექტურით, სიტუაციით და სიწესრიგით მალევე მომხიბლა - ასე აღწერს ჟანა იმ ქალაქს, სადაც ცხოვრობს. ლონდონში მას ყველაზე მეტად სახლები. ღია ფანჯრები და იქიდან მუდმივად გამოსული სინათლე მოსწონს.

ის ლონდონში მასწავლებლად მუშაობს. ვესტმინსტერის სკოლაში ჟანა გოგინაშვილი აუტისტ ბავშვებს სასწავლო პროგრამის ათვისებასა და სოციუმში ინტეგრაციაში ეხმარება.

 

„ასევე ჩართული ვარ ერთ-ერთ ძალიან ცნობილ პროგრამაში, ასევე აუტისტი ბავშვებისთვის, რომელსაც ABA ჰქვია. ეს პროგრამა ამერიკიდან მოდის და ძალიან წარმატებულად მუშაობს ასეთი ტიპის ბავშვებთან”, - უყვება ჟანა რადიო „მოზაიკას“.

 

ჟანასთვის ლონდონის საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობა საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. ის ქართულ და ბრიტანულ სწავლის მოდელებს შორის განსხვავევებს ყოველდღიურად ხედავს.

 

„განათლების სისტემა აქ ისეა მოწყობილი, რომ ყოველი სასწავლო დღე თითოეული ბავშვისთვის არის ბედნიერება. საოცარია სკოლის თითოეული დღის ნახვა, დილის 6 საათიდან კარის კაციდან დაწყებული, დამლაგებლით დამთავრებული თავდაყირა რომ დგანან, რათა სასწავლო პროცესი კარგად წარიმართოს. საოცარია მშობლების და სკოლის დამოკიდებულება. ყველანაირი, თუნდაც ელემენტარული საკითხი ბავშვთან მიმართებაში, როგორ სათუთად განიხილება. ამიტომაც სკოლის დირექტორობა ამ ქვეყანაში, არის ერთ-ერთი ძალიან მაღალანაზღაურებადი და საპასუხისმგებლო საქმიანობა. ვისურვებდი, რომ ძალიან მალე საქართველოშიც მსგავსი მიდგომები, უფრო მეტი ბედნიერი ბავშვი და მასწავლებელი იყოს.“

 

ჟანა მუშაობის პარალელურად, სწავლობს კიდეც. როგორც თავად ამბობს, ექვსი წლის წინ ქვეყნიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროპული განათლების მიღების სურვილი იყო.

 

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიური სტუდენტობა გავატარე საქართველოში, ევროპული გამოცდილება, ცხოვრებისეულ თუ კარიერული თვალსაზრისით, სულ სხვაა. ვისურვებდი, რომ ეს ყველა ადამიანს გამოეცადა. წელს პირველი წელი გადის ჩემი მაგისტრატურის. პირველი მიზეზი, რატომაც სწავლა უფრო მაღალ საფეხურზე გადავწყვიტე, საქართველოში დაბრუნების სურვილია. თავს ვალდებულადაც ვთვლი, რომ დავბრუნდე. მიმაჩნია, რომ პატარა წვლილის შეტანა მაინც შემიძლია განათლების სფეროში.“

 

ამჟამად, ჟანა ლონდონში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ფიქრობს, რომ ექვსი წლის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - მეუღლის საქართველოში ჩამოსლის ნაცვლად, თავად წავიდა ლონდონში.

 

„მალე 6 წელი გახდება, რაც ჩემი ბარგი ბარხანით ლონდონში გადმოვბარგდი. მთავარი მიზეზი, ვის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი მეუღლე იყო. ის 12 წლის ასაკში წავიდა ინგლისში და მას მერე იქ დასახლდა, მიუხედავად მისი სურვილისა, რომ საქართველოში დაგვეწყო ერთად ცხოვრება, ვარჩიე მე წავსულიყავი. საჭირო გამოწვევად ჩავთვალე ცოტა ხნით ქვეყნის შეცვლა და არც შევმცდარვარ.”

 

ჟანა საქართველოში დაბრუნებას მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ აპირებს.

 

 

 

Read 680 times