Back to Top
ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 12:48

დროა, გადავიდეთ ციფრულ არჩევნებზე

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ოთარ კვირიკაშვილი

 

უამრავი აქტუალური თემიდან დღეს საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებია. წლებია, ჩვენი ქვეყანა ამ სფეროში მრავალი წარმატებული ქვეყნის მაგალითის დამკვიდრებას ცდილობს, თუმცა უკანასკნელ პერიოდში თანამედროვე ტექნოლოგიების უსწრაფესი განვითარება ჩვენი ქვეყნის საარჩევნო სისტემაზე ჯერჯერობით არ ასახულა. არადა ამ საკითხისადმი პროფესიონალების მხრიდან სერიოზული მიდგომები არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობდა ხელს, არამედ ქვეყნის ეკონომიკასაც მნიშვნელოვან დანაზოგს შესძენდა.

დღეს სწორედ ამ მიმართულებაზე მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება.

 

 

ახლა მოკლედ ესტონურ გაკვეთილზე:

 

2001 წელს, მაშინ როცა ჩვენთან ჯერ კიდევ ტომრებით ყრიდნენ ბიულეტინებს და საარჩევნო კომისიის ნაცვლად ავტომატიანი დაჯგუფებები წერდნენ ოქმებს, ამ პოსტსაბჭოთა პატარა ქვეყანაში გადაწყვიტეს, რომ ჩვეულებრივი, ტრადიციული არჩევნების კვალდაკვალ, სადაც ხმის მიცემა ბიულეტინით ხდება, ჩაეტარებინათ ციფრული არჩევნები. 2005 წელს მათ სისრულეში მოიყვანეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი  იდეა და პირველივე არჩევნებში 9 ათასზე ოდნავ მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მას შემდეგ ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და უკვე 2009-ში 100 ათასიან ნიშნულსაც კი გადააჭარბა მოქალაქეთა ციფრულმა აქტივობამ. ბოლო არჩევნებზე კი სარეკორდო, 44% დაფიქსირდა. დინამიკა შეუქცევადად მზარდია და სავარაუდოდ უახლოს ხანში სრულად ამოაგდებს ხმარებიდან ქაღალდის ბულეტინს და იმ დაუსრულებელ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რაც არჩევნებს ახლავს თან.

 

_________________________________________________________

 

რადგან ბიუროკრატიულ პროცედურებს შევეხეთ, ორი სიტყვით განვიხილოთ, რასთან უწევს ჩვენს ქვეყანას, მის ბიუჯეტს და თითოეულ ადამიანს გამკლავება:

 

მაგალითისთვის, 2018 წლის არჩევნების ჩატარება ქვეყანას 55 მილიონი ლარი დაუჯდა.  ამას დამატებული პოლარული გარემო, ორად გახლეჩილი ერი, დაპირისპირება საარჩევნო უბნებთან, ტოტალური კონტროლი ამომრჩეველზე, გაყალბების სხვადასხვა მეთოდები, რომელიც საბოლოო ჯამში დიდ გავლენას ახდენს შედეგზე, კოორდინატორები და აგიტატორები საარჩევნო უბნებთან და კაბინებთან. ეს ყველაფერი კი რათქმაუნდა მოქმედებს ამომრჩევლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რის შედეგადაც გადაწყვეტილებას იღებს ბოლომდე დაზაფრული. ესეც რომ არა, პასიური ან ცოტა შეუძლოდ მყოფი ამომრჩეველი იმ პარტიას და კანდიდატს მიჰყავს უბანზე, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ალბათ დამეთანხმებით, რომ  მცირე ფინანსური შესაძლებლობის პარტიებს ეს არ შეუძლიათ. ეს კი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია ჩვენს ქვეყანაში.

 

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, დროა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რაზეც ესტონეთში თითქმის 20 წლის წინ ფიქრობდნენ და რაც სრულად გამორიცხავს ზემოთჩამოთვლილ დაბრკოლებებს, მისი მცდელობის შემთხვევაში.

 

 

რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, რომელიც ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია:

 

ახალი ველოსიპედი რომ არ გამოვიგონოთ, ვნახოთ რას აკეთებენ თვითონ ესტონელები: ციფრული არჩევნები ტარდება საერთო ეროვნულ არჩევნებამდე 10-დან 4-დღემდე მონაკვეთში, ამისთვის იქმნება სპეციალური დაცული სერვერები, სადაც მოქალაქეებს, როდესაც ისინი შესაბამის პროგრამას გადმოწერენ, შესაძლებლობა აქვთ საკუთარი კომპიუტერიდან, ან ტელეფონიდან დააფიქსირონ პოზიცია. თავის მხრივ ეს პროგრამა ადგენს ადამიანს შეუძლია თუ არა არჩევნებში ხმის მიცემა ან/და რომელ ოლქში უნდა მისცეს ხმა. შემდეგ რათქმუნდა ეს ადამიანი ვეღარ წავა სხვა უბანზე და ვეღარ შეძლებს ბიულეტინით არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას, რადგან ამასა არეგულირებს უნივერსალური პირადობის მოწმობა, რითიც ესტონეთი ასევე მოწინავე ქვეყნების რიგშია. ხმების დათვლის პროცესიც ავტომატურ რეჟიმში ხდება და არც ათიათასობით ბიულეტინი ბათილდება, როგორც ჩვენთან არის ხოლმე ყოველ არჩევნებზე. ყველაზე დიდი ბენეფიტი კი ამ ყველაფრიდან ის არის, რომ აღარ დაიკარგება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ხმები, ვისაც ესტონელების მსგავსი ტიპის ბარათები ექნებათ. 

 

რატომაც არა, 21-ე საუკუნეში თუ შეგვიძლია ინტერნეტით ამაზონიდან პროდუქტის გამოწერა, ნებისმიერ კონტინენტზე სასტუმროს დაჯავშნა და ვირტუალურ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, რატომ უნდა იკარგებოდეს ჩვენი ერთადერთი ხმა, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტიც კი იყოს, მაშინ როცა ჩვენ საქართველოში არ ვიმყოფებით.

 

ამიტომ, რაც მალე დავიწყებთ დისკუსიას ციფრულ არჩევნებთან დაკავშირებით, მით მალე ჩავდგებით პროგრესული სამყაროს ფერხულში, სადაც მომავალი ციფრული ტექნოლოგიებისაა და არა საარჩევნო უბნებთან მდგარი მოძალადეების, რომლებიც ყველაზე მთავარს - თავისუფალ ნებას ართმევენ ხალხს. თავისუფლების წინააღმდეგ მოქმედი საზოგადოება კი ვერც ეკონომიკურ დოვლათს შექმნის და ვერც ტექნოლოგიურ პროგრესს. 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 567 times Last modified on ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 13:29