Print this page
ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 15:21

ძილი და მისი მნიშვნელობა სკოლამდელ ასაკში

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ეკა ჯაფიაშვილი, ფსიქოლოგი

 

ადამიანის სხეულს ისევე სჭირდება ძილი, როგორც ჰაერი და საკვები. უფრო მეტიც, საკვების გარეშე მას შეუძლია 1 თვეზე მეტი იარსებოს, ხოლო უძილობა ორგანიზმში - შეუქცევად პროცესებს,  5-7 დღის შემდეგ კი, სასიკვდილო შედეგს იწვევს.


ძილი გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც, ახალდასწავლილი ინფორმაციის შენახვა სწორედ ძილის დროს ხდება. ძილის ნაკლებობა ტვინს ფიტავს, ის ვეღარ უმკლავდება დღის განმავლობაში გადატანილ დატვირთვას და შედეგად, კონცენტრაციის, კოორდინაციისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარის დაქვეითებას იწვევს.


ჯანსაღი ძილი ასევე აუცილებელია იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის. ძილის დროს იმუნური სისტემა გამოყოფს დამცავ ნივთიერებებს, რომლებიც ვირუსებსა და ბაქტერიებს უტევს. ძილის ნაკლებობა მენტალურ და ემოციურ მდგომარეობასაც აურესებს. იმატებს გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, სუსტდება გადაწყვეტილების მიღებისა და შემოქმედებითი უნარები.


ამერიკელი მკვლევარების თვალსაზრისით, დღეს მთელ მსოფლიოში ბავშვებს საშუალოდ ერთი საათით ნაკლები სძინავთ, ვიდრე 30 წლის წინ. ამის საზღაური კი ბავშვებსა და ახალგაზრდებში მკვეთრად გამოხატული ინტელექტის დაქვეითება, ემოციური მდგომარეობის გაუარესება, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიურობა და წონაში მატებაა.


ბოლო დროს მეცნიერების მიერ ძილის გამოსაკვლევად ჩატარებული არაერთი ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისა და ეფექტური ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა დღის ძილს გააჩნია. ამ უკანასკნელს შეუძლია ორგანიზმში მკვეთრად გაზარდოს სეროტონინის დონე, რომელიც ბედნიერების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი. დამტკიცებულია, რომ დღის განმავლობაში ჩაძინებაც კი ხელს უწყობს მეხსიერების გამძაფრებას, ადამიანის მიერ მიღებული ინფორმაციის მართვის უნარს და შემოქმედებითი პოტენციალის ზრდას.


დღის ძილი ადამიანს იცავს სტრესისგან, საშუალებას აძლევს გააქტიურდეს ზრდის ჰორმონები და მნიშვნელოვნად შემცირდეს კორტიზოლის დონე - ჰორმონი, რომელიც უკავშირდება შფოთს, ზედმეტი წონის დაგროვებას და დიაბეტს.


აღსანიშნავია, რომ დღის ძილი განსაკუთრებულ დატვირთვას სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის იძენს, რადგან პირველი ე.წ. გარდატეხის ასაკი, რომელიც 3 წლის ასაკში დგება და დაახლოებით ნახევარი წელი მიმდინარეობს, საკმაოდ რთული გადასატანია ბავშვისთვის. ამ დროს კრიზისის განცდა გართულებულია იმის გამო, რომ ბავშვი თავს ცალკე, დამოუკიდებელ სუბიექტად აღიქვამს, ხოლო მშობლებს უჭირთ ამ ფაქტის მიღება და აღიარება. ამ პერიოდში ისინი ხშირად აღწერენ პატარას, როგორც მთლიანად შეცვლილს, მოურჯულებელს, გაუგონარს. ეს პერიოდი მართლაც კრიზისია, არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ თავად ბავშვებისთვისაც, რადგან ამ დროს ხდება პიროვნული „მეს“ ფორმირება, ავტონომიურობისა და უფროსისაგან დამოუკიდებლობის სურვილი, ჩამოყალიბებული ქცევის მოდელების გადაფასება და გაქრობა, რათა მათ ადგილას წარმოიქმნას ახალი.


კიდევ ერთი დიდი სირთულე, რომლის გადატანა სწორედ ამ ასაკში უწევთ პატარებს, საბავშვო ბაღში წასვლა და სრულიად ახალ გარემოსთან ადაპტაციაა, რომელიც დიდ სულიერ ენერგიასა და რესურსს მოითხოვს ბავშვისაგან. ბაღში მისვლით მას პირველად ასეთი ხანგრძლივი პერიოდით არა მარტო მშობლებთან განშორება, არამედ ახალ გარემოსთან და ადამიანებთან შეგუება, თავის დამკვიდრება და საკუთარი ადგილის პოვნა უწევს, რაც ასევე, ხშირ შემთხვევაში ძლიერი სტრესისა და ემოციური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების საფუძველი შეიძლება გახდეს.


სწორედ საბავშვო ბაღში მიღებული ახალი შთაბეჭდილებებისა და ინფორმაციის, მრავალფეროვანი ემოციებისა და სტრესის გადასამუშავებლად პატარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დღის ძილი. ამას ადასტურებს არაერთი კვლევაც, რომლის თანახმად 4 წლის ბავშვებს, რომლებსაც ნორმაზე ნაკლები დროის განმავლობაში სძინავთ, გაცილებით ხშირად აქვთ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე მათ კარგად გამოძინებულ თანატოლებს. ეს დასკნა ვირჯინიის უნივერსიტეტის მკვლევარებს ეკუთვნით. ”სკოლამდელი ასაკის ბავშვები, რომლებსაც ძილის ხანგრძლივობა აკლიათ, მიდრეკილნი არიან ჰიპერაქტიურობისკენ, აგრესიისა და სიბრაზისკენ, დაძაბულობისა და იმპულსურობისკენ" - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი რებეკა შარიფი.


ექიმების რეკომენდაციით, საშუალოდ 3-4 წლის ბავშვს დღე-ღამეში 14-16 საათი უნდა ეძინოს. ამ დროში, ბუნებრივია, შუადღის ძილიც იგულისხმება. ხოლო 5-6 წლის ბავშვს 13-15 საათიანი ძილი ესაჭიროება.


აღნიშნული ინფორმაცია, ალბათ საკმარისია არგუმენტია იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ბავშვის ფიზიოლოგიური მოთხოვნების გათვალისწინება და მისი ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.

Read 792 times Last modified on ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 15:29