Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 11 თებერვალი 2020 11:46

რატომ ვღატაკდებით? ინტრიგანი ვიყო თუ ჩლუნგი?

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თამარ ედიშერაშვილი

 

საბჭოთა კავშირში კრიტიკული აზროვნება დანაშაულის ტოლფასი იყო. ამიტომ ის, ვინც “ზედმეტ” კითხვებს სვამდა, თუ სასჯელს გადაურჩებოდა, მისთვის საზოგადოებისგან იზოლირების მსუბუქი ფორმებიც არსებობდა, მაგალითად, შერაცხული იყო ინტრიგანად.


ამ დემაგოგიამ ისე კარგად იმუშავა, რომ ბოლო პერიოდში „არამკითხე მოამბეები” მართლაც კომიკური ფიგურებიღა დარჩნენ, დანარჩენი საზოგადოება აკადემიურად დუმდა.

 

ახლა კითხვებს ჟურნალისტები სვამენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ფორმები და სახელებიც შეიცვალა - ისინი ინათლებიან „მოსყიდულებად“, „ჩასაფრებულებად“ ან უბრალოდ „ნაცებად”.

 

 


საბჭოთა ხელისუფლება სიჩლუნგის, ანუ კითხვების არდასმის საფასურს თავისებურად იხდიდა. პირველ რიგში, შიმშილის პრობლემა ნამდვილად არ იყო. ამასთან ყველას მცირე მოსაპარს აძლევდა, რომ დანაშაულის განცდა ქონოდათ და წყნარად ყოფილიყვნენ.


უცნაური „დამნაშავეებიც“ გვყავდნენ, მაგალითად ექიმები, რომლებსაც ოფიციალურად დაბალი ხელფასი ქონდათ, მაგრამ ყველა პაციენტი ჯიბეში „ჩუმად“ უცურებდა ფულს, იმის ნაცვლად, რომ ასეთი ღირსეული პროფესიის წარმომადგენელს ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიეღო თავისი შრომის საფასური. უამრავი მსგავსი სიმახინჯეებით გაივსო საზოგადოების ფსიქიკა და თუ კარგად დავუკვირდებით, როგორი პათოლოგიური ცხოვრების წესებიდან მოვდივართ (წესიერ ადამიანს უფხო და უნიათო შეერქვა), საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა საქართველოს საზოგადოებამ, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის მიმართულებით.

 

 




მაგალითად, როგორც მინიმუმ უნდა გაგვიჩნდეს კითხვა, ერთი და იგივე ქვეყანაში, ერთი და იგივე დროს, რატომ მდიდრდება სხვა და რატომ ვღატაკდები მე?


თუ შეძლებული ადამიანის სიმდიდრის წყარო არის ნიჭი, ცოდნა და შრომა, უნდა გავიზიაროთ მისი გამოცდილება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სიმდიდრის კვალს უმეტესად ხელისუფლებაში ყოფნასთან ან მასთან გარიგებასთან მივყავართ.


პრობლემის გასაღები ჩვენს ხელშია, ჩვენი საარჩევნო ხმის სახით, რომელსაც საბჭოთა მენტალიტეტის გამო არ ვიყენებთ.

 

მაგალითად შოტლანდიაში, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული, ედინბურგის ცენტრში იკრიბებოდა მოსახლეობა, იწვევდნენ აუდიტორს და ისმენდნენ, როგორ გამოიყენა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობიდან აკრეფილი მოსაკრებელი. ეს ინტრიგანობად არ ითვლებოდა, ეს იყო ღირსების საკითხი, რომ მათი ნაშრომი არ გაეფლანგა დაქირავებულ მთავრობას. ამიტომ დღეს დამლაგებელს ყველაზე ცუდ შემთხვევაში საათში 20 გირვანქა სტერლინგზე მეტს უხდიან, რასაც აქ ჩვენი პროფესორიც ვერ ინატრებს. თუმცა ჩვენი პროფესორებიც და მუშებიც, შოტლანდილებისგან განსხვავებით, დუმილით ვადევნებთ თვალს, როგორ ღატაკდება ჩვენი ოჯახები და როგორ ივსება საჯარო მოხელეების სახლები, რომლებსაც მასმედიის საშუალებით ვადევნებთ თვალს, უფრო მეტიც, ზოგჯერ ვღიზიანდებით კიდეც, გვბეზრდება.


საინფორმაციო ნიუსი გვგონია ფინანსთა მინისტრის განცხადებაც, რომ ეკონომიკა კი სტაბილურად იზრდება, მაგრამ ამის პარალელურად საზოგადოების გაღატაკება ჩვეულებრივი ამბავია. სინამდვილეში ეკონომიკის, როგორც დარგის ერთადერთი დანიშნულება არის მატერიალური დოვლათის გადანაწილება და გამოდის, რომ ფინანსთა მინისტრი თავისი განცხადებით აღიარებს კორუფციის მაღალ დონეს, ანუ ადასატურებს, რომ გაზრდილი ეკონომიკის მთელი სიკეთე თავს იყრის საზოგადოების მცირე ნაწილის ხელში და დანარჩენი კი შეუქცევადი სიღატაკისთვის არის განწირული.


გვეშველება რამე?


კი, და ისევ შოტლანდიელებს დავესესხები. ისინი მთავრობას იმიტომ კი არ აკონტროლებდნენ, რომ ეკონომიკა იცოდნენ კარგად, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ღირსება და სიყვარული გააჩნდათ, დაჩაგვრის და გაძარცვის უფლებას არავის აძლევდნენ. ასეთმა კონტროლის სისტემამ გააჩინა პროფესიონალიზმზე და ხარისხზე მოთხოვნა, შექმნა ჯანსაღი კონკურენცია, ბიზნესი, სამუშაო ადგილები, დოვლათი. საკუთარი ოჯახის, საკუთარი კარმიდამოს დაცვიდან იწყება ქვეყნის შენებაც.


სიღარიბესთან შეგუება სირცხვილია და დაუშვებელია. ინტრიგანობასა და სიჩლუნგეს შორის არჩევანი კი არ უნდა ვაკეთოთ, არამედ ღირსებას უნდა მოვუხმოთ, რაც პატარაობიდან უნდა ჩავუნერგოთ შვილებსაც, რომლებსაც უმეტესად ესმით: „ჩვენ ვინ გვკითხავს“, „მთა და ბარი არავის გაუსწორებია“, ,,ხალხისთვის არავინ არის“, „შეჩვეული ჭირი ჯობისა შეუჩვეველ ლხინს“ ... ამით შვილებს ვუკარგავთ საკუთარი თავის რწმენასა და პატივისცემას და შემდეგ მას ყველა იმდენს აკადრებს, რამდენსაც აიტანს.


ჯერ ჩვენ ვიყოთ ჩვენი თავისთვის და მერე ვაიძულოთ სხვაც (დაქირავებულ მთავრობას ვგულისხმობ), მაგრამ ამისთვის უნდა გიყვარდეს, სიყვარულმა არ უნდა მოგცეს ხელის ჩაქნევის უფლება.


ბოლოს, ცნობილი სენტენციით დავამთავრებ ჩემს ნააზრევს:


„ცხოვრება არის სიყვარული,
სიყვარული არის ზრუნვა,
ზრუნვა არის ბარაქა,
ბარაქა არის ცხოვრება!„

 

ჩვენი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული ჩვენი ბარაქა!

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 738 times