Print this page
სამშაბათი, 11 თებერვალი 2020 16:54

გორელი ტაქსის მძღოლი უმაღლესი განათლებით - თემურ მაისურაძის ისტორია

Written by
Rate this item
(0 votes)

60 წლის თემურ მაისურაძე 25 წელია ტაქსის მძღოლია. პროფესიით ავტოინჟინერია, თუმცა ამბობს, რომ ამჟამად იძულებულია მგზავრებს მოემსახუროს და ოჯახში ყოველდღიური ფული შეიტანოს.


მისი დღე ავტომობილის მართვით იწყება და მთავრდება. დღის განმავლობაში ის არაერთ სირთულებს აწყდება, თუმცა როგორც ამბობს, წლებმა ამ უსიამოვნებებთან გამკლავებაც ასწავლა. 

 

"ოჯახი რომ ვარჩინოთ, ამიტომ ვმუშაობთ. ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ზოგი ნასვამი ჩაგიჯდება, ზოგი ფულს არ იხდის და ასე... "ტაქსაობით" ფულს ვერ მოაგროვებ, მაგრამ სულ ისე ყოფნას, სჯობს", - გვითხრა თემურმა.


თემურს მგზავრებთან ურთიერთობა მოსწონს. ზოგიერთთან დიალოგსაც აბამს და მგზავრობისას მოსაზრებებს უზიარებს. 


"არიან ისეთი მგზავრები, ვინც მანქანაში ჩაჯდომისთანავე იბღვირებიან, იბოღმებიან, ასეთ დროს, ვცდილობ თბილი დამოკიდებულება გამოვხატო. ზოგიც პირიქით, სასიამოვნო მოსაუბრეა, სანამ ადგილამდე მივიყვან, დრო სასიამოვნო საუბარში გადის და ამით მეც დადებით ემოციას ვიღებ".

 

 
თემურს მუშაობის პერიოდში დასამახსოვრებელი ისტორიებიც ბევრი აქვს, ასეთ შემთხვევებს რადიო "მოზაიკასთან" იხსენებს.


"ერთხელ ოქროს ცეპი და ჯვარი ვიპოვე მანქანაში, მგზავრს დარჩა, მივუტანე და, რა თქმა უნდა, ძალიან გაეხარდა, ერთხელ საფულე დარჩათ და ისიც მივუტანე. არც ეგონა ალბათ, რომ დაიბრუნებდა თავის ნივთს. მგზავრებს ნივთები თითქმის ყოველდღე რჩებათ ჩემს მანქანაში - სათვალე, ტელეფონი, ქოლგა და ა.შ.", - ამბობს თემურ მაისურაძე.


თემური თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებაზე ოცნებობს. ფიქრობს, რომ თუკი ქვეყანაში ყველა თავის საქმეს გააკეთებს, ყველაფერი უკეთ იქნება.

 

 
"მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, რომ პოლიციელი პოლიციელობდეს, ექიმი ექიმობდეს, ლექტორი ლექტორობდეს, მასწავლებელი მასწავლებლობდეს. ყველა კანონის დაცვით ცხოვრობდეს, ჩემი ლექტორი ვინც იყო, ახლა ტაქსაობს და რამდენი ასეთი მაგალითი შემიძლია ვთქვა".


თემურ მაისურაძე ამბობს, რომ გორის გარდა, სხვაგან ცხოვრებაზე არ უფიქრია. მას მშობლიურ გარემოში ყოფნა და მუშაობა ურჩევნია, თუნდაც დაბალი შემოსავლით.

 

Read 796 times Last modified on სამშაბათი, 11 თებერვალი 2020 17:06