Back to Top
ოთხშაბათი, 12 თებერვალი 2020 12:18

მაყვლის სოუსი, პლანტაციები და ოჯახური მეურნეობა - ლარისა ქევხიშვილის წამოწყება კარალეთში

Written by
Rate this item
(0 votes)

ათ მეასედზე 400 ძირი მაყვალი აქვს დარგული. მიწის მოვლა არ ეზარება, რადგან იმედი აქვს, რომ მომავალი ზაფხული კიდევ უფრო ნაყოფიერი ექნება.  მოყვანილი მაყვლის ნაწილს მსურველებს მიყიდის, ნაწილით და ჯემს და სოუსებს გააკეთებს.

„ძალიან რთული მოსავლელია. პლანტაციასავით გავაშენე. რეალიზებას ვახდენ ადგილზეც და გორის ბაზარზეც. შეკვეთები მაქვს მარკეტებიდან”, - გვიყვება ლარისა ქევხიშვილი.

 

ის კარალეთში ცხოვრობს.  ამ წამოწყების განხორციელებაში ოჯახი ეხმარება. ის, მისი მეუღლე, დედა და შვილები ერთდროულად ცდილობენ მეურნეობის გაფართოებას.

 

„ხშირად მეზობლებიც მეხმარებიან.  როცა ძირებს გაფხვიერება სჭირდება, ამაში ფულს ვიხდი ხოლმე. ბევრი სამუშაოებია - მიწას გაფხვიერება, გასხვლა, სასუქის შეტანა, დამაგრება და მორწყვა სჭირდება, თვეში ერთხელ მოხვნა და გათოხვნაც”.

 

 

 

მიწაზე მუშაობის პარალელურად, ლარისა პროექტებსაც წერს და ცდილობს მეურნეობის განვითარებისთვის დაფინანსება მოიპოვოს.

 

„ამ დრომდე ვერც ერთ პროგრამაში ვერ მოვხვდი.  ბანკიდან ავიღე სესხი და იმით გავაკეთე. ახლაც ხან ნისიად გამომაქვს სასუქი და მერე ვიხდი. ფერმეთა სახლში მივდივარ ხოლმე და იმისი რჩევებით ვუვლი. ამის წინ მაყვლის სოუსიც მოვამზადე და ახლობლებს დავაგემოვნებინე", -განმარტავს ლარისა.

 

ის ახლა ნერგების გაყიდვასაც აპირებს. ეს გადაწყვეტილება მსურველთა სიმრავლის გამო მიიღო. ამბობს, რომ ეს ახალ ფინანსებს გაუჩენს, რომელსაც ისევ მეურნეობაში ჩააბრუნებს.

 

 

ლარისას ამ მიმართულებით ფიქრისკენ ოჯახის ეკონომიურმა მდგომარეობამ უბიძგა. ძირითადი შემოსავლის პერიოდი ამ სფეროში მისთვის ზაფხულია. მოლოდინებიც ჯერჯერობით ამართლებს და როგორც თავად განმარტავს, ზაფხულიდან შემოდგომამდე აღებული თანხა ოჯახს თავის გატანაში ჰყოფნის.

 

ლარისას კარალეთში სამოქალაქო აქტიურბითაც იცნობენ - ის, უკვე წლებია, ჩართულია ისეთ აქტივობებში, რომელთა მიზანი გოგონათა და ქალთა გააქტიურება და გაძლიერებაა.

 

 

 

 

 

Read 549 times Last modified on ოთხშაბათი, 12 თებერვალი 2020 12:47