Print this page
ხუთშაბათი, 13 თებერვალი 2020 12:44

როგორ მოხვდა გორელი მომღერალი თურქულ მუსიკალურ კონკურსში

Written by
Rate this item
(0 votes)

გორელმა მომღერალმა თამარ მურადაშვილმა თურქეთის მუსიკალურ კონკურსში "ახალი ხმა" მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, აპლიკაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მეგობრების დაჟინებული თხოვნის შემდეგ გააგზავნა.


"აპლიკაციას ზუსტად ნახევარ საათს ვავსებდი, რადგან კითხვები იყო აუარებელი. რა თქმა უნდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 80 მილიონიანი ქვეყნის მუსიკალური პროექტი, ჩემს აპლიკაციას განიხილავდა. გავიდა ორი დღე, დილით რომ გავიღვიძე, გამოტოვებული ზარი დამხვდა, შემდეგ ინტერნეტის ღილაკი გავააქტიურე ტელეფონში და მივიღე შეტყობინება, რომ შემოსულ ზარზე სასწრაფოდ გადამერეკა, რადგან პროექტის ორგანიზატორები მელოდებოდნენ".


თამარმა მაშინვე გადარეკა პროექტის ორგანიზატორებთან, რომლებმაც უთხრეს, რომ მეორე დღეს სტამბოლში უნდა გაფრენილიყო, თუმცა იქამდე სანამ მათ დათანხმდებოდა ჯერ დედას ჰკითხა აზრი.


"სასწრაფოდ დავურეკე დედაჩემს და ვკითხე, - დე რა ვქნა წავიდე-მეთქი. დედაჩემმა პირდაპირ მითხრა, შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარ, დროულად გადაურეკე და უთხარი, რომ აუცილებლად ჩაფრინდები ხვალვეო. ბარგი ჩავალაგე, ისიც არ ვიცოდი,  რამდენი დღით მივდიოდი ან რა მისამართზე მივდიოდი, ან ვინ დამხვდებოდა. მოკლედ, აზრზე არ ვიყავი სად ვიყავი, მაგრამ მაინც მივდიოდი...."


თამარ მურადაშვილს სტამბოლში ჩასვლის მეორე დღესვე აცნობეს, რომ პირდაპირ ჟიურის წინაშე უნდა გამოსულიყო. მას სიმღერაც კი არ ჰქონდა ჯერ შერჩეული.

 

"სცენაზე გასვლის წინ გავიგე, რომ უნდა მემღეარ მათი შერჩეული სიმღერა _ James Brown "I feel good" ბენდთან ერთად".

 

 

მურადაშვილის თქმით, მისთვის ყველაზე რთული იყო კომუნიკაცია, რადგან არ ჰყავდა თარჯიმანი და არც მათ იცოდნენ ინგლისური კარგად. კონკურსში თამარს ჟიურის წევრებმა ენერგია დაუწუნეს, ამიტომ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა.

 

თავად მურადაშვილი ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზით ხსნის.

 

"პრობლემა მონიტორის დაუბალანსებლობა იყო, რომელშიც მხოლოდ მიკროფონი იყო და დრამის რიტმები არ მესმოდა კარგად, დარბაზი კი ძალიან დიდი იყო, არანაირი რეპეტიცია არ მქონია. იმედია, მუსიკოსები გამიგებენ".

 

 

 

მიუხედავად ყველაფრისა, მურადაშვილი მადლობელია იმ გამოცდილებისთვის და თბილი, მეგობრული დამოკიდებულებისთვის, რომელიც მას თურქებისგან ხვდა წილად.


"ჩემი პირადი გადმოსახედიდან ვიმსახურებდი პროექტში ყოფნას და გული მწყდება, რომ ჩემი თავი და შესაძლებლობლები ბოლომდე ვერ წარმოვაჩინე"

Read 476 times