Print this page
პარასკევი, 14 თებერვალი 2020 12:23

ილიას გზა საქართველოს მომავლისთვის

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: დავით ახლოური 

 

ქართველმა რომ ღირსეულად გაუძლო ისტორიულ ქარტეხილებს, ათას განსაცდელს და მოვიდა დღემდე თავისი ეროვნული თვითმყოფადობით, ზნე-ჩვეულებებით, რწმენით და კულტურით, ამაში ჩვენს ეროვნულ მწერლობასაც მიუძღვის ლომის წილი. მორალისა და ზნეობის სადარაჯოზე მდგარი მწერალი ქვეყნის სახეც იყო და ეპოქის დესპანიც. ამის საუკეთესო მაგალითი თერგდალეულები იყვნენ - მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსული ახალი თაობა, რომელმაც საქართველოს გადარჩენა დაისახა მიზნად და ღირსეულად შეასრულა ეს მისია. ამიტომაც შერაცხა მომავალმა თაობამ მათი იდეური წინამძღოლი ილია ჭავჭავაძე ერის სულიერ მამად.

 

მწერლობამ დღესაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ისეთი ქართველის ფორმირებაში, რომელიც თავისი ეროვნული თვითმყოფადობით და ზოგადსაკაცობრიო იდეალებით მსოფლიოს ღირსეული მოქალაქე იქნება.

 

შეძლებს კი ამას ჩვენი დღევანდელი ეროვნული მწერლობა? ან რა გზით უნდა შეძლოს ეს?

 

ალბათ შევძლებთ, თუ ამაზე ზრუნვას სკოლებიდან დავიწყებთ. მართალია, ბავშვები საპროგრამო მასალით და ზოგჯერ კლასგარეშე წიგნებითაც ეცნობიან ქართველი მწერლების ლექსებს, მოთხრობებს თუ სხვა სახის ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მაგრამ ეს არ კმარა. საჭიროა მეტი - „ცოცხალი შეხვედრები"; სკოლებში სტუმრობა, საუბრები მომავალ თაობას მეტ სიყვარულსა და ინტერესს გაუჩენს ლიტერატურისადმი.

 

მე, როგორც შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სურვილი მაქვს განვახორციელო პროექტი „ოციანელები", რომლის მიზანია ჩვენს რეგიონის სკოლებში ლიტერატურული კლუბების შექმნა, რომლებშიც ის მოსწავლეები გაერთიანდებიან, ვინც ოცდამეერთე საუკუნის ოციანი წლებიდან გამოვლენ ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე, ასევე სასურველი იქნება ისეთი ჟურნალის ან თუნდაც გაზეთის დაარსება, სადაც სისტემატურად დაიბეჭდება მათი შემოქმედებითი ნაღვაწი. აღნიშნულ პროექტში ჩართული ბავშვები კიდევ უფრო დაახლოვდებიან ერთმანეთთან, იქნებიან მუდმივად ჩვენს თვალსაწიერში. მოეწყობა მათთვის ლიტერატურული საღამოები, ჩატარდება საჯარო ლექციები. მჯერა, ასეულობით ბავშვი გაერთიანდება ამ პროექტში, ისინიც, ვინც წერენ და ისინიც, ვისაც ლიტერატურა უყვარს. მათი წახალისებით, მუდმივად ზრუნვით, შემოქმედებითი ნიჭის რეალიზებით, წლების მერე საუკეთესო ნაყოფს მივიღებთ.

 

მაგრამ მარტო მწერლობა ვერაფერს გააწყობს თუ საზოგადოება არ იქნება ერთსულოვანი. მთავარია დავუდგეთ ერთმანეთის გვერდით, შევძლოთ თითოეულ სკოლამდე მისვლა, უნდა მივცეთ საშუალება იმ ღვთისგან ბოძებული ნიჭის  განვითარებას, რომელიც მომავალ თაობაშია.

 

ჩვენ უნდა გავყვეთ ილიას გზას, ხსნისა და ახალი გამარჯვებების გზას.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 205 times