Back to Top
პარასკევი, 14 თებერვალი 2020 13:58

შრომისმოყვარეობა + საქმის სიყვარული + რისკი

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ჯუნა შიუკაშვილი

 

სილამაზის სფეროში ბიზნესის დაწყება ამ დარგის სიყვარულმა გადამაწყვეტინა. საკუთარი სალონის გახსნამდე კოსმეტოლოგად ვმუშაობდი 15 წელზე მეტი. ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორი საკუთარი სალონის გახსნისა, საქმის სიყვარულთან ერთად, ჩემი პაციენტების სიმრავლე იყო, თუმცა ყველაზე დიდი როლი ითამაშა სურვილმა, რომ შემექმნა მეტი სამუშაო ადგილი გორელი ქალბატონებისთვის. დღეისთვის ჩვენს ფილიალებში 60-მდე ქალბატონია დასაქმებული, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს კი შეუძლია 40-მდე დასახელების პროცედურით ისარგებლოს.


ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

2013 წლის 10 ივნისს გავხსენი პირველი ფილიალი. ფართი ტრადიციულად ბანკის დახმარებით შევიძინე, მოვაწესრიგე და მუშაობა დავიწყე სამი თანამშრომლით. ცოტა ხანში შევხედე, რომ ეს ფართი არ გვყოფნიდა და ორი წლის შემდეგ უკვე მეორე ფილიალი გავხსენი, სადაც 15 ადამიანი დავასაქმე. ეს ფართიც ბანკის დახმარებით შევიძინე. ასევე იყო მესამე ფილიალის გახსნის ამბავიც - ისევ გადაივსო ჩვენი ორივე სალონი, გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა, მოთხოვნები, ისევ არ გვყოფნიდა ფართი და სტალინის 2-ში გავაკეთე მესამე ფილიალი, ეს ფართი სამწუხაროდ ჩემი საკუთრება არ არის და ქირის გადახდა მიწევს, მაგრამ ამის გამო ხელს ვერ შევიშლიდი, ბიზნენსს განვითარება ჭირდებოდა და ეს გავაკეთე.


ბიზნესის განვითარების გზაზე, რა თქმა უნდა, სირთულეები ბევრი იყო, მაგრამ მთავარია საქმის სიყვარული და პროფესიონალი და შრომისმოყვარე ადამიანების თავმოყრა. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი მყავს და ვამაყობ, რომ დიდი შრომის და დღე-ღამის გასწორების ხარჯზე, ყველაფერს კარგად ვართმევთ თავს.


ჩვენი სალონები არ არის გათვლილი მხოლოდ პროცედურის ჩატარებაზე. ჩვენთან შესაძლებელია ამ ყველა პროცედურის შესწავლა პროფესიონალურ დონეზე. "თეორიას პლიუს პრაქტიკა" - ეს ფორმულა ჩვენს მოსწავლეებს ძალიან ეხმარება საკუთარი კარიერის აწყობაში.

 


აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საუკეთესო მოსწავლეები ისევ ჩვენს ფილიალებში საქმდებიან და დღეს ჩემი გუნდის 60%-ს ჩემი გამოზრდილი მოსწავლეები შეადგენენ. ეს განვითარების უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს მეც და ჩვენს ახალ მოსწავლეებსაც, რომლებიც დღითიდღე მრავლდებიან. გარდა ამისა სხვა ქალაქებშიც და მათ შორის გორის სხვა სალონებშიც აგრძელებენ კარიერას ჩვენი კურსდამთავრებულები.


მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სამ ფილიალს ვმართავ, საკუთარ პროფესიას მაინც არ ვღალატობ, პირიქით უფრო მეტი შემართებით ვაგრძელებ საქმიანობას კოსმეტოლოგიის სფეროშიც. ჩემმა მომხმარებლებმა კარგად იციან, როგორ მიყვარს ისინი. განსაკუთრებით ის ფაქტი მახარებს, რომ ჩემი მომხმარებლების დიდი ნაწილი აგერ უკვე 15 წელზე მეტია რაც ჩემი ერთგულები არიან. ეს სტიმულს მაძლევს ფეხი ავუწყო თანამედროვე ტენდენციებს და შევთავაზო მათ ყველა ის პროცედურა, რაც მათ სილამაზეს კიდევ უფრო გამოკვეთს და გამოააშკარავებს. ალბათ ამ ყველაფრის გამო და რეგიონში სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში შეტანილი წვლილისთვის 2019 წლის 25 დეკემბერს დამაჯილდოვა ბორდმა "პერსონა 2019" წლის ტიტულით, რამაც პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მომმატა.


შრომისმოყვარეობა პლიუს საკუთარი საქმის სიყვარული და პლიუს რისკი, ასე შევაფასებდი ჩემს გზას წარმატებისკენ.


"მე წინ მივდივარ და არასდროს ვიტოვებ უკან დასაბრუნებელ გზას", -  ვამბობ ყოველთვის და ამ დევიზით ვმუშაობ დღემდე.


ვფიქრობ, რომ თუკი ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს ირწმუნებს, ის პირველ და დიდ ნაბიჯს გადადგამს წარმატებისკენ. შემდგომი ნაბიჯები კი აუცილებლად უნდა იყოს შრომისმოყვარეობა და საქმის სიყვარული.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

 

 

Read 424 times