Back to Top
სამშაბათი, 18 თებერვალი 2020 13:21

ხელსაქმე, როგორც თერაპია

Written by
Rate this item
(0 votes)

ადამიანების უმრავლესობა თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ინტერნეტში ატარებს - კითხულობს სტატიებს, სქროლავს სოციალურ ქსელებს ან ადამიანებთან საუბრობს. ნელ-ნელა ინტერნეტის მოხმარება ანაცვლებს იმ საქმეებს, რითიც თავებს ადამიანები ძველად ირთობდნენ.

"არადა, ხელსაქმე თერაპიული კურსის ტოლფასია", - ამბობს მარიამ თედლიაშვილი, რომელიც თავისუფალ დროს ქსოვს, ქარგავს და სხვადასხვა სახის ნივთებს ამზადებს. 

 

მარიამი კარალეთში ცხოვრობს. 90-იან წლებში ნასწავლ ხელსაქმეს ორსულობის პერიოდში მიუბრუნდა და აღმოაჩინა, რომ ქსოვა და ქარგვა არამარტო საქმე, არამედ განტვირთვის საშუალებაცაა.

 

"ორსულობამ მომცა რაღაც პერიოდში თავისუფალი დრო სამსახურიდან, თურქეთში მცირე ხნით ცხოვრებისას გადავწყვიტე ხელსაქმის კურსებზე სიარული და პირველი ნივთები, რომელიც შევქმენი 2015 წელს სწორედ ამ კურსს უკავშირდება. შემდეგ უკვე ვცადე დამოუკიდებლად მეცადა, ინტერნეტის დახმარებით, ბევრი საინტერესო ტექნიკა აღმოვაჩინე, თუმცა ჩემი გატაცება და ხელსაქმე მაინც აბრეშუმის ლენტებით ქარგვას უკავშირდება“, - ამბობს მარიამი.

 

 

ის ამბობს, რომ ქსოვა და ქარგვა ხსნის დაღლილობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას.

 

“ეს ის საქმეა, რომელიც დაღლილობას მიხსნის და დიდ სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა ყოველდღე მაინც ვერ ვუთმობ დროს. ძირითადად, ზამთრის პერიოდში და დასვენების დღეებში ვაკეთებ“, - ამბობს მარიამი.

 

 

მარიამი ნივთებს სხვადასხვა ქსოვილისგან და მძივებისგან ქმნის. ამბობს, რომ წინასწარ არასდროს იცის, როგოი იქნება ნამუშევარი და ხელნაკეთ ნივთს ექსპრომტად მოსული შთაგონებით აძლევს საბოლოო სახეს.

 

„მასალად გამოიყენება სპეციალური ნემსები, ატლასის ლენტები,საღებავები ფონის შესაქმნელად, მძივი, ბისერი, ძაფი, რომლის შეძენა დღეს უკვე რთული აღარაა და არჩევანიც, წინა პერიოდთან შედარებით, ბევრად მრავალფეროვანია", - გვიხსნის მარიამი.

 

მას პერსონალური გამოფენა ჯერ არ ჰქონია.

 

„სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2018 წლის15 ოქტომბერს კარალეთში რამდენიმე ქალმა მოვაწყვეთ გამოფენა პროექტის ფარგლებში, საზოგადოებაში გამოფენამ მოწონება დაიმსახურა. 2019 წლის ოქტომბერში"გორის დღესთან" დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენი კუთხე გატანილი გორში. მიხარია, რომ ჩემთან ერთად სოფელში რამდენიმე ქალი კიდევ არის დაკავებული ხელნაკეთი ნივთების შექმნით, ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებებს“, - ამბობს მარიამი.

 

Read 320 times Last modified on ოთხშაბათი, 19 თებერვალი 2020 15:19