Back to Top
სამშაბათი, 18 თებერვალი 2020 16:46

ჯარისკაცი, სპორტსმენი და ფერმერი - გიორგი ბოჭორიშვილის წარმატების ისტორია

Written by
Rate this item
(1 Vote)

წარმატებული ჯარისკაცი, „პატრიოტი ფერმერი“, ჩემპიონი კრივში, ვაშინგტონის და შოტლანდიის მარათონების მონაწილე; პრინცი ჰარის მიერ ორგანიზებული შეჯიბრების ვიცე ჩემპიონი - ეს მისი მიღწევების არასრული ჩამონათვალია. გიორგი ბოჭორიშვილი მე-15 წელია ქვეყნის სამსახურშია. 2008 წლის ომის დროს, 20 წლის იყო.

 

„ახლა 32 წლის ვარ, 2006 წლიდან ჯარისკაცი ვარ. 2008 წელი ძალიან მძიმე და რთული წელი იყო ჩემთვის. პატარა ვიყავი მაშინ და ვერც კი წარმომედგინა, რომ რეალურ ომში ვიყავი. დავკარგე ბევრი მეგობარი, რომელთან ერთადაც მივედი ჯარში და ერთად გვეძინა და ვჭამდით. ეს დიდი დანაკარგი იყო ჩემთვის, როგორც 20 წლის ბიჭისთვის“, - ამბობს გიორგი.

 

2008 წლის ომის შემდეგ, იგი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში წავიდა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს, ბოჭორიშვილი დაიჭრა და დროებით, მოუწია ჯარისკაცის ფორმა დაეთმო.

 

 

 

„ჰერმანის პროცინვიაში, სოფლების წმენდის დროს გასული ვიყავი პატრულირებაზე. მეთაურის დაცვაში ვიყავი. საღამოს, დაბანაკების დროს  , ცეცხლი გაგვიხსნეს. ალყაში მოვყევით და ამ დროს დამჭრეს ფეხში. თვალი რომ გავახილე, მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ფეხი არ დამეკარგა და ისევ გამეგრძელებინა ჩემი ქვეყნის სამსახური, თუმცა სამწუხაროდ, დროებით მომიწია ფორმის გახდა. გერმანიაში 10 ოპერაცია გამიკეთეს“, - იხსენებს გიორგი.

 

2015 წელს, გიორგი თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნა ფრენბურთის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად. მან იქ გამარჯვება მოიპოვა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენმა დააჯილდოვა.

 

„კალიფორნიში რომ გავიმარჯვე, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამაჯილდოვა ღირსების მედლით სპორტის დღესთან დაკავშირებით და საუკეთესო სპორტსმენად დამასახელა“.

 

 

გიორგი პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ მარათონებში იღებს მონაწილეობას.

 

„2019 წელს შოტლანდიაში მივიღე მონაწილეობა მარათონში, სადაც ოქროს მედალი ავიღე. გავიარე 86 კმ რთულ რელიეფზე. ასევე ვაშინგტონის მარათონებზე დავბივარ და ნარბენი მაქვს 3-ჯერ 42 კმ-იანი მარათონები. ასევე ვარ ძლიერთა თამაშების ვიცე ჩემპიონი, რომელიც პრინცი ჰარის ინიციატივით იმართება. შეიარაღებული ძალებიდან, ჯერჯერობით მე ვარ ყველაზე ტიტულოვანი ამ ძლიერთა თამაშებში, რომელიც სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებებს გულისხმობს“.

 

ჯარის და სპორტის პარალელურად, გიორგი ბოჭორიშვილი ფერმერობასაც მისდევს. მას სოფელ არაშენდაში აქვს გაშენებული ბაღები. იგი ფერმერთა სათათბიროს წევრია და 2018 წელს „პატრიოტი ფერმერის“ ტიტულიც დაიმსახურა.

 

„ბაღებში მომყავს თითქმის ყველაფერი და წელს უფრო ვაფართოვებ ჩემს მეურნეობას. უკვე დავიწყე მზადება. ფერმერობაში გვერდით მიდგანან ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც უფრო მამხნევებენ და მაიმედებენ“, - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.

 

გიორგის სამომავლო გეგმები კვლავ ქვეყნის სამსახურს, სპორტს და სოფლის მეურნეობას უკავშირდება. ამჟამად, სურს, რომ ინგლისური ენა უკეთ შეისწავლოს და სწორედ ამიტომ ბრიტანულ ცენტრში გადის სპეციალურ გაკვეთილებს.

 

Read 440 times Last modified on სამშაბათი, 18 თებერვალი 2020 17:04