Back to Top
ოთხშაბათი, 19 თებერვალი 2020 12:41

გორიდან ლაგოდეხამდე და ერთი შეკითხვა ყველა ახალგაზრდას

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გიორგი ედიშერაშვილი

 

როგორც წესი ჩემს გადაწყვეტილებებს, ცხოვრება გავაგრძელო სხვა ურბანულ სივრცეში, ახლო გარემოცვა (სამეგობრო, ოჯახი) ყოველთვის სკეპტიკურად აფასებს. არადა, ბოლო ათწლიანი ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა ახალ კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესი.

 

დღევანდელი ბლოგი ახალგაზრდულ საკითხებს და ამ მიმართულებით ჩემს ბოლდროინდელ გამოცდილებას შეეხება. ინტერაქტიულობისთვის, ბლოგის დასასრულ ახალგაზრდა მკითხველს ერთ შეკითხვასაც დავუსვამ, რომელზე პასუხსაც დიდი ინტერესით დაველოდები.

 

სანამ ახალგაზრდებზე ლაპარაკს დავიწყებ, თავის შეწყენის გარეშე, მოკლედ გაგაცნობთ გორიდან ლაგოდეხში გადაბარგების ისტორიას.

 

ორი წელია, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ვცხოვრობ. ლაგოდეხამდე იყო შიდა ქართლი, ჩემი მშობლიური რეგიონი და გუბერნატორის ადმინისტრაცია, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე და სამუშაოდ ლაგოდეხში, ჩემთვის იმ პერიოდისთვის სრულიად უცხო მხარეში წამოვედი.

 

 

თითქმის ერთი წელიწადი დამჭირდა, გამეცნო ლაგოდეხის სრულიად ეკლექტური საზოგადოება. ეთნიკური და კუთხური სიჭრელით გამორჩეული მუნიციპალიტეტი იმდენად საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა, დღეს, ორი წლის თავზე, ვეღარც კი წარმომიდგენია ამ კუთხის გარეშე ცხოვრება.

 

ლაგოდეხში უკვე იუმორის თემადაა ქცეული ჩემი ამ საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხარისხი. ხშირია მომენტი, როცა ორ ადგილობრივს ერთმანეთს ვაცნობ. უფრო მეტიც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემი საქმიანობა სხვადსხვა თემში მცხოვრები ადგილობრივი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირებას ეხება.

 

ლაგოდეხის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა შემოქმედებითმა თავისუფლებამაც განაპირობა. ხელს არავინ მიშლის ჩემი რესურსი გამოვიყენო იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად იგრძნობა.

 

ერთ წელზე მეტია, თითქმის ყოველ დღე ვმუშაობ იმისთვის, რომ ხვალ, როცა მე ამ შესანიშნავ საზოგადოებას დავტოვებ და ბედის საძიებლად სხვა დასახლებას მივადგები, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დამოუკიდებლად შეძლონ ჯანსაღი პოლიტიკური, კულტურული და საზოგადოებრივი კლიმატის შექმნა.

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით (67 სოფელი + ქ.ლაგოდეხი) შევხვდით ადგილობრივ ახალგაზრდებს; შევისწავლეთ მათი პრობლემები და ინტერესები; განვსაზღვრეთ სამოქმედო გეგმა და დავიწყეთ მათი ინტერესების შესაბამისი პროგრამების შემუშავება. 2019 წელს, 50-ზე მეტი ტრენინგი, კონფერენცია, სამუშაო შეხვედრა და აქტივობა ჩატარდა ახალგაზრდების დაახლოვების, მათი პროფესიული გადამზადების, სხვადსხვა საკითხზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

 

 

რაც მეტად უახლოვდები და სწავლობ ახალგაზრდების საჭიროებებს, გაცილებით მეტ გამოწვევას ხედავ, რომელიც სულ გაფიქრებს და ცოტაოდენი სინდისიც თუ გაგაჩნია, საკუთარ თავს ერთი წამითაც არ აძლევ იმის უფლებას, რომ შაბათ - კვირა დაისვენო, 6 საათზე სახლში წახვიდე, თვეში ერთხელ მშობლები მოინახულო, ხშირად იმოგზაურო. ცდილობ შენი კონტაქტები, დროის და ინტელექტუალური რესურსი, ამ ხალხზე ზრუნვას, ფიქრს, მათ საჭიროებებზე მუშაობას მოახმარო.

 

მართლა არ გვაქვს თანამდებობების სრულად ვერგამოყენების ფუფუნება. ჩვენი პოზიციების ბოლომდე ამოწურვის შემთხვევაშიც კი, ძალიან გაგვიჭირდება მომდევნო ათწლეულებში ახალგაზრდეული პოლიტიკის მიმართულებით საშუალო დონის ევროპულ ქვეყნებთან მიახლოვება. ამდენად, გათმაგებული ძალისხმევაა საჭირო ახალგაზრდულ პოლიტიკას პულსი რომ გაესინჯოს.

 

დღეს, ლაგოდეხში ხშირად შეხვდებით ახალგაზრდებს, რომელთაც კარგად აქვთ გაცნობიერებული მონაწილეობითი დემოკრატიის პრინციპები, თვითმმართველობის არსი, არჩევნების მნიშვნელობა, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა და სხვა. ამის მიუხედავად, მთავარ გამოწვევად ამ ცოდნის საზოგადოებრივ აქტივრობებში გამოყენება ითვლება.

 

თუმცა ბოლო დროს ამ მიმართულებითაც გაუჩნდა ყინულს ბზარები.

 

ორი კვირის წინ, ერთწლიანი ინტენსიური საქმიანობის პირველი შედეგებიც მოვიმკეთ.

 

სხვადსხვა სკოლის ათამდე მოსწავლემ დამოუკიდებლად ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა. გადაინაწილეს როლები, დამოუკიდებლად შეარჩიეს თემა, მოიწვიეს სტუმარი, გააკეთეს ანონსი, სტუმრებს გააცნეს საკუთარი თვალსაზრისი და მოწვეული სპიკერის გამოსვლის შემდეგ ფასილიტაცია გაუწიეს დისკუსიას. ღონისძიების მსვლელობისას ჩემმა სახელმაც გაიჟღერა: ახალგაზრდებმა მადლობა გადამიხადეს მხარდაჭერისთვის, რასაც დარბაზის აბლოდისმენტები და ოვაციები მოყვა.

 

 

ახალგაზრდების თვითორგანიზებით გამართული ეს ღონისძიება გადამდები აღმოჩნდა სხვებისთვის, რომლებმაც ამჯერად პროფესიული განათლების საკითხებზე ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ აუდიტორიასთან.

 

შიდა კონკურენციამ თავისი ქნა და ახლა კიდევ ერთი ჯგუფი აორგანიზებს აქტივობას სტარტაპების და ინოვაციების შესახებ.

 

გასული წლის ზაფხული ერთობ საინტერესო გამოდგა. ლაგოდეხში საფუძველი ჩავუყარეთ ცნობილ ამერიკულ ეკოსაგანმანათლებლო პროგრამას ,,ახალგაზრდა რეინჯერი“. პროგრამაში მონაწილეობა ასზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო.

 

ნორჩი  ეკოაქტივისტები ჯერ რეინჯერის ფუნქცია-მოვალეობებს სწავლობდნენ, შემდეგ უფროს რეინჯერებთან ერთად ოთხი საათის განმავლობაში ველურ ბუნებაში გადიოდნენ და ადგილზე იმეორებდნენ რეინჯერისთვის ჩვეულ გარემოსდაცვით მოქმედებებს.

 

ჩემი რეკომენდაციაა, ყველა ახალზრდულმა ცენტრმა, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ, აქცენტი გააკეთოს არა ერთჯერად აქტივობებზე, რომელსაც როგორც წესი არ გააჩნია გრძელვადიანი შედეგი და მხოლოდ ბიუჯეტის გახარჯვას ემსახურება, არამედ იფიქრონ, როგორ უზრუნველყონ  ახალგაზრდების მონაწილეობაზე დაფუძნებული პლატფორმების შექმნა. სამწუხაროდ, ახალგაზრდები დღეს საერთოდ არ მონაწილეობენ თვითმმართველობის ცხოვრებაში. ის შედეგები რასაც  ლაგოდეხში ერთწლიანი 24/7-ზე მუშაობით მივაღწიეთ, არა ინსტიტუციური მიღწევა, არამედ პირადი მოტივაციაა,  ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ადგილობრივ საზოგადოებაში დაიწყონ ჯანსაღი პროცესების ფორმირება.

 

გორის მუნიციპალიტეტს საქართველოს პარლამენტში ორი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. შესაბამისად მათ, ადგილზე დეპუტატის ორი ბიურო და სავარაუდოდ ათამდე თანამშრომელი ჰყავთ, რაც მერწმუნეთ, უდიდესი რესურსია ძალიან ბევრი კარგი და პროდუქტიული საქმის კეთებისთვის.

 

და ბოლოს, დაპირებული ერთი შეკითხვა ამ ბლოგის ახალგაზრდა მკითხველებს: არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული, ახალგაზრდების მონაწილეობითი დონეები, რომელიც ასე გამოიყურება:

 

1. მანიპულაცია

2. დეკორაცია

3. სიმბოლიზმი

4. ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართვა

5. კონსულტაცია და ინფორმირება

6. უფროსების ინიციატივა და გადაწყვეტილების მიღება ახალგაზრდებთან ერთად

7. ახალგაზრდების ინიციატივა და ამ ინიციატივის მათ მიერვე მართვა

8. ახალგაზრდების ინიციატივა და გადაწყვეტილების მიღება უფროსებთან ერთად

 

ბოლო ორი საფეხური წარმოადგენს ახალგაზრდების მონაწილეობის ყველაზე მაღალ დონეს.

 

დაწერეთ კომენტარებში,  თქვენს მუნიციპალიტეტში ან თემში, ჩამოთვლილთაგან მონაწილეობის რომელ საფეხურზე იმყოფებით?

Read 298 times Last modified on ოთხშაბათი, 19 თებერვალი 2020 13:00