Back to Top
ხუთშაბათი, 05 მარტი 2020 19:23

ბადრი ხუციშვილის ისტორია, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაჭრილებს სახლში უვლიდა

Written by
Rate this item
(0 votes)

ბადრი ხუციშვილი 1968 წლის 20 იანვარს, სოფელ შინდისში დაიბადა.

1990 წლიდან დღემდე მუშაობს ენერგო-პრო-ჯორჯიაში. შინდისის ქვესადგურის ოპერატიული მორიგეა. სისტემა, რომელიც მას აბარია, 14 სოფლის დაახლოებით15 000 აბონენტს ემსახურება.

 

ბადრი ხუციშვილი, ზედმეტსახელად ახმეტა , 2019 წელს გორის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს 2008 წლის ომში გამოჩენილი თავდადებისთვის. მან ომის დროს მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუნარჩუნა, შემდეგ კი, დაჭრილებს საკუთარი სახლის სარდაფში უვლიდა.

 

„2008 წლის აგვისტოს ომში მებარა 2 ქვესადგური: შინდისის და ვარიანის. 11 აგვისტოს, დაბომბვის შედეგად ჩამოწყდა 10-იანი ხაზი. შუქი გამოირთო 5 სოფელში და დაახლოებით 11-ს ნახევარზე დისპეჩერმა მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი ვარიანში და აღმედგინა ყველაფერი. მივედი, ჩავრთე და აღვადგინე ელექტროენერგიის მიწოდება, იყო დაახლოებით 12 საათი. ამ დღეს 4-ს ნახევარზე შემოვიდა რუსის ჯარი“

 

 

 

ბადრი ხუციშვილს ის წუთებიც ახსოვს, როცა შინდისის გმირები დაიხოცნენ.

 

„5-ს ნახევარზე რომ დაგვიხოცეს შინდისის გმირები, მას შემდეგ შუქი აღარ ყოფილა. 4 საათი ხდებოდა რომ ვიგრძენი შემზარავი ხმა - მძიმე ტექნიკის ხმა. გორისკენ მიდიოდა რუსის ჯარი. შეწყდა კოლონა და თურმე მოდიოდა სენაკის მეორე საინჟინრო ბრიგადა ყელქცეულის მხრიდან ამათ ჩაუსაფრდნენ . ერთი ათად იბრძოლეს“

 

სროლის დაწყების შემდეგ უბანში შემორჩენილები მან თავის სარდაფში ჩაიყვანა, მოგვიანებით კი, სოფელს გაარიდა. როცა უკან ბრუნდებოდა, ბადრიმ და თავისმა მეგობარმა შორიდანვე შენიშნეს, რომ რაღაც მოხდა.

 

„გადმოვხტით ჩუმად და პირველი დაჭრილი ჩიტიძე შევაფარეთ შედარებით უსაფრთხო ტერიტორიას, შემდეგ კი, ჩემს სახლში მივიყვანეთ, აქ იყო ძირითადად პირველადი დახმარება.2 დაჭრილი კიდე მეორე დღეს გადავიყვანეთ, კიდევ 2 კი, მესამე დღეს"

 

სიტუაცია, რომ ჩაწყნარდა ენერგო-პრო-ჯორჯიას დაზიანებების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. რის შემდეგაც, კომპანიის წარმომადგენლებმა დაზიანებული სადენების შეკეთება დაიწყეს.

 

11 წლის შემდეგ, ბადრი ხუციშვილი გორის საპატიო მოქალაქე გახდა.

Read 254 times