Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 09 მარტი 2020 17:53

„ჩემნაირი ადამიანის დასაქმების შანსი თითქმის არ არსებობს„

Written by
Rate this item
(0 votes)

გ.ლ 19 წლის არის. სტუდენტია. სწავლის პარალელურად ერთ მუშაობა გადაწყვიტა, რა დროსაც არაერთ პრობლემას შეხვდა. იგი ერთ-ერთი გასაუბრების დეტალებს რადიო „მოზაიკასთან“ იხსენებს.


„სტუდენტისთვის ისედაც არ არის დასაქმების ბაზარი მრავალფეროვანი. აბსოლიტურად, გასაგებია, რომ გამოუცდელი კადრი სერიოზულ სამსახურში არ სჭირდებათ, ამიტომ თავდაპირველად, დავიწყე კონსულტანტის პოზიციაზე სამსახურის ძებნა. ერთ-ერთ სუპერმარკეტში მივედი გასაუბრებაზე. 300 ლარამდე იყო ხელფასი, დიდად სახარბიელო პირობები არც ყოფილა, თუმცა საიდანმე უნდა დამეწყო, ამიტომ დავინტერესდი ვაკანსიით და მივედი. მაღაზიის მენეჯერი გამესაუბრა, რომელმაც პირდაპირ მითხრა, რომ სასიამოვნო გარეგნობის და შესაბამისი ხმის მქონე კადრი სჭირდებოდათ, რადგან მომსახურების სფეროში ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.


გ.ლ საკუთარი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს, რადგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისაა. სამსახურში არ მიღების მიზეზს, თავად სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.


„სექსუალური ორიენტაცია შუბლზე არ მაწერია, თუმცა დამსაქმებლისთვის საკმარისი აღმოჩნდა ჩემი სპეციფიური ხმის ტემბრი და ჩაცმის განსხვავებული სტილი - მიყვარს ფერადი რაღაცების ჩაცმა. ვერ ვიტყვი, რომ ფემინური ქცევები მაქვს, თუმცა აღნაგობით ძალიან გამხდარი ვარ და ნაკლებად ვჯდები საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებში, რომელიც მათ „კაცური კაცის“ მიმართ აქვთ“.


გ.ლ თვლის, რომ მისთვის დასაქმება რთული იქნება და საკუთარ თავშიც მოუწევს რაღაცების შეცვლა, იმისათვის, რომ დამსაქმებლისთვის სასურველი გახდეს.


„სამწუხაროა, როდესაც არა შენი შესაძლებლობებით, არამედ ვიზუალით და რაიმე ისეთი ნიშნით გარჩევენ, რომელიც იმ კონკრეტულ სამსახურს არც კი, სჭირდება. მესმის, რომ მოდელი უნდა იყოს შესაბამისი პარამეტრების, მაგრამ როცა 300 ლარიან სამსახურში ხმის და აღნაგობის გამო გიწუნებენ, ძალიან რთულია უკეთესზე ფიქრი“.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ გ.ლ-ს შეეძლო მიემართა სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტისთვის, რომელიც ამ ამბავს შეისწავლიდა და დაადგენდა ჰქონდა თუ არა ადგილი დისკრიმინაციას.


„ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, დამსაქმებელს არ აქვს მტკიცების მოვალეობა, თუ რატომ არ აიყვანა კადრი სამსახურში, გარდა საჯარო სამსახურისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამსაქმებელს აქვს სრული თავისუფლება გამოიჩინოს დისკრიმინაციული დამოკიდებულება. ძალიან ბევრი საკითხი და ნიუანსია, რომელიც ერთობლიობაში უნდა იქნეს გადაწყვეტილი, გარდა იმისა, რომ მე მრჩება მოქალაქეს შთაბეჭდილება, რომ ამა თუ იმ ნიშნით მოხდა ჩემთვის უარის თქმა დასაქმებასთან დაკავშირებით. თქვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო იყო დისკრიმინირებული, თუმცა მისი მონაყოლიდან გამომდინარე, შესაძლოა ვიმსჯელოთ გარეგნობის ნიშნით ან საუბრის განსხვავებული ტემბრის მანერის გამო დისკრიმინაციაზე", - აღნიშნავს ქეთი ბებიაშვილი.

Read 437 times Last modified on ორშაბათი, 09 მარტი 2020 17:56