Back to Top
შაბათი, 16 მაისი 2020 14:00

გორელი გოგონა, რომელიც პანდემიის დროს გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა

Written by
Rate this item
(0 votes)

მარი მელაძე 28 წლის მოხალისეა, რომელიც პანდემიის პერიოდში უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდა.

 

მარიმ საქველმოქმედო კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც მეზობლის საუბარს შეესწრო - ქალი წუხდა, რომ მისი ოჯახი პურის ფულის გარეშე დარჩებოდა. 

 

“პანდემიის პერიოდში ერთ-ერთმა ჩემმა უბნელმა მითხრა, რომ ალბათ, უახლოეს პერიოდში პურის ყიდვასაც ვეღარ შეძლებდა. ამ სიტყვების მოსმენამ ძალიან იმოქმედა ჩემზე და გადავწყვიტე, რამენაირად, ჩემს უბანში, კომბინატში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახებს მცირედით მაინც დავხმარებოდი", - გვიყვება მარი. 

 

ის თავდაპურველად საცხობებს დაუკავშირდა და ასეთი ოჯახების შესახბ უამბო. რამდენიმე თონის მფლობელმა მაშინვე გამოხატა გაჭირვებული ადამიანების დახმარების სურვილი. 

 

 

“დავუკავშირდი უბანში არსებულ საცხობების მეპატრონეებს, რომ მათ უსასყიდლოდ გაეცათ გაჭირვებული ოჯახებისთვის პური, რა თქმა უნდა, სიხარულით დამთანხმდნენ. ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდი, რადგან ტრანსპორტირება მესაჭიროებოდა პურის დასარიგებლად. მოგეხსენებათ იყვნენ ხანდაზმულებიც, რომლებსაც გარეთ გამოსვლაც ეკრძალებოდათ. მუნიციპალიტეტის ტრანსპორტი ერთგულად გვემსახურებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - ისხენებს მარი. 

 

დასახმარებელი ოჯახების რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა.


“პირველ დღეს 35 ოჯახზე დავარიგეთ პური. ხოლო მეორე დღიდანვე 45 ოჯახამდე გაიზარდა ეს რიცხვი. შემდეგ უფრო ბევრი იყო ისეთი ოჯახები, ვისაც დახმარება ესაჭიროებოდა. პურის დარიგებაში ჩემი მეგობარი, მარიამ ახვლედიანი მეხმარებოდა. სრულიად უანგაროდ დამიდგა გვერდში და ერთად გავაკეთეთ კეთილი საქმე“, - აღნიშნა მარიმ.

 

მარი და მისი მეგობარი გაჭირვებულ ოჯახებს სააღდგომოდაც დაეხმარნენ, სხვადასხვა კომპანიების დახმარებით სააღდგომო კალათი 50 ოჯახს გადასცეს.


“მე და მარიამი უკვე ერთობლივი გადაწყვეტილებით დავუკავშირდით სხვადასხვა კომპანიებს, რომ სააღდგომო კალათის შევსებაში დაგვხმარებოდნენ. სააღდგომოდ 50 ოჯახი გავახარეთ. ჩვენი სააღდგომო კალათში კი იყო, პასკა, კვერცხი,ქათამი და ნატურალური წვენი. ამ კალათის შევსებაში სხვადასხვა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა“, - ამბობს მარი მელაძე

 

მარი მელაძე პროფესიით ქორეოგრაფია და კულტურის სახლში სოციალურად დაუცველებს უფასოდ ასწავლის ცეკვას, ასევე, გუბერნიის პროექტის ფარგლებში, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოზარდებს უტარებს ცეკვის გაკვეთილებს.

Read 505 times Last modified on კვირა, 17 მაისი 2020 13:41